გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ტვინ პიქსი ჩემი იერუსალიმი

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელ გორდონ ქოულს ცუდად ესმის. სმენის გამაძლიერებელი აპარატი უკეთია და თითქმის ყვირილით ლაპარაკობს. ერთხელ გორდონ ქოული კაფეში შედის, ის იმდენად მოინუსხება კაფეში მომუშავე შელი ჯონსონით, რომ მის ჩურჩულსაც მკვეთრად გაიგებს: „I can hear you perfectly well“, – სიხარულით იმეორებს რამდენჯერმე, მშვენიერი შელი ჯონსონი მას იმიტომ უყვარდება, რომ კარგად მხოლოდ მისი ესმის.

ეს სცენა სერიალ „ტვინ პიქსის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ამას ყველაზე კარგად მაშინ მივხვდი, როდესაც რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი და გორდონ ქოულის როლის შემსრულებელი დევიდ ლინჩი თბილისში ჩამოვიდა, უბრალოდ ამ შემთხვევაში გორდონ ქოული მე ვიყავი, მეც მინდოდა, ჩემთვის, ბევრჯერ, მანტრასავით გამემეორებინა: „I can hear you perfectly well“.

შეიძლება კეკლუცურად ჟღერდეს – როგორ უნდა გესმოდეს ლინჩის, გენიოსის, რომელიც კინოში არსებულ ყველანაირ წესს არღვევს, რომლის თხრობის მანერა სიზმრისეულ კანონებს თუ უკანონობას უფრო ექვემდებარება, ვიდრე ფიზიკურ სამყაროში არსებულ ამბის განვითარების სქემებს; რეჟისორის, რომლის ფილმებშიც ადამიანები, თემები, ისტორიები, ერთი შეხედვით, მოულოდნელად ქრებიან, მაგრამ ამ გაქრობასაც აქვს ლოგიკა, შეიძლება სიზმრისეული, მაგრამ მაინც გასაგები. ჩემთვის ლინჩი ერთადერთია, ვინც დღეს კინოს, როგორც „კოლექტიურ სიზმარს“ ისე ქმნის, დღეს მხოლოდ მასთან არსებობს ის ბაზისური ან ელემენტარული, უბრალო და ბანალური, თითქმის პრიმიტიულობამდე დაყვანილი შეგრძნებების მთელი წყება, რომლებიც ან გესმის, ან არა, რომლებსაც იღებ, ან არა, ამიტომაც – მე მისი ნამდვილად მესმის.

დევიდ ლინჩის ფილმებზე დაყრდნობით სამყარო ახალ თეორიებს იგონებს, განზოგადებულ ხატებს ქმნის მისი პერსონაჟებისგან. თვითონ რეჟისორი საკუთარ ფილმებზე თითქმის არ ლაპარაკობს, კითხვების უმეტესობას, რომლებიც მისი ფილმების და პერსონაჟების ირგვლივ ტრიალებს, ის ტრანსცენდენტური მედიტაციის პერსპექტივიდან პასუხობს. 44 წელია, ლინჩი მედიტაციით არის დაკავებული, დღეში ორჯერ 20 წუთს სპეციალური მანტრის წარმოთქმას უთმობს. როგორც თვითონ ამბობს, ტრანსცენდენტურ მედიტაციას საკუთარი დის მეშვეობით მიაგნო მაშინ, როდესაც მედიტაციის სხვადასხვა პრაქტიკის კვლევის პროცესში იყო. ლინჩს საკუთარი სახელობის ფონდი აქვს, რომლის მიზანიც ტრანსცენდენტური მედიტაციის გავრცელებაა. მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ტონით და ხმით ის შინაგანი და მსოფლიო სიმშვიდის დამყარების მთავარ გასაღებს რუტინული მანტრის წარმოთქმაში ხედავს. ალბათ ლინჩისთვის მედიტაცია ხერხია, რომ საკუთარ ულევ, ხანდახან ძალიან ბნელ წარმოსახვას გაუმკლავდეს. როგორც თვითონ ამბობს, კი არ უარყოს ის, არამედ დაინახოს და მიიღოს, მისი არსებობის კი არ ეშინოდეს, არამედ, პირიქით, იცოდეს, რომ ის არსებობს.

ლინჩის რომელიმე ფილმს, როგორც ყველაზე საყვარელს, ვერ გამოვყოფ. თბილისში „მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენების დროს მივხვდი, რომ წლების წინ, რამდენჯერმე ნანახი ფილმი, თურმე, მისი სხვა სურათების გასაღებია, მისი შემოქმედება ერთი დიდი ტილოა, ბოსხის ნახატივით, ან შეიძლება ფიროსმანივით, სადაც დამოუკიდებელი სცენები ერთ მთლიანობას ქმნის, ჯერ მთლიანობას უყურებ და მერე დეტალებს და მერე დეტალებიდან ისევ მთლიანობა იქმნება. ალბათ, ლინჩი დღეს ერთადერთია, ვინც თავის, ყველასაგან გამორჩეულ სამყაროს ქმნის. სადაც ყველაფერი მანამდეა გასაგები, სანამ კითხვებზე პასუხების მიღება მოგინდება.

ლინჩის თბილისში ჩამოსვლა ჩვენთან კინოსკოლის გახსნას უკავშირდება. ამ სკოლაში სტუდენტები კინოს ტექნიკას და ტრანსცენდენტურ მედიტაციას შეისწავლიან. თუმცა ხანდახან ეს ყველაფერი იმდენად დაუჯერებლად მეჩვენება, რომ ვერ ვხვდები, სად ვართ? ან რომელი წელია?

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა