ნიკო ნერგაძე („რადიო თავისუფლება“ სპეციალურად ინდიგოსთვის)

 

ხანდახან სიტყვის შერბილება ჯობს – ცუდი სიტყვის ნაკლებად ცუდით შეცვლა. ვატირე, მაგალითად. ან ჯეკის ხსენება. მაგრამ, არა! ამ შემთხვევაში სხვა სიტყვა ადეკვატურად ვერ გადმოსცემს უგულობას, არაფრადჩაგდებას და ფეხზედაკიდებას, რომელსაც მთლიანად ქალაქი იჩენს თავისი მცხოვრებლების მიმართ. მერიან, მუშიან, მძღოლიან, ფეხითმოსიარულეიან, დედიანბუდიანად ყველა ყოველდღიურად გამოხატავს დამოკიდებულებას თბილისელების მიმართ და ეს დამოკიდებულებაა – ერთი მაგათი დედაც მოვტყან!

 

1

აი, სხვა რა შეიძლება დავარქვათ ასეთ ვითარებას: მობაჩუნობ შენთვის ქალაქის ცენტრში, მტვრიან ჰაერს სუნთქავ და უცებ ხედავ, რომ ბალახის მორწყვის ავტომატური სისტემა ჩაირთო. ხომ იცით, რუსთაველსა და მელიქიშვილზე ტროტუარის განაპირას რომ სევდიანი სიმწვანეებია ჩარგული. ოღონდ, ეს მორწყვის სისტემა მარტო ბალახს კი არა, ნახევარ ტროტუარსაც ასველებს. გზაზე განთავსებული მერხებიც ირწყვება ისე, რომ მერე, კიდევ კარგა ხანს ზედ ვერავინ დაჯდება. ეს ერთხელ და ორჯერ კი არა, ყოველდღე ხდება.

თითქოს, მერე რა, ხომ? აუარე გვერდი და გააგრძელე გზა. ქალაქს ბევრი სხვა გაცილებით უარესი პრობლემა აქვს – ხალხს მანქანები ტროტუარებსა და ზებრებზე კლავენ. მაგრამ, ეს დასველებული ტროტუარი უბედურებას კიდევ სხვა კუთხიდან აჩვენებს.

საქმე ისაა, რომ ამის მოგვარებას, სხვა პრობლემებისგან განსხვავებით, საერთოდ არაფერი უდგას წინ. აქ არც ინვესტორს უნდა გაუწიო ანგარიში, არც მძღოლები გააბრაზო, არც არავის კორუფციული ინტერესები ილახება, არც რამე კომპლექსური სისტემის შექმნაა საჭირო... უბრალოდ, ვიღაცამ, ვისაც ეს ეხება, ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ სარწყავი მარტო ბალახს ასველებდეს და არა ნახევარ ქალაქს.

ახლა, რა თქმა უნდა, ამის ავტორი სარწყავი სისტემების სპეციალისტი არ არის და წარმოდგენა არა აქვს, ვინ რას უნდა მოუჭიროს და რა დაარეგულიროს იმისთვის, რომ ეს საქმე მოგვარდეს. თუმცა, არ სჭირდება სამაგისტრო ხარისხი სარწყავ მეცნიერებაში იმის დანახვას, რომ წესიერ ქალაქებს ეს პრობლემა არა აქვთ.

თავს დავდებ, ასე ხდება ხოლმე – ვიღაცამ, ვისაც სარწყავის დარეგულირება ეხება, დაიზარა 2 წუთის დახარჯვა, შეხედა, როგორ სველდება ნახევარი ქუჩა და იფიქრა – ერთი მაგათი დედაც, გვერდზე გადავიდნენ და ისე იარონო. სხვა ვინმემ, ვისაც ამის შემოწმება ეხება, ან იგივე გაიფიქრა, ან, რაც უფრო სავარაუდოა, სულ არ უნახავს, რა ხდება ქუჩაში და მანქანით მივიდა კაბინეტში, სადაც გაიდლაინები ელოდნენ.

 

2

ვთქვათ, ბავშვს ასეირნებ ეტლით და გინდა ოპერიდან ვერის ბაღამდე მიხვიდე. „ბილტმორს“ გასცდი და მოტიტვლებულ რესპუბლიკის მოედანს მიუახლოვდი. ამ დროს, რას ხედავ – „სმარტის“ წინ მუშები რაღაცას აკეთებენ და ე.წ. ბალგარკით ქვას ამუშავებენ. ისმის ბჟჟჟ ბჟჟჟჟ და იქაურობა თეთრი კვამლითაა დაფარული. ამ დროს, ან უკან უნდა გაბრუნდე, ოპერასთან მიწისქვეშ გადახვიდე და გზა 10 წუთით და ორი მიწისქვეშა გადასასვლელით დაიგრძელო, სადაც ბავშვიანი ეტლი ხელით უნდა ჩაიტანო და ამოიტანო კიბეებზე, ან თეთრ ბუღში გააგრძელო გზა და გზადაგზა ილოცო, რომ ამ ბუღში გავლით ბავშვს კიბო არ დამართო.

სარწყავი სისტემებისა არ იყოს, ავტორი არც სამშენებლო კვამლების ექსპერტი გახლავთ. იცით, სად არიან ამის ექსპერტები? აშშ-ის შრომის დეპარტამენტში. ისინი ათასცხრაასდედააფეთქებულოცდაათიანი წლებიდან ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის სამშენებლო მტვერი იწვევს კიბოს, სასუნთქი გზების დაავადებებს და კიდევ ათას უბედურებას. ეს მტვერი წელიწადში 500 მუშას კლავს.

არადა, თბილისში ისე ვერ გაივლი, რომ „ბალგარკის“ ეს საშინელი ხმა არ გაიგო და სიკვდილის თეთრი ბუღი არ დაინახო. არც უშუალოდ ბუღში გავლაა საჭირო იმისთვის, რომ დაავადების რისკი გაიზარდოს – პირიქით, ყველაზე ოხერი ის მტვერია, რომელსაც თვალით ვერ ხედავ – ის გამჭვირვალეა, მიკროსკოპულ შუშის ნატეხს წააგავს და ფილტვის სიღრმეებში გროვდება. ჩაისუნთქავ პატარა, საზიზღარ, თვალისთვის უჩინარ მტვერს, რომელიც ახლომახლო ტრიალებს და მერე უცებ ხდები თავზარდამცემი სტატისტიკის ნაწილი, რომლის მიხედვითაც პატარა საქართველო ბევრ ინდუსტრიულ ქვეყანას უსწრებს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რაოდენობაში.

ყველაზე გამაცოფებელი კი ისაა, რომ ამ პრობლემას მარტივი გამოსავალი აქვს. აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ამერიკაში მოქმედ კომპანიებს ავალდებულებს, რომ ქვა ან სველი წესით დაამუშაოს, რაც კანცეროგენულ მტვერს არ უშვებს, ან მისი დამუშავება დაცულ, კარგად განიავებულ და გაფილტრულ საწარმოებში მოხდეს.

მაშ, ჩვენთან რატომ არ არის ასეთი წესი? იმიტომ, რომ ვისაც ეს ეხება, ჩვენზე იმასაც კი არ ფიქრობს – მოკვდნენ, მაგათი დედაც მოვტყანო. არა, ისინი ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ. ამ დროს კი, ჩვენი და ჩვენი შვილების ფილტვებში მიკროსკოპული შუშის ნატეხები გროვდება.

 

3

კინო „რუსთაველის“ გვერდით ბევრი წელია, ტროტუარის ნაცვლად ხის ამომპალი კონსტრუქცია დგას, რომელზეც ალბათ არაერთ ადამიანს უტკენია ფეხი. რომც არაფერი გეტკინოს, სულ მთლად ქალაქის გულია და მახინჯია და რთულად გასავლელი. ოდნავ ქვევით თუ ჩაუყვები, აღმოაჩენ, რომ შუა ტროტუარზე ნაგვის დიდი კონტეინერები დგას, ისე ვერ ჩაუვლი, ნაგვის სუნით რომ არ აყროლდე. მერე ტროტუარი საერთოდ აღარაა, არც მარჯვენა და არც მარცხენა მხარეს. ზემოდან მშენებლობის მტვერი იყრება. მერე კიდევ ტროტუარი ისევ იწყება, მაგრამ გზადაგზა შუაში ბოძებია ამოზრდილი და, ისედაც, ისეთი ვიწროა, რომ კომფორტულად ვერავინ გაივლის. ტროტუარზე ასფალტი ზოგან ამობურცულია და ზოგან ამოტეხილი და ზოგან უაზრო კიბეებია, რომელიც იქ არ უნდა იყოს და მერე ვიღაცის სარდაფია, რომელსაც ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან აქვს შეჭმული საჯარო სივრცე.

ეს ყველა განსხვავებული სიმწვავის პრობლემაა. ზოგი უბრალოდ დისკომფორტს გიქმნის. ზოგი კი გკლავს. საერთო ერთი აქვთ – რაღაც დროს ამ პრობლემის მოგვარება ვისაც ეხება, იმან გვერდზე ჩაიარა და იფიქრა – აიტანენ, ერთი მაგათი დედაც მოვტყანო.

ჰოდა, ვიტანთ. ჩვენი დედა მოტყან.

 

ავტორი :
  • ნიკო ნერგაძე