ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დავიდ ფონკინოსი

როგორ გახდით მწერალი?
ლიტერატორთა გარემოცვაში არ ვიზრდებოდი, არც კითხვა მიყვარდა. 16 წლისას მძიმე სენი შემეყარა და მივხვდი, რომ სწორედ სიტყვებით უნდა გამომეხატა სათქმელი. 26 წლის ვიყავი, პირველი წიგნი რომ გამოვაქვეყნე, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რომ მწერალი გავხდებოდი. სულ სხვადასხვანაირად ვწერ, ხშირად ვღალატობ საკუთარ თავს. 

„შარლოტი“ მოკლე-მოკლე წინადადებებით დაწერეთ. რატომ?  
ეს ემოციებით სავსე, მისტიკური წიგნია ცხოვრებაზე, შარლოტ სალომონზე, მეორე მსოფლიო ომზე. ყოველი წინადადების მერე ახალ აბზაცს ვიწყებდი, წერა სუნთქვას ჰგავდა. რედაქტორი მეუბნებოდა, მკითხველები ამის კითხვით შეწუხდებიანო. თუმცა შარლოტ სალომონის ცხოვრება ძალიან ხანმოკლე იყო, ყველაფრის მოსწრება უნდოდა, სულ ეჩქარებოდა და მეც წერის ამგვარი რიტმით შევეცადე ამ სიჩქარის ჩვენებას.

როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი?
მწერლობა არ ეფუძნება რაღაც კონკრეტულს. წარმოსახვა, ინტუიცია, არტისტული აღქმაა მნიშვნელოვანი და არა – ხელის გაწაფვა. 14 რომანის შემდეგ, ვინ იცის, შევძლებ კი საკუთარ თავში რაიმე ახლის აღმოჩენას? თუმცა მაინც ბევრ რამეს ვგეგმავ: ფილმს, ახალ რომანს, პიესას...

რას ფიქრობთ, მართლა შეიძლება გაქრეს ლიტერატურა?
ჰმ... კი, წიგნებს სულ უფრო ცოტა კითხულობს, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. კითხვა მეც გვიან დავიწყე. ერთი შეხედვით, ლიტერატურა დაღმავალ გზაზეა, მაგრამ არ ვღელავ, ყოველთვის იქნება ვიღაც, ვისაც კითხვა ეყვარება, ვინც ლიტერატურას მომდევნო თაობას გადასცემს.

როგორ აღიქვამთ კრიტიკულ წერილებს, რომლებშიც საუბარია თქვენს უკონფლიქტო სიუჟეტებზე, მეტისმეტად ზრდილობიან პერსონაჟებზე, ერთი სიტყვით, უსარგებლო ლიტერატურაზე? 
მწერალმა ერიკ შევიარმა, ვისაც ძალიან ვაფასებ, ჩემს რომანებს „სააგარაკო ლიტერატურა“ უწოდა. თუმცა კრიტიკას კონტექსტი სჭირდება. როდესაც „შარლოტი“ გონკურის პრემიის სიაში მოხვდა, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პოლიტიკური კამპანია წამოვიწყე. რადგან წარმატებას მივაღწიე, სავალდებულო გახდა ჩემზე ცუდის თქმა. კრიტიკას ბოლომდე ვიღებ, როცა საფუძვლიანი და ჯანსაღია. თუმცა იმხანად გული მეტკინა, რადგან კრიტიკოსები ჩემს რომანს კი არ აფასებდნენ, არამედ – ჩემს წარმატებას. ახლა ეს აღარ მადარდებს.

რა გეგმები გაქვთ? 
ჩემი ახალი წიგნი პუშკინის შესახებ იქნება. აღმოაჩენენ მის ხელნაწერს, რასაც დიდი ამბები მოჰყვება. „შარლოტის“ მიხედვითაც დავწერე ფილმის სცენარი, რომელსაც ოლივიე დაანი გადაიღებს. ოდესმე მინდა ისეთი ფილმი გადავიღო, რომელიც ჩემი წიგნის ეკრანიზაცია არ იქნება. საერთოდ, რომც აღარაფერი გამოვაქვეყნო, ლიტერატურა მაინც ჩემს უდიდეს ვნებად დარჩება.