
მაცივარი და წიგნი
02.08.2017დერეფანში სიბნელეა. კარებს ინსტინქტით აგნებ. შიგნით შედიხარ. ჩამოზნექილი ბათქაშისთვის სიგარეტის შედედებულ კვამლს ბეჭები შეუყუდებია. არ ჩამოიქცევა - რაღაც კარგიც ხომ უნდა დავინახოთ. კედლები ფარატინაა. მეზობელი რომ აცემინებს, ხანდახან გავძახებ ხოლმე ნაცად ჟარგონს: "სტო ტიში". იქიდანაც შემომეპასუხებიან: "ზაიმნა, ძმა!" და კორპუსებს შორის ექო კოჭლი ძაღლივით აცაბაცა გაირბენს: აიმნაძმა, იმნაძმა, მნაძმა, ა... ვფიქრობ, რომ სწორი დალოცვაა, შემოპასუხებაც საკმაოდ სამართლიანი მეჩვენება. მაგრამ მე, ძირითადად, ეროვნულ ვალუტაში "ვილოცები" და თუ ლარი გაუფასურებას ისევ განაგრძობს, იძულებული გავხდები, "სტოტიში" მილიონად გადავაკეთო - ჩვენც ხალხი ვართ, ჩვენც გვინდა ცხოვრება.
და იმის გამო, რომ კედლები თხელია, ჩვენ, აქაურებს, ფრთხილი სექსი გვაქვს დამხეცებული, ე.წ. მოგუდული სექსი. არაა აუცილებელი, კარის მეზობელმა ზედმიწევნით კარგად იცოდეს შენი და შენი პარტნიორის ვნებისმიერი ბგერების ამპლიტუდა. საკმაოდ გავიწაფეთ ამ საქმეში, დიდი ოხერი ვინმეები გამოვდექით. შეგვიძლია, თაობები დავატრენინგოთ.
ხანდახან ღამით ირღვევა იდილია ‒ ზოგ თანასართულელს, ცოტა არ იყოს, „ამაღლებული“ ხვრინვა უყვარს და ეს ძილს გვიფრთხობს. აი, მოგუდული ხვრინვა ვერავინ დაამუღამა, ძილის დროს განგაშის სიგნალები გამორთულია და როგორც ჩანს, სახმო იოგები დაუფარავად ეწევიან კომპენსაციას. მაგრამ ეგ არაფერია, თავიდან ჭირს, მერე ეჩვევი.
ჩემი „სახლი“ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, მართალია, პატარაა, მაგრამ ბევრი წიგნი ეტევა და რაც ვერ ეტევა, მაცივრის თავზეა აკოკოლავებული. არტია. თანამედროვე ხელოვნება ხომ აქეთ მიისწრაფვის ‒ დააყენოს გვერდიგვერდ ორი ან მეტი იქამდე დაუკავშირებელი საგანი და სცადოს მათში შინაგანი კავშირების ჯერ ჩანერგვა, შემდეგ კი ამოკითხვა. განა, რა არის უფრო დაკავშირებული, ვიდრე მაცივარი და წიგნი ‒ ერთი იცავს საჭმელს ხრწნისგან, მეორე ტვინს აზღვევს იმავესგან, თერმული იზოლაციიდან მხატვრულ იზოლაციამდე, გაგებული გექნებათ, სულ მთლად ორიოდე ნაბიჯია.
წიგნს რომ გადახსნი, სინათლე იფრქვევა. მაცივარს რომ გამოხსნი, შუქი ინთება.
მაცივარს აქვს ლეიბლი, საფირმო სახელი, წიგნსაც აქვს სახელწოდება. მართალია, არსებობს უსახელწოდებო წიგნებიც, მაგალითად, კაფკას „მეტამორფოზის“ რამდენიმე გამოცემა, ყდაზე მხოლოდ მწერად ქცეული ყოფილი გრეგორ ზამზა რომ ახატია. მაგრამ, ვვარაუდობ, რომ სადმე უეჭველად იქნება ულეიბლო მაცივრებიც. მაგალითად, იაპონიაში. მაგათ ხომ უყვართ მოულოდნელი რამეები. რომ არ მეჩქარებოდეს, ალბათ უფრო მეტი კავშირის დანახვასაც მოვახერხებდი მაცივარსა და წიგნს შორის, მაგრამ ცოტააო, ამაზეც ვერ ვიტყვი.
არა, იაპონიაში ნამდვილად ექნებათ ულეიბლო მაცივრები. თუ არ ექნებათ, სულ წამიხდება მაგათზე წარმოდგენა.
ბავშვობაში ასეთი მუქარა ვიცოდით: დაგარტყამ და გაგაფრენ იაპონიაში. ახლა ამერიკას ამბობენ, ბავშვებში სიშორის და ეგზოტიზაციის კოეფიციენტი შეიცვალა, როგორც ჩანს. შეიძლება, უბრალოდ, აფხაზეთში ამბობდნენ იაპონიას და ენგურსგამოღმა ამერიკა იყო მაშინაც? არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ აფხაზეთში დიდი სახლი გვქონდა. თუმცა, სახლთან იდენტიფიცირებას სანამ მოვახერხებდი, იქამდე დევნილად ვიქეცი. იმის მერე ბევრი სახლი მოვიცვალე, ოღონდ არცერთი არ იყო ჩემი. ამიტომაც სახლის განცდა, როგორც ასეთი, საერთოდ არ მაქვს. არ ვიცი, ეგ რას ნიშნავს.
„შინ“ ჩემთვის არ არსებობს.
არსებობს ოთხი კედელი, რომლის შიგნითაც შემიძლია მარტო ვიყო, მარტო არ ვიყო, წიგნი ვიკითხო, არ ვიკითხო, მუსიკას ვუსმინო, ან საერთოდაც, არაფერი ვაკეთო და ეს შემიძლია ნებისმიერ სხვა ოთხ კედელშიც და არცერთი მათგანი არ იქნება „ჩემი ციხე-სიმაგრე“. ვგრძნობ, რომ როცა ჩემი მეგობრები ამბობენ „შინ“-ს, ამაში უფრო მეტს დებენ, მეტს გულისხმობენ, ვიდრე მე.
და მით უფრო ბედის ირონიად მეჩვენება ის, რომ სახლზე ვწერ.
მაგრამ წერა ხომ კომპენსაციაა.