ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩემი მოგზაურობა არტისტერიუმში

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "არტისტერიუმი" შემოდგომის თბილისში 2008 წლიდან ყოველ წელს იმართება. საერთაშორისო გამოფენების ციკლი ხელოვნების ფესტივალის ანალოგიაა, თუმცა, სანახაობრივ-გასართობი ღონისძიებებისაგან განსხვავებით, კრიტიკული დისკურსის ჩამოყალიბებასა და სააზროვნო სივრცის შექმნას ცდილობს.

თანამედროვეობაში დისკურსული აზროვნების მხატვრული მატერიალიზება და ინტერპრეტაცია ხელოვნების ერთ-ერთ ჟანრად იქცა. ყველანაირი გამომხატველობა შესაძლებელია დისკურსის შესაქმნელად. რამდენად ოსტატურად კრავს კონტექსტს ფორმა და რამდენად ქმნის ნამუშევარი ახალ ემოციას, იმდენად გასაგებია ხელოვანიც და მისი შემოქმედებაც.

2016 წლის არტისტერიუმმა, ტრადიციულად მაგდა გურულისა და ილიკო ზაუტაშვილის კურატორობით, თბილისის არტსივრცეები ფილოსოფიური კონცეფციით - "მოკალი ბუდა" დატვირთა. სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის მხატვრებმა კონცეფციის შესაბამისი, ან ინტერპრეტირებული სამყაროს სუბიექტური მოდელები წარადგინეს. ამ მოდელების ლაბირინთებში ხეტიალი მხოლოდ 4-14 ნოემბრის განმავლობაში იყო შესაძლებელი.

ხეტიალი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დავიწყე. მუზეუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში საცხოვრებელ ოთახში მოვხვდი, სადაც საფრანგეთისა და ბრაზილიის ჭადრაკის გროსმაისტერი წყვილი: ნინო მაისურაძე და ალექსანდრე ფიერი საჭადრაკო დაფად ქცეულ იატაკზე უზარმაზარი ფიგურებით „სტუმრებს“, იგივე მაყურებლებს ეთამაშებოდნენ. იმიტირებულ საცხოვრებელ ოთახში საქართველოსათვის ტრადიციად ქცეული ჭადრაკის სეანსი კურატორ გაბრიელ ედვარდ ადამსის ინიციატივით შედგა. ბრიტანელმა ხელოვანმა 6 მონაწილე, უცხოელ და ქართველ ხელოვანთან ერთად, საგამოფენო დარბაზი ანთროპოლოგიური ძიების ინტერსუბიექტურ სივრცედ აქცია, რომელშიც ჭადრაკის ფიგურები, ემოჯები, სინთეზური სკულპტურები, ციფრული და ხმოვანი პროექციები თუ ბავშვების ნახატები საკუთარ ამბებს ჰყვებოდნენ.

მარშრუტი გალერეა არტარეასაკენ გავაგრძელე. იქ სამხატვრო აკადემიის ათმა სტუდენტმა, ლექტორების ვახო ბუღაძისა და ილიკო ზაუტაშვილის კურატორობით, წარადგინა გამოფენა თვითირონიული სახელით „მე იდიოტი ვარ, დედა“. კონკურენციითა და აქსელერაციით დომინირებულ სამყაროში „იდიოტთან“ იდენტიფიცირება ერთდროულად ამბოხიცაა და გამოწვევაც იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებიან. ამბოხის პულსის ცემა ირაკლი მიქიაშვილის კარდიოგრამის რითმზე შექმნილი ხმოვან-ფერადოვანი ინსტალაცია „ჰერცით“ იწყებოდა, რომელსაც საგამოფენო დარბაზში სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები სხვადასხვა სიხშირით ცვლიდა.

ლიკა ქურდაძე „მე იდიოტი ვარ, დედა“, ზეთი, ტილო 2015-2016
შთამბეჭდავი იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინსტალაცია „ხვალ იქნება გუშინ“ ტატო ახალკაციშვილის სერიიდან „ცეცხლთან თამაში“. ჰოლში, რომელსაც მწკრივებად ჩალაგებული ჰომინინების თავის ქალების საექსპოზიციო დარბაზი მოსდევს, მაღალ წითელ ტაბურეტზე მცირე ზომის ობიექტი – ლურჯი გოგო კლასიკური ჰაბიტუსით დაკარგული შესცქეროდა კედელზე დინოზავრის ჩონჩხის დიდ ფერწერას. ადამიანის ანთროპოლოგიური ევოლუციის მაჩვენებელი გამოფენის მოპირდაპირე კედელზე პიედესტალზე შემდგარი დინოზავრის ჩონჩხის მომზირალი გოგო, რეალობასა და ილუზიას, დროსა და სივრცეს, იდეასა და ფორმას, სუბიექტურსა და ობიექტურს შორის დაკარგული სამყაროს იმ ნაწილად აღვიქვი, რომელიც ყველა ჩვენგანშია დამალული.

ტატო ახალკაციშვილი „ხვალ იქნება გუშინ“ ინსტალაცია, ზეთი ტილო, თაბაშირი, 2016

– „არსებობს ოთხი ელემენტი: მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. არსებობს მეხუთე ელემენტი – ეთერი, სიყვარული, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ოთხი ელემენტი. არ არსებობს მეექვსე ელემენტი, თუმცა არსებობს სიკვდილი, რომლის არსებობაც გიბიძგებს, რომ მოიხმარო ეს ხუთი ელემენტი“. – გურამ წიბახაშვილი

გურამ წიბახაშვილი, სამტრედიის სასაფლაო, 1994
გალერეა კონტეინერში კონცეფცია „მეექვსე ელემენტის“ მიხედვით რვა ხელოვანმა წარადგინა ნამუშევარი. ფოტოგრაფები იმ მედიაში ცდილობენ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარის ჩვენებას, რომელიც მხოლოდ რეალობას აფიქსირებს. გურამ წიბახაშვილის „სამტრედიის სასაფლაო“ (1994 წ.) ფოტოსერიის ნაწილია. იგი ქართული დაკრძალვის ტრადიციას ეხება. ფოტოებზე სასაფლაოს ქვებიდან მთელი სხეულით წამომართული ადამიანები შემოგვცქერიან. ივა კეშელაშვილის „პოლაროიდები“ ყოველდღიური ყოფის სერიებით მარადიულობის მოზაიკას ქმნის; რიტა ხაჩატურიანის ქაღალდზე მელნით დახატული მზესუმზირები – ყოფნა-არყოფნის მარადიულ ციკლს.

"როდესაც ყველა აღიარებს ლამაზს სილამაზედ, იქ სიმახინჯეა.
როდესაც ყველა აღიარებს სიკეთეს კარგად, იქ ბოროტება.
"ყოფნა" და "არყოფნა" იბადება ერთობლივად... - ტაო ტე ჩინგ

ივა კეშელაშვილი, პოლაროიდები, 2015-2016

სამყაროს შემეცნების ციკლში მარადიულ კითხვაზე: რატომ ვარსებობთ – ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. მაგრამ, თუ კითხვის პასუხი ან მოპასუხე ჩნდება, მაშინ ვხვდებით „ბუდას“ – მიღწეული მიზნის თუ ახდენილი ოცნების ილუზიას. ბუდისტური მოძღვრება გვირჩევს, დავანგრიოთ ეს ილუზია და გავუყვეთ გზას ცნობიერის ლაბირინთებში ამოუხსნელი პასუხების ძიებაში.

თბილისის ისტორიის მუზეუმის – ქარვასლის დარბაზებში გამოფენის „მოკალი ბუდა“ მონაწილე ხელოვანები ყოფიერების ფარდობითობას თანამედროვე სოციალური, კულტურული და პოლიტიკური პრობლემატიკის ჩარჩოში განიხილავენ. ისინი რეფლექსირებენ იმ მოვლენებს, რომლებმაც, თითქოსდა, ჰუმანიზმისაკენ მიმავალი პროგრესის სახე რადიკალურად შეცვალა და დემოკრატიული ცვლილებები ნაციონალიზმის, ექსტრემისტული ორთოდოქსალიზმის, ვამპირული კაპიტალიზმის, უსაგნო ბიუროკრატიისა თუ ხელოვნური ტრადიციების ჩიხში შეიყვანა.

დავით კუხალაშვილი, ხელსაწყო, მარკერი ქაღალდზე, 2014

დავით კუხალაშვილის მარკერებით შესრულებული დიდი ფორმატის შავ-თეთრი გრაფიკული სერია „ხელსაწყო“ ადამიანის მექანიზმად ქცევის ინსტრუმენტებს გვაჩვენებს. მას თურქი დენიზჰარ ოზერის ფოტოინსტალაცია „სიტუაცია“ აგრძელებს, რომელიც 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების სცენებს აღწერს. თამარ ხმიადაშვილისა და ილიკო ზაუტაშვილის გენდერულ თემატიკას ალექს პერეს ფოტოსერია – „მორწმუნეები“ ენაცვლება. ნაციონალიზმსა და პოსტსოციალისტურ ნეოლიბერალიზმს აზერბაიჯანელი ჩინგიზი ინსტალაცია „ოცნებას“ უძღვნის. ნამუშევარი ღრუბლის ფთილებით აწყობილი მსოფლიოს რუკითა და დროშების სიმბოლოებით ტრანზიტულ პერიოდში იდენტობის კრიზისსა და კაპიტალისტური ღირებულების მოჩვენებით მომხიბლაობას აკრიტიკებს. ინდოელი ჩატრაპატ დუტა ფოტოგრაფიისა და ტილოების სერიითა და პერფორმანსით ნეოკოლონიალიზმის საფრთხეებზე მიგვითითებს. ხოლო, ბრიტანელი ბრამს თომას არნოლდი პერფორმანს-ინსტალაციაში „მოკალი საკუთარი კერპები“, გამოსახულებებით მანიპულირებულ საზოგადოებას ისტორიული მეხსიერების ვიზუალური, ტექსტობრივი და ხმოვანი ნაგვისაგან გათავისუფლებას მოუწოდებს.

ვახო ბუღაძე, ინერფერერა, 2015
არტისტერიუმ 2016-ში ბოლო მოგზაურობა გალერეა "გალაში" მქონდა, დიმა დადიანის მუსიკის ფონზე ვახო ბუღაძის ფერწერული სერია "ინერფერერას" გახსნაზე. გამოფენაზე შვეიცარიის, გრაუბდენდენის კანტონის, ჰინტერჰაინის ოლქის სოფელ ინეფერერაში შექმნილი ტილოები იყო წარმოდგენილი. მხატვრისათვის განსხვავებული ტექნიკითა და ფერადოვნებით შესრულებულ ფერწერაში მძიმე, გადატვირთული, ტრაგიკული, ისტერიული სამყარო მშვენიერ სენსუალურ ფორმებში ჩაიძირა.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა