კალენდარი კულტურული ღონისძიებებით ისეა დახუნძლული, იფიქრებ, რომ საფესტივალო სეზონი აქ არასდროს მთავრდება. თუმცა, თუ ამავე კალენდრის გამო გვეგონა, რომ ზაფხული საქართველოში მხოლოდ ელექტრონულ მუსიკას ეკუთვნის, წელს ვნახავთ, რომ ტრადიცია ირღვევა. 21 ივნისიდან 2 ივლისამდე თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბალეტს 165-წლიანი ტრადიცია აქვს, მსგავსი ღონისძიება ქვეყანაში აქამდე არ მოწყობილა. ახლა კი ბალეტის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე საერთაშორისოდ აღიარებული საბალეტო დასები, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები იხილონ. 12 დღის განმავლობაში 8 წარმოდგენა გაიმართება და საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ: ნიდერლანდების ცეკვის თეატრი, ბერლინის სახელმწიფო ბალეტი, უნგრეთის და პოლონეთის ნაციონალური ბალეტები, ბოსტონის ბალეტი და ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი.

ფესტივალის დეტალებზე ინდიგო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილს ესაუბრა. ნინო ანანიაშვილი ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელიც იქნება.

ინდიგო: როგორ გადაწყდა ფესტივალის გაკეთება და რატომ არასდროს გამართულა მსგავსი რამ საქართველოში?

ნინო: უკვე 12 წელია, თეატრში ვარ და სულ ვფიქრობდით ასეთი ფესტივალის ჩატარებაზე, მაგრამ აქამდე პირობები არ გვქონდა შესაფერისი. მერე თეატრიც დაიკეტა, ასე გადაგვედო რამდენჯერმე. წელს უკვე საბოლოოდ გადავწყვიტეთ, განახლებულ ოპერის თეატრში დავაარსოთ საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცევა.

ინდიგო: რა არის ფესტივალის კონცეფცია და რა დადგმები იქნება წარმოდგენილი წელს?

ნინო: ამ ფესტივალზე ყოველ წელს გვეყოლება ერთი მოპატიჟებული დასი უცხო ქვეყნიდან, წარმოვადგენთ ჩვენს სპექტაკლებს, რომელთაც სეზონის განმავლობაში დავდგამთ და მათში ჩვენს დასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მოწვეული ვარსკვლავები იცეკვებენ.

წელს ასეთი მოწვეული დასი ნიდერლანდების ცეკვის თეატრია, იგივე NDT, რომელიც თბილისში ორ საღამოს გამართავს. NDT უცნობილესი თანამედროვე ქოროგრაფიის დასია, რომელიც კონვეიერივით აწარმოებს უნიჭიერეს ქორეოგრაფებს. მაგალითად, მსოფლიო დონის თანამედროვე ცეკვების ქორეოგრაფი, ირჟი კილიანი, ძალიან დიდხანს იყო NDT-ის ხელმძღვანელი. თავიანთი ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოში პირველად ჩამოდიან პარიზში გასტროლის შემდეგ. ამ საერთაშორისო კონტექსტის ნაწილად ქცევა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რადგან ქართული ბალეტის პოპულარიზაციასთან ერთად, კულტურული ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს. NDT-ის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ინფორმაცია თბილისის ფესტივალის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვისაც უყვარს ეს დასი, შეიძლება ჩვენთან ტურისტების რანგშიც ჩამოჰყვნენ.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პროგრამას, ახლა ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსიას“ აღდგენაზე ვმუშაობთ და ფესტივალზე ამ სპექტაკლსაც წარმოვადგენთ. საპრემიერო წარმოდგენები 21-23-25 ივნისს გაიმართება და მასში ჩვენი დასის მოცეკვავეებთან ერთად მოწვეული ვარსკვლავებიც იცეკვებენ. მათ შორის იქნება ჩვენი ყოფილი სოლისტი – ლაშა ხოზაშვილი – ის ახლა ბოსტონ ბალეტის სოლისტია. ფესტივალზე წარმოვადგენთ „გედების ტბასაც“ და მასში ჩვენებთან ერთად იცეკვებს პოლონეთის ნაციონალური ბალეტის ორი წამყვანი სოლისტი. და ვაჩვენებთ „დონ კიხოტსაც“ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით მოსკოვის დიდი თეატრიდან. ბოლოს, 2 ივლისს, მოეწყობა გალასაღამო, რომელშიც მთელი დასი მიიღებს მონაწილეობას.

ინდიგო: რა იქნება გალაზე წარმოდგენილი? ვიცი, თქვენც უნდა იცეკვოთ. ვინ იქნება თქვენი პარტნიორი?

ნინო: დიახ, ვმუშაობთ „მძინარე მზეთუნახავის“ მესამე მოქმედებაზე, ულამაზესი კოსტიუმებითა და დეკორაციებით. ჩვენს დასთან ერთად მეც ვიცეკვებ და ჩემი პარტნიორი იქნება დიდი თეატრის სოლისტი ალექსანდრ ვოლჩკოვი. ეს დადგმა აპრილში იაპონიაში გვქონდა წაღებული, ახლა კი ფესტივალის მაყურებელს ვაჩვენებთ მესამე მოქმედებას და დავაანონსებთ, რომ შემდეგ სეზონზე სრულ სპექტაკლს „მძინარე მზეთუნახავს“ შევიტანთ რეპერტუარში.

გალაწარმოდგენაზე მაყურებელი ბევრ სხვა ისეთ ნომერსაც ნახავს უცხოელი სტუმრების შესრულებით, რომელიც ჩვენთან არ დადგმულა და სიახლეა. სტუმრებთან ერთად ფესტივალის ფინალში მთელი დასი იცეკვებს.

ინდიგო: თქვენ გსურთ, რომ ფესტივალი ყოველწლიური იყოს. არის ამ ეტაპზე ამის ადამიანური თუ ფინანსური რესურსი თეატრში? რა არის მთავარი გამოწვევა?

ნინო: პირობები უკვე გვაქვს, დასიც მზადაა, უბრალოდ ამ ყველაფერს ფინანსური მხარდაჭერა, წინასწარი მომზადება და სისტემურობა სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მაყურებელმა ნახოს, თუ რა ტენდენციებით ვითარდება დღეს ბალეტი მსოფლიოში, როგორი მაღალი დონე აქვთ მოცეკვავეებს... ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად ჩამოვიყვანთ სხვადასხვა ქვეყნის დასებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, როგორი ესთეტიკური ხელოვნებაა ბალეტი, რადგან საქართველოში მაინც არის პრობლემა, რომ ბიჭები არ მოჰყავთ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. ზოგადად, ძალიან ცოტა ბიჭი გვყავს. რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს მარტო გოგოს პროფესიაა. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბევრ ბიჭს აქვს ესთეტიკური და შინაგანი მიდრეკილება სილამაზისადმი, ოჯახები კი თრგუნავენ მათ სურვილებს. იმედი მაქვს, მეტი ინფორმაციით ეს დამოკიდებულება შეიცვლება. და ეს ფესტივალიც დამკვიდრდება, როგორც ყოველწლიური კულტურული მოვლენა. 

 

ავტორი :
  • ნინო ჩიმაკაძე