ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხელოვნება +

ინტერვიუ კირილ მედვედევთან

- როგორ ფიქრობ, შეუძლია ხელოვნებას, რაიმე ხიფათი შეუქმნას არსებულ წესრიგს, თუ ის მთლიანად შეზრდილია მასთან?

ნებისმიერი ცალკეული ხელოვნების ნაწარმოები შეიძლება გაშუალებულად სახიფათო იყოს ძალაუფლებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერ ცალკეულ შემთხვევას ჩვენს ცხოვრებაში, ვთქვათ, ტვინის შერყევას თეორიულად შეუძლია მოგვაბრუნოს პოლიტიკისკენ. მაგრამ, თუ ვსაუბრობთ ხელოვნების შეგნებულ ჩართვაზე პოლიტიკურ პრაქტიკაში, ეს ყოველთვის არის ფორმულა ხელოვნება+. ხელოვნება პლუს პოლიტიკურის, მისი რეპრეზენტაციის არაინსტიტუციონალური კონტექსტის ძიება, პლუს ხელოვანის პოლიტიკური პოზიცია, პლუს ხელოვანის ესა თუ ის პოლიტიკური, სამოქალაქო ქმედება. ეს პლუსი, ეს ზღვარი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის იძლევა საშუალებას, ხელოვნება და პოლიტიკა ერთმანეთს არ დაემთხვნენ, არამედ შენარჩუნდეს დინამიკური ურთიერთობები მათ შორის. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში რჩება შანსი ხელოვნებას, არ იყოს ბოლომდე ინტეგრირებული და საფრთხეს წარმოადგენდეს.

- ლენინი წერდა, რომ თუ უარს ვიტყვით პოლიტიკური ამბოხისადმი, როგორც ხელოვნებისადმი დამოკიდებულებაზე, ეს იქნება მარქსიზმისა და რევოლუციის ღალატი. ეს ფიგურა – ხელოვნება, როგორც ამბოხი და ამბოხი – როგორც ხელოვნება, მუშაობს?

ლენინი ამით ეწინააღმდეგებოდა, ერთი მხრივ, ბლანკიზმს, რომელიც იმედს ამყარებდა სუბიექტურ ან შეთქმულთა მცირე ჯგუფის და არა მასებზე დამყარებულ ამბოხზე. მეორე მხრივ კი, მენშევიკურ წარმოდგენას მუშათა კლასის ობიექტურ ისტორიულ მოუმზადებლობაზე ძალაუფლებისთვის. ხელოვნების ქვეშ ლენინს ესმოდა შესაძლებლობა და მზადყოფნა, მიიღო სწორი გადაწყვეტილებები სწორ ვითარებაში. ეს რა თქმა უნდა ახლოსაა ხელოვნების ჩემეულ გაგებასთან. მაგრამ ეს პრობლემატიკა არსებობდა მანამდე, სანამ გაჩნდებოდა პოლიტიკის ესთეტიზაციისა და ესთეტიკის პოლიტიზაციის საკითხი, რომლის პრიზმაშიც ჩვენ იძულებულები ვართ, დღეს ვიყუროთ.

- თუ მხედველობაში მივიღებთ ალან ბადიუსეულ ანალოგიებს თეატრსა და პოლიტიკას შორის, გიგრძვნია თავი მსახიობად პოლიტიკური ქმედებების დროს?

პოლიტიკურ ქმედებას, თუკი ის მართლა პოლიტიკურია, უნდა ჰქონდეს კონკრეტული ამოცანა, შესაძლოა ეს იყოს პოზიციის აუდიტორიამდე ან მედიამდე მიტანა, ახალი მხარდამჭერების შეძენა, ხელისუფლებაზე ზეწოლა ან ძალაუფლების ცენტრების ხელში ჩაგდება. ხელოვნებაში კი, თუ ეს ხელოვნებაა (როგორც ცხოვრებაში, თუ ეს ცხოვრებაა), როგორი უტილიტარული მიზნებითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს ხელოვანი, ყოველთვის არსებობს რაღაც არაპრაგმატული ნაშთი, რომელშიც უქმდება ოპოზიცია თვითგანადგურებასა და თვითშექმნას შორის. ამ ნაშთშია მოქცეული რევოლუცია. მაგრამ მხოლოდ შეგნებული, რაციონალური პოლიტიკური მუშაობით შეიძლება მისი გამოხდა. 

- რა არის მთავარი უთანხმოება პოლიტიკასა და ესთეტიკას შორის?

პოლიტიკა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ეს არის ის, თუ რა რაციონალური მექანიზმების შეთავაზება შეგვიძლია ცხოვრების ირაციონალურ ძალასთან სამუშაოდ. და ეს სხვაობა, ეს საზღვარი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე არ მომწონს პოლიტიკისა და ხელოვნების სრული აღრევა, არ მომწონს ზედმეტად რაციონალური ხელოვნება და ზედმეტად ესთეტიზებული პოლიტიკა.

 

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა