სიძულვილის სინდრომი

თითქოს მიწყნარდა საქართველოში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის ვნებათაღელვანი. ჩაცხრა ქართველი ახალგაზრდობის რისხვაც, უკიდურესად დაჭიმული ნერვები „საწყის მდგომარეობას“ უბრუნდებიან. ჩემი აზრით, სწორედ ამ „საწყისი მდგომარეობის“ გამოკვლევაა ახლა აუცილებელი. ის სისხლისღვრამდე მისული დაძაბულობა სწორედ „საწყისი მდგომარეობის“ შეუფასებლობამ, სათანადო პროგნოზირების უქონლობამ გამოიწვია.

პლაკატურმა „ინტერნაციონალურმა მეგობრობამ“ რაღაც უცნაური ხასიათი მიიღო საქართველოში. „ინტერნაციონალური მეგობრობა“ მხოლოდ ქართველებს დაევალათ.

– სამაგიეროდ?

– სამაგიეროდ, როგორც მერე გაირკვა, მხოლოდ შავი  გული, მხოლოდ სიძულვილი, ტყვია და დანა გროვდებოდა თურმე… ყველა სიკეთე, რაც მოსულებმა მოიპოვეს, მათ იმპერიის მიერ ნაბოძებ საჩუქრად ჩათვალეს: – ჩვენ საბჭოთა ადამიანები ვართ, სადაც გვინდა, იქ ვიცხოვრებთ და რაც გვსურს, იმას მოვითხოვთო. მოთხოვით კი მაგრა მოითხოვეს – საქართველოს დაშლა და დანაწილება განიზრახეს. ისტორიის ერთი დღე, დროის ერთი მონაკვეთი მარადიულ კატეგორიად წარმოიდგინეს მათ.

… და ყველაზე უცნაური ისაა, რომ რაკი სინდისს გადაუვიდნენ, მათი ეს განზრახვა მთლად უპერსპექტივოც არ ჩანდა. მათ, უბრალოდ, მართლა წარმოუდგენელი რაღაც ვერ წარმოიდგინეს. მათ ვერ წარმოიდგინეს, რომ ასეთი სწრაფი ტემპით წავიდოდა იმპერიის ნგრევა, რომ რუსი ხალხის საუკეთესო ნაწილი თვით მკვიდრი რუსული სახელმწიფოს გადარჩენისათვის გამოაცხადებდა განგაშს. თორემ რა – ცოტა ხანს კიდევ რომ გაგრძელებულიყო იმპერიული ამბიციები, თითქოს „ყველაფერი რიგზე იყო“ – მამობილი სიყვარულით მოიკითხავდა…

ახლა კი სხვაგვარად შებრუნდა მოვლენები და „საწყის მდგომარეობას“ ვუბრუნდებით.

ჩვენი „ეთნოკრიზისებიც“ თავისებურია. ეთნოკრიზისების ტალღამ გადაუარა მთელ საბჭოთა კავშირს და აბა, ერთი ნახეთ, სად უტევენ მოსულნი აბორიგენულ მოსახლეობას. არსად! ყველგან პირიქით ხდება. იმპერიის სხვადასხვა კუთხეში სწორედ მოსულებს – „მესხეთელ თურქებს“, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს დევნიან.

ჩვენ კი აქეთ გვიტევენ და რაღას არ მოგვაწერენ, რაღა სულმდაბლობაზე არ მიდიან… ამასაც ახსნა და განმარტება უნდა. ისტორია ბრუნავს და ჩვენმა მომავალმა ყველაფერი უნდა იცოდეს. შვილმა უნდა იცოდეს, სად შეცდა მამა.

დიდი ხანი არ არის, რაც საქართველომ, ქართველმა ხალხმა თითქმის ბედისწერად ქცეული მდგომარეობის შეცვლა გადაწყვიტა, მან ბედისწერას შეუბრუნა ხელი და დამოუკიდებლობის დროშა აღმართა.

ეს დროშა ფორმალურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშაა, რესპუბლიკისა, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს დაამხო შემოსეულმა მტერმა. ფორმით ასეა, შინაარსით კი ქართველი ერის უძველესი დროშააა. იგი ათასწლეულების მანძილზე ფრიალებდა საქართველოში. ეს დროშა საქართველოს მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობას განასახიერებს, ქართველთა თავისუფლებისმოყვარე სულს განასახიერებს, ამ დროშაში საქართველოს ყველა დროის ყველა ეროვნული დროშაა „ჩაწნული“.

ეს ის დროშაა, გორგასალმა რომ ამართა დარიალში, გვირგვილაის წვერზე და აგერ, სულ ბოლო დრომდე, საქართველოში რუსეთის შემოსვლამდე, ფრიალებდა იქ, როგორც სიმბოლო ქართული მიწის საზღვრების შეუვალობისა. ეს ის დროშაა, რომელზეც დავით აღმაშენებელი აფიცებდა თავის მეომრებს დიდგორის მთებში. ეს თამარის დროშაა – ზვიადად რომ შლიდნენ ქართლელები, აჭარლები, მეგრელები, ოსები, მესხები, სვანები, ფშავ-ხევსურები, აფხაზები, გურულები, იმერლები, კახელები…

ეს დროშა სამასი არაგველისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეომრების დროშაა.

ძნელბედობის ჟამს ამ დროშას უდიდესი რისკის ფასად ინახავდნენ ქართული ოჯახები და აი, დადგა დრო, რისთვისაც ინახავდნენ – ახალმა დრომ, ახალმა თაობამ მზეზე გამოიტანა ეს დამალული დროშა, როგორც დაუჟანგავი თავისუფლება.

ეს დროშა აფრიალდა ყველას სახელით, ვინც საქართველოს მოქალაქეა, ვინც ამ მიწაზე ცხოვრობს, ვისაც მოქალაქეობრივი მოვალეობა აკისრია, რომ საერთო დროშის ქვეშ იდგეს – უყვარდეს და დაიცვას ეს მიწა.

მოხდა საკვირველება – მოულოდნელი და წარმოუდგენელი: აფხაზეთში, საქართველოს ამ უძველეს და უწმინდეს მიწაზე, დაიწყო აფსუათა საპროტესტო გამოსვლები. საპროტესტო აქციების ხელმძღვანელები საჩივარს საჩივარზე წერდნენ მოსკოვში: – არიქა, მოგვეშველენით, საქართველო დამოუკიდებლობისათვის იბრძვის და ჩვენ არ გვინდა, მოვწყდეთ დედა მოსკოვის ძუძუსაო. საკვირველება იყო, მაგრამ ჯერ თურმე სადა ხარ! აქეთ ძველ საბარათიანოსა და საორბელიანოს მიწებზე ჩამოსახლებულმა აზერბაიჯანელებმა შეყარეს ლაშქარი – ავტონომია გვინდაო, დედაქალაქად რუსთავს ვაცხადებთო…

...და მაინც, მოხდა ყველაზე უფრო მოულოდნელი რამ – სამაჩაბლოში მცხოვრებმა ოსებმა აღმართეს ხელი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დროშაზე. დეპეშა დეპეშას მიაყოლეს აფხაზეთისკენ: ჩვენ თქვენთანა ვართო… იგულისხმებოდა – ქართველებს, თქვენ, ჩვენ და თათრებმა ერთად უნდა წავუჭიროთ ყელში ხელიო. რაც მთავარია, რუსებიც ჩვენს მხარეზე არიან, ქართველების დროშა თვალში არ მოსდით და ახლა დადგა მათი მიწების დანაწილების დროო.

ძნელია!

ხალხური ლექსი მახსენდება. საღამოხანს გუდამაყრელის ოჯახს უცნობი სტუმრები მიადგნენ – დაგვიღამდა, გაგვათენებინეთო.

თურმე ავი განზრახვა ედოთ გულში. შუაღამისას წამოცვივდნენ ლოგინებიდან და იშიშვლეს ხანჯლები, ჩაძინებული ოჯახის კაცები დახოცეს და სარჩო-საბადებელი გაიტაცეს. ხალხური მოლექსე შეძრწუნებული წამოიძახებს:

ვახშამნაჭამო სტუმარო,

როგორღა იქნევ ხმალსაო,

გამარჯვებული პირიმზე,

რატომ არ მოგტეხს მხარსაო.

ლექსის ავტორი, თავისი საგვარეულო სალოცავისკენ, პირიმზე ფუძის ანგელოზისკენ იყურება გაოცებული – მხარს რატომ არ მოამტვრევ ვერაგ სტუმარსაო!..

მართლა დაუოკებელი ბრაზი მოგივლის.

მართლაც რაღაც საშინელს გაიფიქრებ.

ეს ამბები ჩვენთვის მოულოდნელი იყო. გავბრიყვდით. ნამეტანი ღრმად დავიძინეთ და აჰა, იარაღითა და „დამოუკიდებლობის“ ლოზუნგებით წამოგვადგნენ თავს. მეორეს მხრივ, ვენდეთ და ეს ნდობა უნდობლობად შემოგვიბრუნდა უკან.

მაინც რა შეგვეშალა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, რა უნდა მოგვემოქმედა, რომ ასეთი რამ არ მომხდარიყო? ძნელი სათქმელია.

კიდევ უფრო მეტად უნდა მოვსიყვარულებოდით და მოვფერებოდით? მაგრამ სადაა სხვა საქართველო, სადაც უკეთესად ექცევიან მოსულს!..

განუწყვეტლივ მათრახები უნდა გვერტყა სახეში და მონებად უნდა გვექცია? – რა თქმა უნდა – არა, ეს არც ჩვენს მრავალსაუკუნოვან ეროვნულ ტრადიციას ეკადრება და არც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მოკავშირეს – ოს ხალხს.

ისიც ძნელი სათქმელია, როგორ უნდა მოვიქცეთ დღეს. ერთი რამ კი ცხადია, ღმერთის წინაშე უნდა ვიყოთ მართალი. სიმართლე უნდა უძღოდეს წინ მადლსაც და რისხვასაც. ჩვენ ამ სიმართლემ გაგვაძლებინა ისტორიის ჟამიანობებში და სამომავლოდაც ამ უძლეველ ძალას უნდა დავეყრდნოთ.

ისიც ცხადია, რომ ჩვენს ურთიერთობაში რაღაც ერთი ეტაპი დამთავრდა და დაიწყო მეორე.

ატმოსფერო უკიდურესად დაიმუხტა.

გახმაურდა კიდევ ერთი საშინელი ფაქტი. „ადამონ ნიხასელებმა“, თუ მათ სულიერ ავადმყოფებად არ ჩავთვლით, უკვე ქართველი ერის უკიდურეს მტრებად წარმოგვიდგინეს თავი – მათ გადაწყვეტილი ჰქონიათ, რაღაც პრემია მიეცათ გენერალ როდიონოვისთვის. ეს ცნობა გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“ გაკრთა 1989 წლის 16 დეკემბერს.

მე არა მჯერა ეს ფაქტი. ვიღაცამ მცდარი ინფორმაცია მისცა გაზეთის კორესპონდენტს… მაგრამ მე ხომ არც ის დეპეშა მჯეროდა! „ბზიფში“ გამოქვეყნებული წერილი ნაყალბევი მეგონა. არც აფხაზეთში და ქვემო ქართლში აფრიალებული ლოზუნგების მჯეროდა, ვიდრე ჩემი თვალით არ ვნახე ისინი.

თვით ოსები ირწმუნებიან, რომ ქართველთაგან პატივისცემის მეტი არაფერი გვახსოვსო. ამას ჩვენი მოძულეების უკიდურესი ფრთა „ადამონ ნიხასიც“ კი აღიარებს. ვერ ასახელებენ ერთ მაგალითსაც კი, რომ დღევანდელ ქართველს რაიმეთი შეეეზღუდა ოსი იმ მიზეზით, რომ ის ოსია. თორემ ცხოვრება ცხოვრებაა – კონფლიქტები მამა-შვილსა და ღვიძლ ძმებს შორისაც ხდება.

მაშ, საიდან ეს გამძვინვარებული განწყობილება? მაშ, საიდან ჩვენი სიძულვილისგან თვალის დაბნელება?

სად იზრდება სიძულვილის შხამიანი ბალახი, რა ნიადაგიდან იწოვენ შხამს ამ ბალახის ფესვები?

აი, აქ კი ღრმად უნდა დავფიქრდეთ.

მე ჩემს აზრს ვიტყვი.

იქნებ ეს სიძულვილი და ეს მოღალატური სურვილი სხვის მიწაზე მცხოვრების გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიაა? მეგობრობა – მეგობრობად, პატივისცემა – პატივისცემად, მაგრამ აქ, როგორც ჩანს, რაღაც ქვეცნობიერი გრძნობები გადადიან შეტევაზე – მოსულს არ უნდა, რომ „მოსულის“ ეტიკეტი ეკრას. ეს მთაბარი, ეს წყალ-ჭალა, ეს მინდორ-ველი, ეს ქვეყანა მისი სამშობლოა – აქ აიდგა ფეხი, აქ აიდგა ენა, აქაურობას შეეზარდა და შეენივთა. სხვა სამშობლო, ქვეყანა, სადაც იშვა, მას არა აქვს. მაგრამ არსებობს მეორე რეალობაც, რომელიც მკაცრად და უშეღავათოდ იჭრება მის გრძნობებში – ეს ოსეთი არაა, ეს ქართველების უძველესი მიწა-წყალია, ისტორიული ქართლია. ბედის უკუღმართობამ შეათხელა ეს მხარე, მაგრამ აბორიგენული მოსახლეობა მაინც ბლომად დარჩა სამაჩაბლოს მრავალტანჯულ მიწაზე, კვლავ ბოლავენ ქართული სოფლების ბუხრები… კვლავ მტკიცედ უპყრია ფარი და მახვილი ისტორიულ ქართლს.

აი, ეს რეალობა, მასზე ფიქრი არ შეიძლება არ წამლავდეს და, როგორც გამოჩნდა, წამლავს კიდეც მოსულის ფიქრს. მოსული შინაგანად უპირისპირდება აბორიგენს, ამ მიწის პატრონს და ეს დაპირისპირება სიძულვილად ამოხეთქავს იქ, სადაც არავინ ელის.

ამიტომ ახლა ტყუილად ვიჩეჩავთ მხრებს გაკვირვებულნი – რით დავიმსახურეთ ეს სიძულვილი, საიდან ეს ცხოველური დაუნდობლობაო…

ალბათ, დაახლოებით ასეთივე განწყობილება განაგებს ოსეთში. ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთში, მცხოვრები ქართველების სულსაც. ოსეთშიც, განსაკუთრებით კი მის დედაქალაქ ძაუგში, საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს – რაჭველები, მოხევეები, მთიულები, გუდამაყრელები… მათაც უყვართ ის მიწა, რომელზეც დაიბადნენ და დაიზარდნენ. ისინი ქართველები არიან და სწორედ ქართველს უთქვამს: – ჩიტი სადაც დაიბადება, იმის ბაღდადი იქ არისო… ოსეთია მათი ბაღდადიც, მაგრამ არსებობს რეალობა, რომელიც უხეშად იჭრება ნაზ გრძნობებში – ეს მიწა სხვისია, აბორიგენები აქ სხვები არიან და გაუცნობიერებელი სიძულვილი ჩნდება ოსებისადმი.

აქ ოსს სძულს ქართველი, იქ კი, ქართველს სძულს ოსი.

ეგ როგორ, უსათუოდ იკითხავთ, მაშ, სულ ტყუილად ჩაიარეს ამ ორი მეზობელი ხალხის ძმობის, მოკავშირეობის, ერთმანეთის გაფრთხილების საუკუნეეებმა? მაშინ საერთოდ არ არსებულან მეგობარი ერები, ერთმანეთს სულიერად შეთვისებული ხალხები!..

აი, სწორედ აქაა ჩაწოლილი ჩვენი გამთიშავი ქედი. ჩვენი წინაპრების მეგობრობა კეთილ მეზობლობაზე და ვაჟკაცურ მოკავშირეობაზე იყო აგებული. თავთავის მიწაზე ცხოვრობდა ორი მაღალი ზნეობის მეზობელი და ერთად, ერთმანეთის თვალმოუცილებლად მიჰკვალავდნენ დროს.

ეს ნაკვალევი შემდგომ ისტორად იქცა და ჩვენ, მათ შვილებს, გვეამაყება უკან მიხედვა. სიძულვილი კი მაშინ დაიწყო, როცა ერთმანეთის მიწაზე დავსახლდით. სხვა ბედუკუღმართობებს შორის, ესეც ბედის უკუღმართობა იყო.

დაირღვა რაღაც დიდი კანონზომიერება და ამას საშინელი ამბები მოჰყვა. სამაჩაბლოში ჩასახლებულ ოსებს დღესაც მწარედ ახსენდებათ ვალიკო ჯუღელის ცხენის ფეხის ხმა. არც ოსეთში მცხოვრებ ქართველსა აქვს დაჩლუნგებული მეხსიერება. ამასაც ახსოვს, როგორ შეცვივდნენ ოსურ მიწაზე გაშენებულ სოფელ ალაგირში შეიარაღებული ოსები 1918 წელს, წყალკურთხევა დღეს და სისხლის გუბეები დააყენეს. ვინც მათ ტყვიას გადაურჩა, საქართველოსკენ შემოადგა დათოვლილ მთებს და ზვავების წერა გახდა.

ისტორია ბრუნავს, გუშინ-გუშინწინ ბეწვზე დაეკიდა სამაჩაბლოში მცხოვრები ოსების ბედი. უფრო დინჯმა ძალამ, ქართველი ინტელიგენციის პრინციპულმა გამოსვლებმა როგორღაც შეაკავა ქართველი ახალგაზრდების მრისხანების ტალღა.

მეორეს მხრივ, ოსები ისევ ოსებმა გადაარჩინეს. ოსი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები არ დანებდნენ პანიკას. ერთხმად გამოვიდნენ რესპუბლიკის პრესაში, რადიოში, ტელევიზიაში.. მოაწყვეს მიტინგები, ყრილობები, სადაც ერთსულოვნად დაგმეს ის ტენდენციები, რომლებსაც ასე სახიფათო მიმართულება ჰქონდათ. გამზავებელთა შორის რატომღაც ვერ ვიხილეთ რამდენიმე ცნობილი მოღვაწე. რა იყო სიჩუმის მიზეზი? სეირს უყურებდნენ? თუ იმ მომენტს ელოდნენ – როდის დაესეოდნენ მიცვალებულებს ყორნები, როდის აივსებოდა ჰაერი დაჭრილთა კვნესით?

...მინდა, არ გამიწყდეს სერიოზული საუბრის ძაფი. – მიწა იმისაა, ვინც ზედ ცხოვრობსო – თვალისდაუხამხამებლად რომ გვმოძღვრავენ, ვითომ მართლა ეგრეა?

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დღეს დაახლოებით 97 ათასი კაცი ცხოვრობს. აქედან დაახლოებით 66% ოსია, 28% ქართველი, დანარჩენი – სხვები.

აი, ეს მიწა, უძველესი ქართული კუთხე სამაჩაბლო, სწორედ იმ 28% ქართველისა და საქართველოსია. ნეტავ, როდის მისცემენ „პატრიოტები“ ამ 28% აბორიგენს ოცდაოთხსაათიან ვადას – დაცალონ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია?!

აი, თუ ეს „აქცია“ გაუვიდათ, მიწა მაშინ მართლა მათი იქნება.

ჩვენი წინაპრები ამბობდნენ – ის ცხენია კარგი, რომელიც არ ჩამოგაგდებსო. ცუდი ზნე მარტო იდეებს კი არა, ცხენებსაც სჭირთ – ზოგიერთმა დაღალატებით ჩამოგდება იცის.

ასეთ ღალატიან ცხენზე სხედან ოსი და აფხაზი „პატრიოტები“ და უფსკრულის ნაპირზე მიაჭენებენ. როგორც ზევითაც ვთქვი, მიზანი კეთილშობილურია – მათ აწუხებთ თავისი ხალხების დღევანდელი ბედი. მათ უნდათ რაღაც მოიმოქმედონ, მაგრამ გზას ვერ მიაგნეს. პირიქით, დედამიწის ზურგზე მათთვის ერთადერთ გულშემატკივარ ხალხს – ქართველ ხალხს „გამოუცხადეს ომი“.

დღეს საქართველოში მცხოვრებ ოსებს და ოსეთში (ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთში) მცხოვრებ ქართველებს ორი გზა აქვთ. ეს ალტერნატივა მათ წინაშე ისტორიულმა სიტუაციამ დააყენა და დღესვე უნდა გადაწყვიტონ. ხვალ შეიძლება ძალიან, ძალიან გვიან იყოს.

ალტერნატივა ასეთია:

საქართველოში მცხოვრები ოსები ან თავის დედა სამშობლოში, ოსეთში უნდა გადასახლდნენ და თავის მიწაზე იბრძოლონ ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი ოსეთის ასაშენებლად, ან აქ უნდა დარჩნენ და შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ეს რაღაც „სამხრეთ ოსეთი“ ილუზიაა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებმა ერთიანი საქართველოს ჭირითა და ლხინით უნდა იცხოვროს, მამულიშვილურად სწიოს საერთო ჭაპანი.

ოსეთში მცხოვრები ქართველები ან საქართველოში უნდა გადმოსახლდნენ და ჩაებან იმ დიდ და უკომპრომისო ბრძოლაში, რომელსაც ქართველი ხალხი იწყებს დღეს, ან ოსებად უნდა მოიქცნენ, გულიდან ამოიგდონ საქართველოზე ფიქრი და თავისი წვლილი შეიტანონ თავისი ნამდვილი სამშობლოს, ოსეთის აღორძინებაში. აქ, ალბათ, უფრო ზუსტი იქნებოდა, რომ მეთქვა – „რუსებად მოიქცნენ“-მეთქი, რადგან, სამწუხაროდ, იმპერიის სივერაგეს, „ინტერნაციონალიზმად“ მონათლულ გარუსების პოლიტიკას ვერ გაუძლო ოსმა ხალხმა და გარუსების უფსკრულში გადაეშვა. ჩვენ გვევალებოდა მათი მიხმარება. გასაჭირში უნდა მივშველებოდით ძველ მეზობელს და მოკავშირეს, მაგრამ ჩვენ თავი გაგვიხდა მისაშველებელი, იმპერიის ზვავი ჩვენს ხეობაშიც ავისმომასწავებლად ქშინავდა.

საკითხი ასე დგას: ან ასე, ან ისე – თორემ მოვლენებზე, რომლებმაც შეიძლება, ხვალ ან ზეგ იგრიალონ, ვერავინ ვეღარ აგებს პასუხს.

მე ქართველი ვარ. დღეს მე ვარ და, განგების ნებით, მე მაბარია სამშობლო. ჩემი სიცოცხლის ერთადერთი აზრი ესაა. ასე ფიქრობენ ჩემი შვილებიც. აი, ამიტომ მე და ჩემი შვილები მშვიდად დავიძინებთ, ვიდრე იბრაგიმოვები და ალიევები, ჩოჩიევები და გაზაევები, ოზგანები კბილებს გვიკრაჭუნებენ და ბოროტ მზერას აპარებენ ჩვენსკენ.

ისეთ საქართველოს ღმერთმა ნუ მომასწროს, „მოსულს“ აკადროს: – გეყოფა აქ ყოფნა, ახლა შენს სახლს მიაკითხეო... მაგრამ ათასწლეულებმა ბევრი რამ გვასწავლეს… აი, მაგალითად, ის, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ – სახლში შემოსული სტუმარი – შენ რომ ღმერთისგან გამოგზავნილად ჩათვალე („სტუმარი ღვთისაა“), არ გათავხედდეს, დროის რაღაც მონაკვეთმა არ გააბრიყვოს და სასიკვდილოდ არ გამოგიმეტოს.

იმდენი მტერი და დაუპატიჟებელი სტუმარი ვის აუჩეხავს და განუდევნია, რამდენიც ამ ლამაზი, ამ დაწყევლილი ქართული მიწის პატრონს… მაგრამ, აბა, თუ ვინმე დაასახელებს ერთ მაგალითს მაინც, რომ ქართველმა უხმლოდ კარს მომდგარი ადამიანი არ მიიღო, პური არ გაუყო და ღვინო არ დაალევინა.

ვერა, ვერავინ ვერ იტყვის!

არც ოსებისთვის როდისმე გვიჩვენებია ის გზა, რა გზითაც ჩვენთან მოვიდნენ. და თუ აი, ახლა უკან წასასვლელი გზა გავახსენე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მეტად და მეტად უკადრისი რამ იკადრეს… მათ სულში სხვის მიწაზე მცხოვრების ბოროტმა ფსიქოლოგიამ იფეთქა, ისინი ამ მიწის პატრონის სიძულვილით დაავადდნენ… თორემ ვინ რას უშლიდა – გვევლო საერთო დღესასწაულებზე, უღალატოდ გვეტარებინა ამ მიწის შვილთა სახელი, ერთად გვებრძოლა ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ.

ჩვენ დღეს გვიჭირს, მაგრამ ისე მაინც არ გვიჭირს, როგორც ოზგან-გოგუებმა, იბრაგიმოვ-ალიევებმა, ჩოჩიევ-გაზაევებმა წარმოიდგინეს... როცა ერი ერთად წამოდგება ფეხზე და ერთი მიმართულებით გაიხედავს, ის ერთი გაჭირვებული ერი არაა. გაჭირვებული ისაა, ვისაც მტერი და მოყვარე აერევა ერთმანეთში…

ჩვენ ჯერჯერობით მტერს და მოყვარეს ვარჩევთ. მოვლენები ისე მიდის, რომ იმპერიას დიდი დღე აღარ უწერია. ამ მოვლენების შესაბამისი იქნება ხვალინდელი დღეც.

ოსებმა, ჩემის აზრით, ქართველ ებრაელებს უნდა მიბაძონ.

იმათ უნდა მიბაძონ და, უპირველეს ყოვლისა, თავისი საკუთარი სახელმწიფოებრიობის შექმნის ვაჟკაცურ წყურვილში, თავისი ისტორიული ფუძის დაბრუნებისათვის დაუოკებელ ლტოლვაში, ოცდაშვიდი საუკუნე იცხოვრეს ებრაელებმა ამ რწმენით. საუკუნე საუკუნეს მისდევდა, თაობა თაობას, მაგრამ ისინი დროს არ ნებდებოდნენ. მშობელი მიწის დაბრუნების იდეა მთვარესავით იდგა შუა ცაზე – არც ამოდიოდა და არ ჩადიოდა – იდგა. მთელ მსოფლიოში გაფანტა ბედმა ისინი, დაფანტულები იყვნენ, მაგრამ მაინც ერთად იყვნენ – მათ დაკარგული სამშობლო აერთიანებდა. წამებაში, სისხლში, ცრემლში იწრთობოდა მათი რწმენა, რწმენა სამშობლოს დაბრუნებისა. იმ რწმენამ ხმლისა და ფარის მაგივრობა გასწია და გაამარჯვებინა. ებრაელთა მაგალითი მსოფლიო მნიშვნელობის მაგალითია. ეს გზა გმირი ერის მიერ გავლილი გზაა, გზა სამშობლოსკენ მიდიოდა. სწამდათ: სამშობლოს წართმევა არ შეიძლება, თუ შენი ნებით არ დათმე ის!

ოსებსაც ის გზა ეძახის – უნდა დაბრუნდნენ იქ, საიდანაც ბედისწერამ გამოდევნა, სადაც იმ ძველი ალანების ხმა ჩაიკარგა, სადაც მათი ვაჟკაცური მხარ-მკლავი ჩადნა. იქ უნდა დაბრუნდნენ და იქ უნდა ასწიონ თავისი დროშები.

ის გზა ეძახის ჩემს თანამემამულეებს – ოსეთში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს: დაბრუნდით უკან!.. ადამიანი მხოლოდ მშობლიურ მიწაზე ავლენს ადამიანურ სასწაულს – სიყვარულს. სიყვარულის ხე მხოლოდ მშობლიურ მიწაზე ხარობს!

ცოდვაა „გადასხვაეროვნებული“ ადამიანი.

...ზოგჯერ მგონია, რომ ქართველს ყველაზე ძალიან ქართველობადაკარგული ქართველი აკრთობს – მას ბუნების ანომალია ზარავს – ნუთუ ეს შესაძლებელია?! ამიტომ ჩვენ არც „გაქართველებული“ სხვა ეროვნების ადამიანი გვაწერია გულის ფიცარზე. ღმერთმა ყველა ერი თავისი სისხლით, თავისი გულისცემით, თავისი ენით გააჩინა. კაცი წინ არ უნდა აღუდგეს ღმერთის ნებას. ენასთან ერთად იკარგება ყველაფერი, რასაც ჯიში და რასაც მოდგმა ჰქვია, რითაც ლამაზია ეს ჩვენი პლანეტა… ამიტომ ტყუილად ფიქრობენ ოსები ან სხვები, რომ ჩვენ მათი „გარუსება“ არ მოგვდის თვალში, თორემ „გაქართველება“ გაგვიხარდებოდა. უბრალოდ, საქართველოში მცხოვრებმა არაქართველებმა ძალიან უკუღმართად გაიგეს ქართული ენის, როგორც რესპუბლიკის სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვის მოთხოვნა, თორემ რა არის საკვირველი და აღმაშფოთებელი იმაში, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენა ქართულია, რომ რესპუბლიკის სახელმწიფო ენას უნდა ფლობდნენ რესპუბლიკის მცხოვრებნი?

კრემლში გაგზავნილ საჩივრებში ოსები და სხვებიც ქართული ენის, როგორც რესპუბლიკის საერთო ენის აღიარების წინააღმდეგნი არიან. ისინი თვლიან, რომ ამ ფუნქციას თავისუფლად ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს „ერთაშორისი ენა“, რუსული. ასე რომ, ისინი ქართული ენის შესწავლას ზედმეტ ტვირთად, უაზრო საქმედ თვლიან. მათ ეს ენა არ სჭირდებათ.

არ სჭირდებათ! და ეს ის მომენტია, როცა ოსები და სხვებიც, გარკვეული აზრით, მართლები არიან. მათ მართლა არ სჭირდებათ ქართული ენა.

ჩვენ „ნამუსზე“ გვინდა შევაგდოთ ისინი და პრესაში, ტელევიზიაში, სხვადასხვა თავყრილობებზე, ერთხმად ვუკიჟინებთ: – აი, თქვე უნამუსოებო, მიგიღეთ, სამოსახლო მოგიზომეთ, გულის სითბო გაგრძნობინეთ, გვერდით ამოგიყენეთ და თქვენ კი ჩვენი ენის შესწავლა არ ინდომეთ და არ იკადრეთო…

ვფიქრობ, ასეთი „მოტივებით“ საუბარი უნაყოფო საუბარია. ჩვენი საუკუნე უფრო მკაცრი ლოგიკით განაგებს ცხოვრებას.

...

ისტორია მართლა სულ ტრიალებს, სულ მეორდება… მეორდება დიდსულოვნება, მეორდება უკეთური ვნებანიც.

აი, ერთი ადგილი ალექსანდრე ყაზბეგიდან:

„თემის თავებიდან ყველაზე უფროსი წარმოდგა, გავიდა შუა ადგილას, დაიჩოქა და წარმოთქვა:

ხალხნო და ჯამაათნო!.. სმენა იყოს და გაგონება… აი, თქვენს წინა სდგას ორი ოსი… ექვსი წელია მას შემდეგ, რაც ესენი ჩვენს თემობაში მოვიდნენ, შეგვაბრალეს თავი და შეგვატყობინეს, რომ თავიანთ ხალხში აღარ ეცხოვრებათ, რადგან კაცი შემოჰკდომიათ და სდევნიდნენ… ჰაი, ჰაი, რომ ნებისნებად კაცის სიკვდილი არ ვარგა. ცოდოც არის, მაგრამ როცა კაცს გაუჭირდება, არამც თუ ცხოსა, თავსაც კი მოიკლავს ხოლმე… კაცის შემოკდომა უბედურებაა და უბედურები ითხოვდნენ ხევისგან ლუკმა პურსა და თავშესაფარსა… ხევი ჩვეული არაა სტუმარს დაემალოს, მთხოვარაი არ განიკითხოს: ხევმა მისცა მათ ბინა, აუშენა სახლი, დაუთმო სახნავები, ხევმა იძმო და მოსვენებული ცხოვრება მისცა… ამათ რითიღა გადაუხადეს მადლობა? ჩვენს მტერს უჩვენეს მოსასვლელი ბილიკები, ჩვენს ჯარს მოულოდნელად თავს წამოაყენეს და ვინც ამათ ლუკმა მიაწოდა, საკიდელი ჩამოაკიდებინა, ისინი ღალატით გააწყვეტინეს“...

მცირე სიჩუმის შემდეგ, გოჩამ აიღო თავი და წარმოთქვა:

„ორნივ ჩაქვავდეს!“

„ხევისბერი გოჩას“ ეს ნაწყვეტი ლიხნის შეთქმულებამ, „ადამონნიხასელთა“ „სოლიდარობის“ წერილმა, მოსკოვში გაგზავნილმა დასმენებმა და საჩივრებმა, ქართველი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების ხალხების დღევანდელ და მომავალ ურთიერთობებზე ფიქრმა გამახსენა.

ამით ვამთავრებ. ეს წერილი რაიმე დასკვნებისთვის და მტკიცებებისთვის არ დამიწერია. მე მხოლოდ ჩემი ტკივილი ვთქვი.

 

ავტორი: მამუკა წიკლაური

„ლიტერატურული საქართველო“

16 მარტი, 1990 წელი

 

ორი ხალხის ტრაგედია (ზარი)

19 მაისს სოფელ კეხვთან დაბა ჯავისკენ მიმავალ ავტობუსს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, უმთავრესად ქალები და ბავშვები.

20 მაისს, სახელმწიფო საბჭომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოიწვია საგანგებო სხდომა. სხდომის დასაწყისში სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ოსი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაული წინასწარ გააზრებული ბოროტებაა. იგი იმ ძალებმა განახორციელეს, ვისაც დღეს საქართველოში სიმშვიდე და სტაბილური მდგომარეობა არ აწყობს.

ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი დღე სიმშვიდით გამოირჩეოდა. ქართული და ოსური მხარეების ხელმძღვანელები რეალურად შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული დანაშაული ჩადენილია მაშინ, როდესაც საქართველოში იმყოფება ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ექსპერტთა ჯგუფი.

სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა ბატონმა ჯაბა იოსელიანმა ამ ვანდალური აქტის განხორციელებაში ბრალი დასდო ყოფილ ექს-პრეზიდენტს. მან გაიხსენა ბატონი ზვიად გამსახურდიას მიმართვა, რომელშიც საქართველოში დესტაბილიზაციის მიღწევის მიზნით თავის მომხრეებს დივერსიებისა და ტერორისაკენ მოუწოდებდა.

სახელმწიფო საბჭოს წევრებმა კატეგორიულად მოითხოვეს დამნაშავეთა სწრაფი გამოაშკარავება. დაისვა საკითხი სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც კონტროლს გაუწევს ბოროტმოქმედთა დადგენისა და გამოძიების საქმეს.

იმავე საღამოს ბ-ნი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ექსპერტთა ჯგუფს. საუბრის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გმობს ყველანაირ ექსტრემიზმსა და ფანატიზმს, რომელი ერის წარმომადგენელიც არ უნდა ამჟღავნებდეს ამას. შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა ვიზრუნოთ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დასაცავად, მაგრამ მათ პასუხისმგებლობაზეც უნდა ვილაპარაკოთ.

ჯგუფის ხელმძღვანელმა ბ-ნმა მარკ ეისკენმა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა სახელით განაცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ ბ-ნ შევარდნაძის პიროვნებას და ყველაფერს გააკეთებენ საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისთვის.

21 მაისს ჰელსინკის თათბირის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია გორსა და ცხინვალის რაიონს. დაგეგმილია მათი შეხვედრა რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის ჯგუფის სარდალთან, გენერალ-პოლკოვნიკ პატრიკეევთან.

რედაქციისგან:

მოხდა შემზარავი დანაშაული. ისღა დაგვრჩენია, გლოვა გამოვაცხადოთ. გლოვა, არამხოლოდ დაღუპულთა ხსოვნისათვის, არამედ იმის გამოც, რომ ქართველებს შეგვძლებია ქალებზე და ბავშვებზე ხელის აღმართვა. დღემდე საკუთარი შემწყნარებლობა და ჰუმანურობა გვეამაყებოდა. ამ ფაქტით ილუზიები გაქრა. ჩადენილი დანაშაული ბარბაროსი ხალხების რიგში გვაყენებს, ალბათ ვინმე იტყვის, მოწინააღმდეგე სცოდავს სისასტიკითო, მაგრამ კულტურა და ცივილურობა აძლევს ერს უფლებას, ველურობას ველურობით უპასუხოს?

ამ ფაქტმა გამოააშკარავა, რომ ზნეობრივ, კულტურულ, სულიერ უფსკრულში ვიმყოფებით. დღეს დაღუპულ ბავშვებთან ერთად საკუთარი თავიც უნდა ვიგლოვოთ.

„7 დღე“, 21 მაისი, 1992