გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

10 (+4) ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე

ერთი რჩევა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ დროის დეფიციტსა და მოუცლელობაზე მოწუწუნეებმა მეგობრისგან მივიღეთ: მოიქეცით ისე, როგორც ბერლინში იქცევინ კინოფესტივალის დროს: აიღეთ შვებულბა და იარეთ ფილმებზე!

 

1. როზა ლუქსემბურგი

მარგარეტე ფონ ტროტა, გერმანია, 1986
გახსნის ფილმი
29.11.2016

ვრონკის ციხე, 1916. სოციალ-დემოკრატ როზა ლუქსემბურგს სანიმუშო სიკვდილით დასჯა ელოდება. ოცი წლით ადრე, როზას პოლიტიკური უნარები ყველამ აღიარა, როდესაც ის გერმანიაში დემოკრატიული მთავრობის მხარეს იბრძოდა, ხოლო პოლონეთში რევოლუციაში მონაწილეობდა. აქ ის ლეო იოგიხესის გვერდით იბრძვის. მათი პოლიტიკური საქმიანობა პირად ურთიერთობას გარკვეულ სირთულეს უქმნის.. საერთაშორისო მდგომარეობის დაძაბვასთან ერთად, როზა სიტყვით გამოდის ხოლმე და ომსა და მილიტარიზმს გმობს. თანამებრძოლი სოციალისტები მას რადიკალად მიიჩნევენ. ის კარლ ლიბკნეჰტს ხვდება. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, როზა და კარლი ოპოზიციაში ერთიანდებიან...

 


2. პირადი მყიდველი

ოლივიე ასაიასი, საფრანგეთი, 2016
სექცია: ფრანგული კოლექცია
03.12.2016

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ამერიკელ ქალზე, მორინზე, რომელიც ცხოვრობს პარიზში და ცნობილი ადამიანის, კირას პერსონალური მყიდველობით ირჩენს თავს. მორინს სულებთან კავშირის უნარიც აქვს, თავისი ტყუპისცალი ძმის, ლუისის მსგავსად, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ცოტა ხანში, მორინი ორაზროვან შეტყობინებებს იღებს უცნობი წყაროდან..

 

 

3. ანას ცხოვრება

ნინო ბასილია, საქართველო, 2016
სექცია: საერთაშორისო კონკურსი/ქართული პანორამა
01.12.2016

 

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მარტოხელა დედაზე, ანაზე, რომელსაც საკუთარი და ბავშვთა სახლში მცხოვრები, მისი აუტიზმით დაავადებული შვილის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედი აქვს. ამიტომაც გადაწყვეტს, რომ სამუშაოს საძებნელად შეერთებულ შტატებში წავიდეს. თუმცა, აშშ-ს საელჩო ვიზას არ აძლევს. ანა რისკზე მიდის და სახლს ყიდის. შემდეგ ფულს უცხო მამაკაცს აძლევს, რომელიც პირდება, რომ ვიზას უშოვნის. როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდება და ანას ცხოვრება თავდაყირა დგება.

 

4. სხვისი სახლი

რუსუდან გლურჯიძე, საქართველო, საქართველო, რუსეთის ფედერაცია, ესპანეთი, ხორვატია, 2016
სექცია: საერთაშორისო კონკურსი/ქართული პანორამა
02.12.2016

ორი ოჯახი ფიზიკურად გადაურჩა ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ სამოქალაქო ომს. ისინი გამარჯვებულების მხარეს არიან და დამარცხებულების მიერ ნაჩქარევად დატოვებული სახლები ერგებათ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ახალი ცხოვრების მშვიდად დაწყებას ვერ ახერხებენ: ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება, ვინაიდან ბრძოლები მათ შორის მაინც იმართება.

 

5. საფარი

ულრიხ ზაიდლი, ავსტრია, 2012
სექცია: ევროპული ფორუმი
29.11.2016

აფრიკა. ველურ სივრცეებში, სადაც ტყის ანტილოპები, იმპალები, ზებრები, გნუები და ათასობით სხვა არსებები სარჩოს ძიებაში არიან, ისინი შვებულებას ატარებენ. გერმანელი და ავსტრიელი მონადირე ტურისტები მანქანით ბუჩქებით დაბურულ მხარეში გადაადგილდებიან, იცდიან, დასდევენ თავიანთ მსხვერპლს. ისინი ესვრიან მათ, მღელვარებისგან ქვითინებენ და მონადირებული ცხოველების ფონზე პოზირებენ. ფილმი ცხოველებზე ნადირობის და ადამიანის ბუნების შესახებ.

