გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ტერმინალი

ახალი კავშირების სივრცე

ტერმინალი რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც საკუთარი წევრებისთვის კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში ღიაა. ეს არის კომფორტული და ინსპირაციული სამუშაო სივრცე, სადაც ახალი წამოწყებები და პროექტები იქმნება. 

 

ჯინო დოლინი

ტერმინალის დირექტორი

სად უფრო პროდუქტიულად მუშაობს ადამიანი – იზოლირებულ ოფისში თუ საერთო სამუშაო სივრცეში? ამაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის. ჰარვარდის მეცნიერული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ადამიანი საერთო სამუშაო სივრცეში საქმეზე მეტად მობილიზებულია, გაცილებით კრეატიული და პროდუქტიული ხდება. მუშაობის პროცესიც უფრო სასიამოვნო და დინამიკურია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ყოველთვის, ადამიანების ურთიერთობებია. აქ უამრავი პროფესიის ადამიანი იყრის თავს. წევრები ერთმანეთს ეცნობიან, უმეგობრდებიან, იდეებს ცვლიან. ბევრი სტარტაპკომპანია სწორედ ამგვარ სივრცეში იქმნება.

ტერმინალი კომპანია TUSHICONCEPT-ის მეორე პროექტია. მანამდე კი Vere Loft-ი იყო. ტერმინალის მსგავსად, ისიც სამუშაო სივრცეა, მხოლოდ არა ასეთივე მრავალფუნქციური. ტერმინალის იდეა Vere Loft-ის გახსნიდან ერთი წლის თავზე გაჩნდა, ახალი სივრცე კი – 2018 წლის მარტიდან, დღეს მისი ოფისებისა და საერთო სამუშაო სივრცის უდიდესი ნაწილი დაკავებულია.  

ტერმინალი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქართული პროექტია, რომელიც საერთო სამუშაო სივრცეს, დახურულ ოფისებს, შეხვედრების ოთახებს და საკონფერენციო დარბაზებს აერთიანებს. ჩვენი წევრები მაღალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობენ, თავისუფალი არიან ყველანაირი კომუნალური გადასახადისგან, არ უწევთ ზრუნვა დალაგებაზე, სარგებლობენ 24-საათიანი კაფეთი. ტერმინალის საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაციები, ტრენინგები, მრავალფეროვანი კურსები, გამოფენები და სხვა ღონისძიებები იმართება. დარბაზები ტექნიკურადაც სრულყოფილადაა აღჭურვილი და ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას თავისუფლად ერგება. 

ტერმინალში სულ რაღაც ხდება. ახლა Seed-ის ფოტო მასტერკლასის პარტნიორები ვართ. სამი თვის განმავლობაში, ცხრა ყველაზე წარმატებული ქართველი ფოტოგრაფის კურსს ვუმასპინძლებთ.

ღონისძიებებზე, ჩვენს წევრებსაც მუდამ ვეპატიჟებით და მათთვის სპეციალური შეთავაზებებიც გვაქვს. 

ვცდილობთ, ტერმინალში ისეთი გარემო შევქმნათ, სადაც არა მხოლოდ კომფორტულად მუშაობას, არამედ განტვირთვას და გადახალისებასაც შეძლებთ. ადამიანებთან ინტერაქცია, იდეების გაზიარება, ახალი პროექტების წამოწყება – ეს ჩვენთან ცხოვრების სტილია. 

ბექა ახვლედიანი

Capstone Prime Georgia-ს დირექტორი

ჩვენი კომპანიის მთავარი ოფისი ნიუ-იორკშია. საქართველოს ფილიალი კი მხოლოდ ოთხი თვის წინ დაარსდა. ფილიალს ჯერჯერობით მხოლოდ მე ვმართავ. პარტნიორებთან, ჩვენს პროექტებში ჩართულ ადამიანებთან შეხვედრების გამართვა მიწევს. მანამდე სახლებში, კაფეებში, რესტორნებში ვხვდებოდით ერთმანეთს. ასეთ გარემოში კი კონცენტრაცია გვიჭირდა. ბოლოს გადავწყვიტე, ისეთი სივრცე მეცადა, რომელიც ოფისის მაგივრობასაც გამიწევდა და ამგვარი შეხვედრების შესაძლებლობასაც მომცემდა. ბევრი ვნახე და ბოლოს ტერმინალში მოვედი, მაგიდას მივუჯექი, ლეპტოპი გავხსენი და მივხვდი – აქ უნდა დავრჩენილიყავი. თანაც, მე გვიანობამდე მიწევს მუშაობა, ხშირად შაბათ-კვირასაც აქ ვარ. 

ტერმინალის გუნდი იდეალურია, დღე და ღამე მზად არიან, დაგეხმარონ. აქაურობა სახლივითაა. ყველაზე მეტად მაინც ის მომწონს, რომ ხალხთან მაქვს კავშირი. ბევრი ადამიანი გავიცანი. იდეებს ვცვლით, სხვადასხვა პროფესიის, მიმართულებების სინერგია ხდება. აქ გაცნობილ ერთ-ერთ კომპანიასთან, ცოტა ხანში, საერთო პროექტზეც კი დავიწყებ მუშაობას. 

შოთა გიორგობიანი

Optio.Ai-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი

Optio Ai მე და ჩემმა მეგობარმა დავაარსეთ. შემდეგ კიდევ ორი წევრი შემოგვემატა. ტერმინალში დინამიკაა, სიცოცხლეა – პრეზენტაციები, შეხვედრები, ტრენინგები იმართება. უცებ შეიძლება ნაცნობს გადააწყდე, შენ შენს საქმიანობაზე, ის კი თავისაზე მოგიყვეს და აღმოაჩინოთ, რომ ერთად საინტერესო რამის წამოწყება შეგიძლიათ. ბევრ ახალ ადამიანს უმეგობრდები და ხშირად მათთან თანამშრომლობასაც იწყებ.

ტერმინალში სივრცეც ისეა გადანაწილებული, რომ ერთმანეთს მუშაობაში ხელს არ ვუშლით. კონცენტრაცია თუ გჭირდება, თავისუფლად ახერხებ, გავლა და კომუნიკაცია თუ გინდა – მაგასაც. 

ზაალ გაჩეჩილაძე

Pulsar AI-ის ტექნიკური დირექტორი

ჩვენ Vere Loft-იდან დავიწყეთ. შემდეგ ახალი გუნდის შევრები შემოგვემატნენ, 12 გავხდით და უფრო დიდი სამუშაო სივრცის მოძებნა დაგვჭირდა. ტერმინალში სივრცე მეტია და მისი ადგილმდებარეობაც უმეტესობისთვის მოსახერხებელი აღმოჩნდა. 

საერთო სამუშაო სივრცე თავიდან იმისთვის ავირჩიეთ, რომ კომუნალურ გადასახადებზე, დალაგებაზე აღარ გვეფიქრა. დღეს კი უკვე ვხედავთ, რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ტერმინალი გვაძლევს – ეს საინტერესო ხალხთან ურთიერთობები, სოციალიზაციის საშუალებებია. ბარი, ვერანდა, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახები – ტერმინალში სივრცეებიც მრავალფეროვანია. ყველაფრის მიუხედავად, აქ ზედმეტი ხმაური არასდროს გაწუხებს. სიმშვიდეში ვმუშაობთ და ერთმანეთს არასდროს ვუშლით ხელს.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა