
იდეალური ტვისტი
– თქვენ ალბათ, დრუიდი ხართ, ხის ნივთები რომ მოგწონთ, – ჯერ კარგა ხანს მაკვირდება და მერე ასკვნის რუსუდანი.
– დრუიდი?! – გაკვირვებით ვეკითხები და თან ინდურ ხის თასს ვათვალიერებ, რომელსაც უკანა მხარეს ჯერ კიდევ შერჩენია საბჭოთა ეტიკეტი ფასით: 5 рублей.
– ხუთი ელემენტი ხომ არსებობს: წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და მეტალი, – ენაწყლიანად აგრძელებს საკუთარი ანტიკვარიატის მაღაზიის ერთ-ერთ კედელთან მიდგმულ ვეებერთელა ტყავის ტახტზე მოკალათებული რუსუდანი, – აი, ხის ელემენტი ვინცაა, დრუიდებს ეძახიან.

ფოტო: გურამ კაპანაძე. მაგიდა „stairs to nowhere“ 2016 წლის კოლექციიდან „wild minimalism“

ფოტო: გურამ კაპანაძე. secret console 2016 წლის კოლექციიდან „wild minimalism“
სახლში მისული, პირველს, რასაც ვაკეთებ, ხუთი ელემენტის გახსენებას ვცდილობ – ორი წლის წინ ფენშუის ერთკვირიანი გატაცება რომ მქონდა, მახსოვს, რაღაცები წავიკითხე. უამრავი რჩევა იყო იმის შესახებ, სახლის რომელ ნაწილში რა ტიპის ელემენტების გამოყენება სჯობს დადებითი ენერგიის მოსაზიდად და უარყოფითის გასანეიტრალებლად, რომელი ელემენტებია თავსებადი ერთმანეთთან, რატომ არ ღირს საძინებელში ბასრი და წვეტიანი ნივთების ჩამოკიდება და რატომ არის სასიკეთო სახლიდან უსარგებლო და უფუნქციო ნივთების მოშორება. ჩემი მისაღები ოთახის მუდმივი ბინადარი, დიდ ლარნაკში მოთავსებული 8 ცალი ბამბუკიც სწორედ ამ ორი წლისწინანდელი გატაცების შედეგია – მათზე დღემდე რუდუნებით ვზრუნავ, სახლში პოზიტიური ენერგიის მოზიდვაში რომ დამეხმარონ.ვიცნობ ადამიანებს, სწორედ ამ ენერგიებზე რომ ფიქრობენ ბევრს და ძველი, სხვისი ნაქონი ნივთების შეძენასაც გაურბიან. თუმცა, სხვებს სწორედ ეს მოსწონთ – ძველმანების დახლებზე ყველასგან დავიწყებული, მიტოვებული ნივთის პოვნა და შეყვარება, თითქოს, არქეოლოგობანას თამაშობდნენ, წარსულში იქექებოდნენ, სხვების მოგონებებს ჩხრეკდნენ…
მართლა ასე არ არის? როცა ძველ ნივთს ყიდულობ, გგონია, რომ მას უკვე „მზა“ ისტორია მოჰყვება, რომელიც იდუმალია და ამით გიზიდავს. შეიძლება მეც ამ ძალას მივყავარ ხოლმე ძველი ავეჯის მაღაზიებში და შეიძლება სწორედ ეს მქონდეს საერთო ჩემს ახალ ნაცნობებთან – ნატა ჯანბერიძესთან და ქეთი თოლორაიასთან. ისინი ძველ ნივთებში სწორედ ძველ ისტორიებს, კულტურულ ჩვევებს ეძებენ და შემდეგ თავიდან აცოცხლებენ მათ. განსხვავებაც ჩვენ შორის ესაა – მათ იციან, როგორ შეცვალონ ძველი ნივთი ისე, რომ მისგან modern vintage გამოვიდეს – განახლებული სიძველე.
„რუმსის გოგოები“ – ასე იცნობს ყველა ქეთის და ნატას დუეტს, რომელიც 13 წელია, ინტერიერის დიზაინზე მუშაობს და მათი ნამუშევრების ღერძი სწორედ კოლექტიური და, ამავდროულად, ძალიან პირადული მოგონებებით სავსე ნივთებიცაა.
ისინი არაერთი კოლექციის ავტორები არიან. მათი კონცეფციითაა მოწყობილი Rooms Hotel Kazbegi და Holiday Inn-ის თბილისში მდებარე სასტუმრო, კაფე „სტრადა“ და რესტორანი „Umami“. აწყობენ მხოლოდ იმ ინტერიერებს, სადაც სრულ თავისუფლებას მისცემენ, ამიტომ ერიდებიან კერძო შეკვეთებს და, სამაგიეროდ, გატაცებით რთავენ საკუთარ სახლებს. ქეთიმ ერთ შეხვედრაზე ისიც მითხრა, რომ სურს ჰქონდეს ბევრი სახლი, რათა ბევრნაირად შეძლოს მათი მოწყობა. ბევრს საუბრობენ ნივთების ფუნქციურობის აუცილებლობაზე, თუმცა სახლი „რუმსის“ გოგონებისთვის არანაკლები სიმძაფრით ჰედონისტური სიამოვნების წყაროა. თითოეულ ნივთს ისე არჩევენ, რომ ნივთები ლაპარაკობდნენ, კულტურა ეტყობოდეთ და წარსულზე გიამბობდნენ.

ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია

ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია
„არ მიყვარს, როცა ძალიან ახალი და გაპრიალებულია, გინდა ავეჯი, გინდა სახლი, – მიხსნის უცნაური ფორმის სკამზე მოკალათებული ქეთი, თურმე, ეს სკამი ფილმ „ემანუელაში“ გამოყენებული ცნობილი სკამის თანამედროვე ასლია, – მგონია, რომ ეს „გაპრიალებული” სიცოცხლეგამოცლილია, უსულოა, ამიტომაც მომწონს ეს ძველი სახლი“.
ქეთი ლარსის ქუჩაზე, საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლის მეორე სართულზე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ერთი წლის წინ, ძველ ბინაში პირველად შევიდა თუ არა, მიხვდა, იქ დრო არ გასულიყო – სახლში კვლავაც 1970-იანი წლები იდგა და „საათის გასწორება“ არც უცდია. იცის, რომ მაშინდელ კარ-ფანჯრებს, ანდა სააბაზანე ოთახში ხელუხლებლად შემორჩენილ ცისფერი კაფელით მოპირკეთებულ უზარმაზარ აუზს აუცილებლად დატოვებს. ეს იქნება სწორედ 1970-იანური მოგონებების მთავარი ნიშანი.
„აი, ეს კი ქირმანშალია“, – მანიშნებს ქეთი მისაღები ოთახის ერთ-ერთ კედელზე გაშლილ, მანებით გაწყობილ თხელ ფარდაგზე. ერთი შეხედვით, შორიდან კედლის ხალიჩას წააგავს. თუმცა, როგორც შემდეგ გავარკვიე, ქირმანშალს თავის დროზე, სპარსეთის შაჰის მოსახვევს უწოდებდნენ და მისი მოქსოვა მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. იქვეა ფაიფურის ანტიკვარული ჩინური ლარნაკი; მე-19 საუკუნის ხის კომოდი. შემდეგ უკვე სპარსეთის შაჰის მოსასხამს ყველაზე ჭარბად ისევ სტალინის ეპოქა ცვლის, აქვეა – შედარებით ახალგაზრდა ვინტაჟიც.
„ჩემთვის საინტერესოა, თუ როგორ იცვლებოდა ეპოქების მიხედვით ინტერიერის ესთეტიკა. თითოეული მათგანი იმ კონკრეტული დროის ისტორიას ინახავს, ამიტომ მომწონს, როცა ინტერიერში სხვადასხვა ეპოქის ნივთები და ავეჯია არეული“.

ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია
საკუთარ სახლში თავმოყრილი ნივთების დიდი ნაწილი თბილისში, ყოფილი კლარა ცეტკინის ქუჩის ანტიკვარიატის მაღაზიებშია ნაყიდი, ნაწილი კი ევროპაში სხვადასხვა დროს მოგზაურობიდან ჩამოიტანა. მაგალითად, თბილისში ვინტაჟის მაღაზიაში შეიძინა და შემდეგ განაახლა ორი დაბალზურგიანი, ვიწრო სავარძელი; ოთხგანყოფილებიანი ხის შავი დესაო კი, რომელსაც კიდეები და ციცქნა სახელურები თითბრის აქვს, ბრიუსელიდან ჩამოიტანა.
შვეიცარიელ არქიტექტორს და დიზაინერს კორბუზიეს (მისი სტილი „ბრუტალურ“ სტილად იწოდება) მიაჩნდა, რომ სუფთა, ყოველგვარი ზედმეტი ორნამენტებისგან დაცლილი სივრცე იმის დასტური იყო, თუ რამდენად ცოტა გესაჭიროება ადამიანს ბედნიერი არსებობისთვის. ამიტომაც, ის უპირატესობას ანიჭებდა თანამედროვე, გახსნილ ინტერიერს და ხაზს უსვამდა სინათლის და რაციონალური დიზაინის მნიშვნელობას. სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, რეალურად, საარსებო მანქანაა, რომელიც მაქსიმალურად ფუნქციური და პრაქტიკული უნდა იყოს, ფუნქციურობა კი ვერასდროს იარსებებს ესთეტიკური სიამოვნების ხარჯზე. მოკლედ, ერთის არსებობა მეორეს გამორიცხავსო, – ამტკიცებდა კორბუზიე.