 

6. ორნითოლოგი

ჟოაო პედრო როდრიგესი, პორტუგალია, საფრანგეთი, ბრაზილია, 2016
სექცია: ევროპული ფორუმი
02.12.2016

მარტოობის მოყვარული ორნითოლოგი ფერნანდო პორტუგალიის ჩრდილოეთით, შორეული მდინარის სანაპიროსთან, გაქრობის პირას მყოფ შავ ყარყატებს ეძებს. ამ დროს მას დინება გაიტაცებს. ფერნანდოს მოხეტიალე ჩინელი გოგონები გადაარჩენენ, რომელთაც გეზი სანტიაგო დე კომპოსტელასკენ აქვთ აღებული. ფერნანდო შიშისმომგვრელ, უღრან ტყეში გზის გაკვლევას ცდილობს. ის მოულოდნელ და უჩვეულო წინააღმდეგობებს აწყდება ადამიანების მხრიდან, რომლებიც მისთვის გამოცდად იქცევა. ფერნანდო უკიდურესობამდე მიდის. თანდათან ის სხვა ადამიანად გარდაიქმნება.

 

7. უცნობი გოგონა

ლუკ და ჟან-პიერ დარდენები, ბელგია, საფრანგეთი, 2016
სექცია: ევროპული ფორუმი
03.12.2016

ახალგაზრდა პრაქტიკოსი ექიმი, ჟენი, თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ პრაქტიკის დროს, კარი არ გაუღო გოგონას, რომელიც მოგვიანებით მკვდარი იპოვეს. როდესაც პოლიციისგან შეიტყობს, რომ გოგონას ამოცნობას ვერ ახერხებენ, ჟენის მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს: უნდა დაადგინოს გოგონას სახელი, რომ ის ანონიმურად არ დაკრძალონ და ისე არ გაქრეს, თითქოს ამქვეყნად არასოდეს უცხოვრია.

 

8. ტონი ერდმანი

მარენ ადე, გერმანია/ავსტრია, 2016
სექცია: დამზადებულია გერმანიაში
04.12.2016

მამა საზღვარგარეთ წასულ შვილს გაუფრთხილებლად ესტუმრება. მას ჯერა, რომ შვილმა იუმორის გრძნობა დაკარგა და ამიტომაც, ხუმრობების კასკადით ცდილობს მის გაოცებას.

 

9. ქალი, რომელიც წავიდა

ლავ დიასი, ფილიპინები 2016
სექცია: ჰორიზონტები
30.11.2016

მას შემდეგ, რაც ჰორასია სომოროსტრო ჩაუდენელი დანაშაულის გამო დააპატიმრეს, 1997 წელს გაათავისუფლეს. სომოროსტრო თავის ქალიშვილთან ერთადაა და შეიტყობს, რომ მისი ქმარი გარდაიცვალა, ხოლო მეორე შვილი დაკარგულია. ის აცნობიერებს, რომ მაღალი წრის ძალაუფლება და პრივილეგია უცვლელია. ეს შეხედულება კიდევ უფრო უმყარდება, როცა სომოროსტრო მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მისი დაპატიმრება მისი ყოფილი მდიდარი საყვარლის, როდრიგო ტრინიდადის დამსახურებაა.

 

10. წითელი ობობა

მარჩი კოშალკა, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, 2015
სექცია: ქვეყანა ფოკუსში - პოლონეთი
01.12.2016

ჩვეულებრივი ახალგაზრდა მამაკაცი, კაროლი მოულოდნელად ხვდება გაცილებით ხანშიშესულ მამაკაცს, რომელიც მისი რწმენით, 1960-იანი წლების კრაკოვში მცხოვრები სერიული მკვლელი, მეტსახელად „წითელი ობობაა“. კაროლი ამ მამაკაცით შეპყრობილი ხდება და ყველგან უთვალთვალებს. ამასობაში, ის ოდნავ მასზე უფროს ფოტოგრაფს, დანკას ხვდება, რომელიც ადგილობრივ გაზეთში მუშაობს. სიყვარულით მოხიბლულ და სიკვდილით დაჰიპნოზებულ კაროლს მალე მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი არჩევანის გაკეთება მოუწევს.

 

11. უკანასკნელი ოჯახი

იან პ. მატუშინსკი, პოლონეთი, 2016
სექცია: ქვეყანა ფოკუსში-პოლონეთი
03.12.2016

ბექსინსკი არაქნოფობიით შეპყრობილი ჯენტლმენია, მძაფრი სექსუალური ფანტაზიების და თავზარდამცემი დისტოპიური ნამუშევრების შექმნისადმი სიყვარულის მიუხედავად. ბექსინსკი ოჯახის კაცია, რომელსაც თავისი მოსიყვარულე ცოლის, ზოფიასთვის, ნევროზით დაავადებული შვილის - თომაშის და მოხუცი მშობლებისთვის ყოველივე საუკეთესო უნდა. ის ყოველდღე ხატავს და მის ამ ძალისხმევას თავისი შედეგი მოაქვს, თანამედროვე ხელოვნებაში სახელს გაითქვამს. კარგი კათოლიკე ქალი, ზოფია, ცდილობს, ოჯახის ერთიანობა შეინარჩუნოს, მაგრამ მათი მოუსვენარი შვილი თომაში ნამდვილ განსაცდელად იქცევა - თავისი სასტიკი გამოხდომების და თვითმკვლელობის მუქარებით.

 

12. ჟან ციგლერი - ნების ოპტიმიზმი (დოკუმენტური)

ნიკოლას ვადიმოფი, შვეიცარია, 2016
სექცია: პოლიტიკური ცხოვრება
02.12.2016

ჟან ციგლერი თანამედროვეობის გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა. ათწლეულების განმავლობაში იგი დაწერილი წიგნებისა თუ პოლიტიკური ტრიბუნის საშუალებით აქტიურად იბრძოდა სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის იდეებისთვის. ფილმიც გამოცდილებით სავსე მეცნიერისა და პოლიტიკოსის ყოველდღიურ ცხოვრებას მიუყვება. ეკრანზე ვხედავთ 82 წლის მოხუც ციგლერს, რომელიც კვლავაც აქტიურად აგრძელებს მსოფლიოს ჩაგრულთა ხმად ყოფნას.

 

13. მე, დენიელ ბლეიკი

კენ ლოუჩი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ბელგია, 2016
სექცია: ევროპული ფორუმი
04.12.2016

59 წლის დენიელ ბლეიკი მთელი ცხოვრება დურგლად მუშაობდა ნიუკასლში. ახლა, ცხოვრებაში პირველად, დახმარება დაჭირდა სახელმწიფოსგან. მისი ბედი გადაეკვეთება მარტოხელა ქეითის და მის ორ ახალგაზრდა შვილს - დეიზის და დილანს. ქეითის, ლონდონის უსახლკაროთათვის განკუთვნილი ერთოთახიანი ჰოსტელიდან თავის დასაღწევად, ისღა დარჩენოდა, რომ 300 მილის მოშორებით, უცნობ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლაზე დათანხმებულიყო. თანამედროვე ბრიტანული ბიუროკრატიის მახეში აღმოჩენილი დენიელი და ქეითი ერთმანეთს ამ უკაცრიელ მხარეში ხვდებიან. აქ ისევ გაისმის ნაცნობი რიტორიკა, რომ „ვინც არ მუშაობს, მას არც ჭამის უფლება არ აქვს“.

 

14. ბოლო ზარი

კრისტიან მუნჯიუ, რუმინეთი, საფრანგეთი, ბელგია, 2016
სექცია: ევროპული ფორუმი
04.12.2016

49 წლის ექიმი რომეო ალდეა, რომელიც ტრანსილვანიის ერთ პატარა მთის ქალაქში ცხოვრობს, ქალიშვილს - ელიზას იმ იდეით ზრდიდა ზრდის, რომ ოდესღაც ის 18 წლის გახდებოდა, სასწავლებლად უცხოეთში წავიდოდა. მისი გეგმა ასრულებასთან ახლოა - ელიზა სტიპენდიას იღებს ბრიტანეთში ფსიქოლოგიური განათლების მისაღებად. უბრალოდ, მხოლოდ ბოლო გამოცდები-ღა დარჩა ჩასაბარებელი. ასეთი კარგი სტუდენტისთვის ეს რთული არ არის. პირველ წერით გამოცდამდე ერთი დღით ადრე, ერთი ინციდენტი ელიზას წასვლაში ხელს უშლის. ახლა რომეომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

 

კინოფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ ლინკზე:
http://www.tbilisifilmfestival.ge/index.php?lang=1&page=menu&l_menu=3&sub=8

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა