ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ფესტივალი

ტადაში სუძუკი

1 წუთით
ტადაში სუძუკი

რეჟისორი

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მაყურებელმა ლეგენდარული იაპონელი რეჟისორის, ტადაში სუძუკის დიდი ხნის წინ დადგმული სპექტაკლი, "ტროელი ქალები" იხილა. ტადაში სუძუკი ერთდროულად მოაზროვნე, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსია. ის თანაპროდიუსერი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალისა და დირექტორთა საბჭოს წევრია, ჯულიარდისა და მოსკოვის სამხატვრო თეატრების პედაგოგი... 80-იან წლებში, ხმაურიანი ტოკიოსგან მოშორებით, მთებში, სოფელ ტოგაში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო თეატრალური ცენტრი დააარსა. "ტოგა-ცენტრი" დღეს, ექვს თეატრს, სარეპეტიციო ოთახებს, ოფისებს და მსახიობთა საცხოვრებელ სივრცეს მოიცავს.

 პარალელს ახალო აღმოსავლეთში მიმდინარე დღევანდელ ომებთან ხედავთ?

ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები ვართ, რაც სირიაში, ერაყში და საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში ხდება. თქვენ გგონიათ, ეს უბედური, აღარაფრის მომლოდნე, ტრაგიკული ომებითა და რიტუალით გაქვავებული ქალები, დასისხლიანებული და დასახიჩრებული ბავშვები, საყოველთაო ფსიქოზით შეპყრობილი მოზარდები ჩვენი განაჩენი არ არის?! და ეს მხოლოდ ცხელ-ცხელი ნიუსებისა თუ ჰედლაინების თემაა?

 „ტროელი ქალებით“ თითქოს თეატრის საწყისებთან, ანტიკურ სამყაროში დაგვაბრუნეთ. სპექტაკლი თითქმის ორმოცი წლის წინათ დადგით. როგორ შეიცვალა სამყარო ამ დროის მანძილზე და რა შეიცვალა თქვენს წარმოდგენაში?

განსხვავებით სხვა ბერძნული ტრაგედიებისგან, „ტროელ ქალებში“ ძირითადი ტრაგიკული ამბები უკვე მომხდარია. ქმედება შეცვლილია გლოვით, სიტყვებითა და რეფლექსიით. ვნებებიც შესაბამისად ჩამცხრალია. წარმოდგენა აღარ შეიცავს დრამატულ ამბებს, მაგრამ არაფერია უფრო დრამატული, ვიდრე იძულებითი მოლოდინი, ვიდრე იმის შეგრძნება, რომ უბედურება გარდაუვალი, ცხადი და არაპროგნოზირებადია. დიახ, სამყარო შეიცვალა, მაგრამ უბედურება და ომები მომრავლდა. სამყაროს სისასტიკის გაუგონარი, არნახული ფორმები ატყდება თავს და ეს შეიარაღებისა და ტექნიკური პროგრესის ფონზე ხდება.

რასაკვირველია, რეჟისორი ვერ იქნება გულგრილი იმის მიმართ, რაც სამყაროში ხდება, მაგრამ როგორ აკავშირებს ის ამ ყველაფერს თეატრთან? და როგორ ზემოქმედებს თეატრი რეალობაზე?

დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი თანამემამულე მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, სწორედ ისეთ ემოციურ და სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრობდა, როგორც „ტროელ ქალებშია“ აღწერილი. დიახ, ევრიპიდეს ეს განცდები ძალიან ზუსტად აქვს აღწერილი. რეჟისორი ისე უნდა „შევიდეს“ ტექსტში, თითქოს „ტროელ ქალებში“ მეორე მსოფლიო ომის ამბებს ან დღევანდელ სირიას აღწერდეს. გმირები ომის ნანგრევებში მოყვნენ, იმედი დაკარგული აქვთ. ამავე დროს, „ტროელ ქალებში“ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რა უნივერსალურია ადამიანის ტანჯვა საზღვრებს, დროსა და სივრცესთან მიმართებით. თეატრიც, შესაბამისად რეაგირებს რეალობაზე. დიახ, ტროის ომები ჯერ კიდევ გრძელდება.

 60-70-იან წლებში, პირველი ავანგარდული ნაბიჯები გადადგით – მიატოვეთ ხმაურიანი ტოკიო და მთებში გადასახლდით. ეს პროტესტის ერთგვარი ფორმა იყო თუ ახალი თეატრის დასაწყისი?

დიახ, ჩვენი წარმოდგენები ავანგარდული, ხოლო დასის წარმატება – ხმაურიანი იყო, რამაც „ნოსა“ და „კაბუკის“ თეატრების გავლენისგან თავისუფალ იაპონურ თეატრს დიდი აღიარება მოუტანა. 70-იან წლებში გადავედით შორეულ მთებში, ტოგაში. კომპანიამ მალე შეიცვალა სახელწოდებაც და მას „სუძუკი-თეატრი ტოგა“ ეწოდა. ტოგა ალბათ, იდეალური, ძალიან მყუდრო ადგილია ახალი თეატრისათვის; მსახიობების განვითარებისთვის.

თქვენ სტუდია ახსენეთ, სადაც მსახიობებთან ერთად დიდ დროს ატარებთ. მართალია, რომ მსახიობთა ცხოვრების პირობები ტოგაში საინტერესო, უნიკალური, მაგრამ თანაც ძალიან მკაცრია?

ჩვენი კომპანია მალე 35 წლის იუბილეს აღნიშნავს და ის ახერხებს თავისი სახელოვნებო სივრცეების გამოყენებას, სარგებლობს როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. პარადოქსია, მაგრამ იზოლირებულ სოფელში ჩვენმა გადასვლამ კომპანიას კიდევ უფრო მეტი მიმდევარი გაუჩინა. ტოგაში ახლა, სხვადასხვა ქვეყნიდან, დაახლოებით 150 მსახიობი ცხოვრობს და მუშაობს. გარეშე თვალისთვის ეს უფრო პილიგრიმობად აღიქმება, თუმცა მე დისციპლინას დავარქმევდი. ვერც იმაში დაგეთანხმებით, თითქოს მათ განსაკუთრებულად მკაცრ პირობებში უწევდეთ მუშაობა. მთავარია ენერგიის სწორი განაწილება და ძალების კონცენტრაცია სცენაზე, რაც, პირველ რიგში, სწორ სუნთქვასა და ენერგიის სწორ ბალანსზე აისახება. ეს მთელი ფილოსოფიაა.

 და მაინც, სადაა სირთულე ან, თუ გნებავთ, სიმარტივე?

მხოლოდ შრომით და ვარჯიშით განმტკიცებულ ფანტაზიასა და წარმოსახვაში, პერფორმანსს მხოლოდ ეს ამოძრავებს. მსახიობები მარტო რჩებიან დიდი ტექსტებისა და სივრცის წინაშე და ამიტომ ენერგიის საოცარი კონცენტრაციით უნდა წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

 ძირითადად, ანტიკურ ავტორებს, შექსპირის, ბეკეტის, ჩეხოვის ტექსტებს მიმართავთ. ეს პრინციპულია თქვენთვის? რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე დრამატურგია?

ჩემი აზრით, ჯერჯერობით, არცერთ თანამედროვე ავტორს არ შეუძლია, ძალაუფლებისა და ძალადობის კავშირი ისეთი ძალით, ვნებით აღწეროს, როგორც ამას შექსპირი აკეთებს. ვერავინ ისე ნატიფად და სიღრმით ვერ სწვდება ადამიანს, როგორც ჩეხოვი და ჯერ არავინაა ისეთი დაუნდობელი და ირონიული, როგორც აბსურდის თეატრის ავტორები. რასაკვირველია, დამიდგამს თანამედროვე პიესებიც. მაგალითად, მიშიმას „მარკიზა დე სადი“, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. დიდი დრამატურგები ისინი არიან, ვინც ქმნიან მართლაც უნივერსალურ შესაძლებლობას ყველასთვის, ვისაც შეუძლია საკუთარი თავი ბოლომდე გამოავლინოს. 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა