Close Enough | მეთ შელის ფოტოპროექტი
„არის სამყაროს ერთი ნაწილი, რომელიც სულ მიზიდავდა. ის სხვისთვის თუ ჩვეულებრივი იყო, ჩემთვის მიუწვდომლად რჩებოდა - ვერც ვათვალიერებდი, ვერც ვეხებოდი და ვერც სხვა რამ“, - ამბობს არტისტი მეთ შელი, რომელიც, ძირითადად, დრეგის, თეატრისა და მოდის პერფორმანსებზე მუშაობს. სწორედ ამ უწყვეტი და მძაფრი მიზიდულობის შედეგია ფოტოპროექტი Close Enough, რომელიც ფოტოგრაფ გიორგი ნაზღაიძესთან ერთად მოამზადა.
Close Enough - ეს სიტყვები რომ ვთარგმნოთ, მივიღებთ „საკმაოდ ახლოს“. თუმცა, მეთ შელი ფიქრობს, რომ შეიძლება, სინამდვილეში, მეტისმეტ სიახლოვესაც გულისხმობდეს, ვიდრე უბრალოდ საკმარისს, რადგან ფოტოპროექტი სწორედ მსხვილი პლანით გადაღებული ნამუშევრებისგან შედგება. მათზე დეტალურად, ბუნებრივად და სწორედ მეტისმეტად ახლოს ჩანს ის, რაც ავტორს იზიდავდა - სავსე სხეული და მისი დეტალები. მეთ შელი სხეულებს შეულამაზებლად ხედავს; კანს, თმას, სხეულის მოცულობას, ენერგიას, კუნთის დაჭიმულობასა თუ მოდუნებას - ყველაფერს ცნობისმოყვარეობით სავსე ათვალიერებს და მეხსიერებაში ინახავს. ფოტოებზე ახლოდან აფიქსირებს იმ ყველაფერს, რასთან მისასვლელი მანძილიც ზოგჯერ გადაულახავი ეგონა. ამბობს: „ზოგჯერ მარტივად ვხედავდი, ზოგჯერ კი შეხედვისას ყნოსვით ვგრძნობდი მის არსებობას.
საბოლოოდ, კამერა იქცა ენად, რითაც ამ მშვენიერების აღწერა მინდოდა.
თუმცა, იმის ნაცვლად, რომ გადმომეცა, მე რა მომწონდა ამ სხეულებში, მომინდა მეჩვენებინა, მათ რა სურდათ, რა აღელვებდათ, რა უყვარდათ ან არ უყვარდათ... ახლა, აქ, ის ერთი საზიარო სუპერნოვა, რომელსაც ადამიანები სიყვარულს ვეძახით, ჩანს როგორც კამერის წინ, ასევე, მის უკან“. მეთ შელი თავისუფალი პერფორმერი და თეატრის მსახიობია. მუშაობს თანაავტორობით შექმნილ კონცეპტუალურ პროექტებზეც და, ასევე, თავად დგამს საკლუბო თეატრალურ სანახაობებს.
პროექტის ავტორი/არტ დირექტორი: მეთ შელი
ფოტოგრაფი: გიორგი ნაზღაიძე
მასალა მომზადებულია ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.
გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.