
სიცოცხლე კადრში და ზედხედიდან GIFT 2016
რა როლი აქვს ხელოვნებას მაშინ, როცა პოპკულტურა, ესტრადა და ტელევიზია უზარმაზარ სივრცეებს და ყურადღებას იტაცებს? ეს როლი, მისი განზომილება და ამოცანათა დიაპაზონი უეცრად იცვლება. სად არის ასეთ დროს ხელოვნების ადგილი? სულის მდგომარეობაშიო, გასცა პასუხი არტისტმა ნამ ჯუნ პაიკმა, რომელიც მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში დაბადებულ ახალ სახელოვნებო მიმართულებაში „ფლუქსუსში“ გაერთიანდა და ეს ტენდენციაც ადამიანების მდგომარეობის განმსაზღვრელად წარმოიდგინა.
იმის მიუხედავად, რომ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში კონკრეტულ გაერთიანებებსა და სალონებში გაღვივებული მოდერნისტული ხელოვნების ფართო მასებისთვის გაცნობა დაისახეს მიზნად, ეს „წარმოება“ მასობრივი და ისეთი მულტიმედიური მაინც ვერ გახდა, როგორც 2-3 ათეული წლის შემდეგ. „ფლუქსუსის“ მიმართულების ქვეშ გაერთიანებული პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები და ზოგადად ხელოვანები ერთმანეთს შორის საზღვრებს შლიდნენ და თავიანთი ნამუშევრებითა და აქციებით ცდილობდნენ, წარმოეჩინათ ერთი ამოცანა – მდგომარეობა, ატმოსფერო, ან სამყარო სხვადასხვა ფორმით. მედიათა სინთეზი იყო გამოხატვის მათი მთავარი ხერხი.

1964 წელს ფლუქსუსელმა დიტერ როტმა თავისი მორიგი წიგნი გამოსცა. დიტერ როტი იყო არტისტი, რომელიც სიტყვასა და გამოსახულებას თითქმის არ მიჯნავდა, ამიტომაც ძალიან ხშირად მიმართავდა ე.წ. არტბუკების ფორმას. წიგნებს, რომლებშიც სიტყვა და სურათი, სიტყვა და იმიჯი თანაბარუფლებიანი როლით სარგებლობდნენ.
მოკლედ, გამოსცა. წიგნი გადაშალეს და არაფერი არ მოჰყოლია. ზუზუნ-ბურტყუნის გარდა. Murmel murmel murmel murmel murmel murmel…. ეს სიტყვა დაახლოებით იმავეს ნიშნავს, რასაც ჩვენთვის „ბლა ბლა ბლა ბლა ბლა“. ამ პიესაში პერსონაჟები თითქოს არიან. მათ ყველას ერთნაირად ჰქვიათ MURMEL და ისინი იმეორებენ – murmel murmel murmel. რემარკებისა და კონტექსტების გარეშე.
„ეს უნდა იყოს ყველაზე მოსაწყენი პიესა სამყაროში“, – დასძინა ავტორმა. მაგრამ, მისდა გასაოცრად, არაერთი ხალისიანი და სასაცილო წარმოდგენის დრამატურგიულ საფუძვლად იქცა. რა აღწერა ავტორმა? თავისი დროის ხმაური? ისტერიკა? წარმატებისთვის ვიშვიში? ერთმანეთთან აბსოლუტურად მიმსგავსებული პოპკულტურის ხატების ერთნაირი ენა? ვინ იცის. თუმცა თავისებური ამოხსნა მოუძებნა ამ ყოველივეს ბერლინელმა რეჟისორმა ჰერბერტ ფრიჩმა, როცა 2013 წლისთვის ბერლინის სახალხო თეატრში მისი დადგმა გადაწყვიტა და დადგა კიდეც.
სწორედ მისი წარმოდგენა გახდა ჩემთვის წლევანდელი ფესტივალ „საჩუქრის“ მთავარი სურათი. დიახ, სურათი. სახე. ის, რითიც 2016 წელი ამ ფესტივალმა თავის ისტორიაში მონიშნა.
ბერლინელების დადგმა, რომელიც შოთა რუსთაველის თეატრის სცენაზე ვიხილეთ, ერთი დიდი მხატვრული სურათია. მისი საშუალებით დღევანდელი გადასახედიდან დავინახეთ მეოცე საუკუნის 50-60-იანი წლების არა მოვლენები, არამედ – გარემო; სამყარო, რომელიც გულისხმობს თავის თავში განწყობებს, ფერებს, პრეტენზიებს და მოლოდინებს. ბერლინის სახალხო თეატრის დადგმა „მურმელ მურმელ“ არტისტული კომენტარია არტისტული პროცესის შესახებ. მაგრამ არის დიდი „მაგრამ“. ის, რაც კულტურული გამოცდილებაა ევროპელისთვის, მაგალითად, გერმანელისთვის, მხოლოდ შორეული და სხვისი ამბავია საქართველოს თეატრალური თუ სახელოვნებო სფეროსთვის. 50-იანი წლების პოპკულტურის ხმაური და მის პარალელურად სახელოვნებო ტენდენცია – ფლუქსუსი – ეს ევროპელების გუშინდელი დღეა, ჩვენი გუშინდელი დღე კი სტალინური კულტურაა, რომლისგანაც განდევნილია ფორმა, როგორც მდგომარეობის განმსაზღვრელი. განდევნილია ინდივიდუალიზმი, შესაბამისად – ინტერპრეტაცია და მრავალფეროვნება. აქ ყველაფერს თავისი და ნაცნობი სახელი უნდა ერქვას. ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს მორალსა და იდეოლოგიას. მაგრამ ერთ იდეოლოგიას. ზუსტად ამიტომ, თბილისელი მაყურებლისთვის ყველაფერი თავიდანვე ცხადი არ ყოფილა, მაგრამ სპექტაკლი „მურმელ მურმელ“ მაინც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. „განსხვავებული“, „ფერადი“, „ხალისიანი“...
მისი პირველი ნაწილი, ფერადი ტელევიზიის გაჩენის მომენტზე მიგვანიშნებს. მთელი სცენა აგებულია ეკრანის ფერადი ზოლებით. ეს ფერადოვანი ეკრანის ცისარტყელა სულ დინამიკაშია. ხან რომელი ფერი იპყრობს დიდ სივრცეს და ხან – რომელი. შუაში კვადრატული ჭრილი კი ადამიანების არსებობის საზღვარია. ყუთი მათი თვითგამოვლენისა. ისინიც მოსწრებაზე არიან, უნდა ილაპარაკონ. ილაპარაკონ რამე, თუნდაც ბლა ბლა ბლა და გაგვაცნონ თავი. გახდნენ მნიშვნელოვანები. დარჩნენ, დიდი ხნით დარჩნენ ამ ყუთში. იმღერებენ და ელვის პრესლის დაემსგავსებიან. თმას დაივარცხნიან და მერილინ მონროს დროის ქალებს. არც უორჰოლისეული ფონი დააყოვნებს და მათ უკან გაჩნდება... წარმოდგენის მეორე ნაწილი პოპკულტურის იმიჯებს თითქოს სცილდება. ამორფულ სივრცესა და სხეულებს გვთავაზობს დიდი ფერადი პანოებით. მათ გასწვრივ და ფონზე მსახიობები პერფორმანსებისთვის დამახასიათებელ მედიტაციურ დინამიკაში ექცევიან. რთულია ამ ნაწილის სცენოგრაფიას უყურო და არ იმოგზაურო მარკ როტკოს ალისფერში ან ივ კლაინის ლურჯში. ჰერბერტ ფრიჩის დადგმაში ნამდვილი კულტუროლოგიური კვლევაა შესრულებული იმისთვის, რომ თანამედროვე მაყურებელს იმ დროის „სულის მდგომარეობა“ განაცდევინოს.

ფოტო: თამუნა კულუმბეგაშვილი
ფესტივალი „საჩუქარი“ ხელოვნების ფესტივალია, თუმცა წელსაც მის პროგრამაში დომინანტური მაინც სათეატრო ხელოვნება იყო. მეც კიდევ ორ წარმოდგენას გამოვარჩევ, მოლოდინებით და არა ჩემი პირადი კრიტერიუმებით. ჰაინერ მიულერის „მედეა: მასალა“ თბილისის სცენებზე დადგმულა. ამიტომაც მაყურებელი იცნობს პიესას, რომელსაც მკრთალ ძაფად გასდევს ევრიპიდეს მედეას ამბავი. თუმცა გერმანელ ავტორთან მედეა მისი თანამედროვე ქალია, რომელიც აირეკლავს თავისი დროის პრიზმიდან დანახულ არა მხოლოდ ღალატის თემას, არამედ თავის გარემოში მომწიფებულ სხვადასხვა პოლიტიკურ სოციალურ და კულტურულად აქტუალურ თემას. ამის მიუხედავად, კარმელო რიფიჩის დადგმა, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ჩამოიტანეს და რომლის ერთადერთი მონაწილეც მსახიობი მარიანჯელა გრანელი გახლავთ, მაინც ვერ მოსწყდა მედეას, როგორც მიტოვებული ქალის თავგადასავლის ფაბულას. სცენაზე ვხედავდით ემოციურ-სენტიმენტალურ, ხან გაბრაზებულ და ხანაც ატირებულ ქალს, რომელიც ხშირად იცვამდა და იხდიდა. ცურავდა წყალში – გუბე-აუზში და შემდეგ სველი და გაწუწული იდგა სხვადასხვა პლატფორმაზე, საიდანაც თავის ვნებებსა და ტკივილებზე საუბრობდა. ან იყო ფრუსტრირებული, ქონებად ებადა მხოლოდ სხეული. და ეს ხდებოდა ტრადიციული ნეორეალისტური იტალიური კინო-თეატრის ენაზე, როცა არტისტები ბაძავენ ემოციებს, როცა სევდას გამოხატავენ მხოლოდ ტირილით, სიბრაზეს – ყვირილით, ტკივილს – დაღრეჯილობით. იმიტაციას სჭირდება ოსტატობა და ეს ოსტატობა ქართველმა მაყურებელმა მოუწონა მარიანჯელა გრანელის. განსაკუთრებით მაშინ, როცა შედგა წარმოდგენის კულმინაცია – მედეასა და იასონის დიალოგი. ამ დროს მსახიობი ორივე პერსონაჟის განსახიერებას ცდილობდა, ხმის ტემბრისა და მიმიკების შეცვლით. ქართველი მაყურებელი მიჩვეულია თამაშის ამ მანერას. ეს იყო მშობლიური. და თავის ჟანრსა და ტექნიკაში ალბათ კარგად შესრულებული მელოდრამატული ბალადა სიყვარულსა და ღალატზე. ჩემთვის ეს არის უკვე ისტორია. დასრულებული თეატრი.
და ბოლოს, ვინც „საჩუქარს“ ხშირად ესწრება, ის განსაკუთრებულად ელოდა ცნობილი რეჟისორის – დიმიტრი კრიმოვის დადგმასაც. წელს კრიმოვი და მისი სახელოსნო თბილისში საკმაოდ ძველი ექსპერიმენტით ჩამოვიდნენ. უსიტყვო წარმოდგენა მხატვრების პერფორმანსს ჰგავდა, თუმცა, სინამდვილეში მხატვარი იყო მხოლოდ რეჟისორი კრიმოვი და მსახიობები მის სქემებს ავითარებდნენ. „დემონი. ხედი მაღლიდან“ ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც მხოლოდ პირდაპირ აღწერს წარმოდგენის გათამაშების მთავარ პირობას. მაყურებელი ზემოდან უნდა უყურებდეს ქვემოთ, სიღრმეში, წრიულ ფორმატზე გაშლილ სხვადასხვაგვარ კომპოზიციებს. ამ კომპოზიციებში მსახიობები სახელდახელოდ ხატავენ გამოსახულებებს და შემდეგ ამ გამოსახულებათა კომპოზიციის ნაწილნი თავად ხდებიან საკუთარი სხეულებით, როგორც ნახატის მოძრავი ელემენტები. ამ დროს კი ჰაერში კიდია შავი, ამორფული სხეული, როგორც ჩანს – დემონისა; ენერგიისა, რომელიც ქვედა სამყაროს მართავს.
თბილისში წარმოდგენა „ქარვასლაში“ გაიმართა და, როგორც რეჟისორს თავის დროზე სურდა, მაყურებელი ამჯერადაც აქცია აივნებზე გადმოკიდებულ ჩიტებად, რომლებიც მაღლიდან უყურებენ რეჟისორის ხედვას სიცოცხლის და ადამიანად ყოფნის შესახებ – დაბადების ხატს, ომების ხატს, სიხარულის და სილამაზის; სიყვარულის და სიკვდილის ხატებს. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთი დიდი კონცეფციების უსიტყვოდ ამოხსნის სურვილის დროს, ის მოხდა ამ სპექტაკლშიც. რეჟისორს მაყურებლისთვის ცნობადი ნიშნების და პოპულარული ხატებით თამაში მოუხდა. ამიტომ თხრობა გარდაუვლად ზედაპირული გახდა, გაჩნდა სანახაობის აუცილებლობა, და ამ სანახაობაში გონებამახვილური აქცენტების დასმის საჭიროება. და დიმიტრი კრიმოვი ამ საკითხებშიც ისეთივე ზუსტი აღმოჩნდა, როგორც საერთოდ არის ხოლმე თავის თეატრალურ დადგმებში, როცა ეფექტურად ავლენს სიზუსტეს და მისეულ, თავისთავად მიდგომებს გარემოს, ფორმის, ფერის, სიტყვის შესაბამისობის შექმნის პროცესში.