ფოტო: ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია
თუმცა ამ მიდგომის სრული ანტიპოდია უძვირფასეს ქსოვილებში, ნატიფ ნაქარგებში, ოსტატის მიერ შესრულებულ ორნამენტებში გაპრანჭული სახლები, ავეჯი და ნივთები. ამგვარ ნივთებს მეტი შანსი აქვთ, „დახვეწილი გემოვნებით მოწყობილი“ სახლის სტატუსი მიანიჭონ რომელიმე სივრცეს.
„რუმსის“ ნამუშევრების სტილისტიკის თუ მიმდინარეობის მიხედვით დაყოფა რთული საქმეა: მათ ნამუშევრებს ზოგი ავანგარდულს უწოდებს, ზოგიც ევროპული და აზიური კულტურების ნაზავად მოიხსენიებს. ქეთისთან და ნატასთან გასაუბრების შემდეგ ვხვდები, რომ „რუმსის გოგოები“ ძველის ისტორიის შენარჩუნებას თანამედროვე სულის შთაბერვით ცდილობენ, სადღაც გამყოფ ხაზზე არიან, თითქოს, ძველსა და მოდერნს შორის, იდეალური „ტვისტის“ ოსტატები.
2003 წელს სამხატვრო აკადემიის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ შექმნილი პირველი ერთობლივი კოლექცია მთლიანად ხის ავეჯისგან შედგებოდა, ისევე როგორც ბოლო კოლექცია სახელწოდებით „ველური მინიმალიზმი“ (Wild Minimalism), რომლის მთავარი გავლენაც ძველი სვანური ავეჯია.

ფოტო: გურამ კაპანაძე. სკამი „taurus“ 2016 წლის კოლექციიდან „wild minimalism“
მხოლოდ 50 ეგზემპლარად შექმნილი ეს ბოლო კოლექციაც ექსპერიმენტის შედეგია: ავეჯი, რომელიც ფორმების მიხედვით ერთდროულად „პრიმიტიულიცაა“ და თანამედროვეც, ნივთები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობ, მიუბრუნდე საკუთარ საწყისს, ფესვებს, ბუნებას.
„გვინდოდა ავთენტური ქართული ავეჯის გაკეთება და მისი გათანამედროვება, შესაბამისად, სვანური ავეჯი შევარჩიეთ, – მიხსნის ნატა, – ეს ნივთები რეალურად არტობიექტებია, რომლებიც იმავდროულად ფუნქციურიცაა და ძალიან თანამედროვეც. ჩვენი მიზანიც ეს არის, დავამზადოთ საკოლექციო ნივთები, არამასობრივი წარმოების, რომლებიც გაუძლებს დროს და დარჩება ისტორიას, როგორც არქიტექტორის ან მოქანდაკის ნამუშევარი“.
მოქანდაკის ნამუშევარი ტყუილად არ მიხსენებია. ქეთი მეუბნება, რომ როცა ავეჯის დიზაინზე ფიქრობენ, ფუნქციონალურობასთან ერთად, ვიზუალურ მხარეს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, რადგან ავეჯი მათთვის სკულპტურასავითაა.
თუმცა, სახლს ასევე აქვს ემოციები. ამ ემოციებს მათში სახლის ბინადრები დებენ. რა არის სახლი ემოციურ დონეზე? ის გვმართავს ჩვენ თუ პირიქით?
ერთი შეხედვით, ინტერიერი ისეთი რამეა, ნივთები მასში გარედან უნდა შემოიტანო, ნატა კი მეუბნება, რომ პირიქით არის – შენი შინაგანი სამყარო გამოგაქვს ინტერიერში.
მეც მიფიქრია ამაზე – 21-ე საუკუნის ადამიანისთვის სახლი უკვე ერთგვარი „დაცული ტერიტორიაა“, პერსონალური მუზეუმი, სადაც საკუთარ წარსულს, აწმყოს და მომავალს უყრი თავს – შენს ესთეტიკურ თუ რელიგიურ შეხედულებებს, რწმენას, თავგადასავლებს, გასტრონომიულ მისწრაფებებს – ყველაფერს, რაც ძალიან ინტიმური და ფაქიზია, იმას ჰფენ ინტერიერში, როგორც პირად ექსპონატებს.
„ამიტომაც ვერიდები ბინების მოწყობას სხვებისთვის, რადგან რთულია სხვის სამყაროში შეიტანო შენი საკუთარი სამყარო, მისი ნებართვის გარეშე“, – ამბობს ნატა და სამაგიეროდ, დიდი გატაცებით აწყობს საკუთარ ბინას, რომელსაც ძველ უბანში დიდხანს არჩევდა. ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რაც არჩეულ სახლს შენიშნა, ფართო და ნათელი, მაგრამ საკმაოდ ძველი თბილისური შუშაბანდი იყო.
„ძალიან მომწონს ქართული შუშაბანდი და ამიტომაც ხელი არ ვახლე. მხოლოდ აღვადგინე ზუსტად ის, რაც იყო – ახალი ხე გამოვიყენე“, – მეუბნება ნატა და მზის შუქით გაჩახჩახებულ შუშაბანდში შევყავარ.
თუმცა ხოშტარიას ქუჩაზე მდებარე სახლს ტიპური შუშაბანდიანი ბინის წყობა ჰქონდა და ამიტომ ბევრი იყო ბნელი სივრცე. ნატამ ბინის გეგმარება ისე გადააკეთა, რომ ყველა კუთხე-კუნჭული მაქსიმლურად განათებულიყო. სახლში ბევრი ნახატი და არტობიექტია, მათ შორის ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ანკა ბოჭორიშვილის ნამუშევრები, მაქსიმე მაჩაიძის „სათამაშოები“-სკულპტურები, ლია ბაგრატიონის კერამიკა, ნანუკა ჩიჩუას ნახატები და სხვებიც.

ფოტო: გურამ კაპანაძე. მაგიდა „magic stone table“ 2015 წ.
„ადამიანის ხელი“ ნატას სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში იგრძნობა, განსაკუთრებით მშობლიური კი მისთვის ალბათ, ისევ „რუმსის“ „ხელია“ – მისაღებ ოთახში მინის, თითბრის და უჟანგავი მეტალისგან დამზადებული „მზის დაბნელების“ (Eclipse) სარკეა, ერთი შეხედვით მარტივად დამზადებული, მაგრამ იმავდროულად მისტიკური, რომლის მეშვეობითაც თითქოს სადღაც უჩინარდები და შემდეგ ხელახლა გამოანათებ. სარკის ქვეშ „უჩინარი სარკის მაგიდაა“ მოთავსებული – თითბრის და მინისგან დამზადებული, სკულპტურის მსგავსი, რომელიც მისი სისადავის მიუხედავად, შეუმჩნეველი ვერცერთ სივრცეში ვერ დარჩება. სიურრეალისტური მაგიდა ქამელეონივით ცვალებადი ხასიათის და ვიზუალისაა – ის ყოველ კონკრეტულ ინტერიერში სხვანაირად გამოიყურება და ამიტომაცაა ასე მიმზიდველი და უნიკალური.
„ეს ყველაფერი არის ის, რასაც წლების განმავლობაში ნელ-ნელა ვაგროვებდი და რაც კონკრეტულ მოგონებებს უკავშირდება. სუვენირებივითაა, მხოლოდ ფუნქციური და პრაქტიკული“.
„სახლის ენერგეტიკას საერთოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. დიზაინი, ავეჯი, ნივთები ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ სიმშვიდის აღმძვრელი იყოს და არა აგრესიის. ამიტომაც, მშვიდი ტონები სახლში მაინც ყველაზე კარგი არჩევანია. და კიდევ ნივთების გადაადგილება და შეცვლა – ძალიან მიყვარს. მიმაჩნია, რომ სიახლე ჯანმრთელია, ნივთების ცვლილებას სიახლე შემოაქვს სახლში, ამდენად, სხვებსაც ვურჩევდი, ხშირად ცვალონ და გადააადგილონ ავეჯი“, – მიხსნის ნატა.
ნატას სახლიდან გამოსული ჩემთან, სახლში ავეჯის ახალ კომბინაციებს ვაწყობ გონებაში. ეს ძველი, დედებისგან მემკვიდრეობით მიღებული სიბრძნეა, ერთგვარი თერაპია, ნივთების გადაადგილება კარგ განწყობაზე გაყენებს. უკვე ვიცი, რა როგორ შეიძლება გადაადგილდეს, თან ყოფილ კლარა ცეტკინზე რუსუდანთან ნაყიდი ძველი ქართული გობისთვის უნდა ვიპოვო ადგილი და ხელნაკეთი ინდური თასიც სადმე გამოსაჩენ ადგილზე დავდო – ჩემს „პერსონალურ მუზეუმს“ ახალი ექსპონატები აქვს. მათში ახლა ძველი მეპატრონეების გარდა, ჩემი სულიც ჩასახლდება, ჩემი ოჯახის განწყობის გამომხატველი გახდება. აჰ, და კიდევ ისიც არ უნდა დამავიწყდეს – „ზინგერის“ საკერავი მანქანა, ორიგინალი პასპორტით – თუ ვიყიდი, ახალ ბინაში დავდგამ ტრილიაჟის ნაცვლად.
