ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #სოფელი

ცხოვრება ხადის ხეობაში

ხადას სამოცი კოშკის ხეობას ეძახიან. აქ სივრცეს ეკიდებიან როგორც სიწმინდეს, რომელიც ატარებს ისტორიას და განაპირობებს ტრადიციებს. მაშინაც კი, როცა ხეობა იცლება, ხადელები სახლში ყოველთვის ბრუნდებიან დღეობის აღსანიშნად.
ბოლო წლებში ხეობა ხშირად იცლება. ზამთრობით ხეობის დარაჯად მხოლოდ 20-მდე ადამიანი რჩება ხადაში. ხეობაში გზა გაუმართავია, არ არსებობს პირველადი პირობები საცხოვრებლად, არ ფუნქციონირებს სკოლა, საბავშვო ბაღი, აფთიაქი ან მაღაზია. იმ ოჯახებს რომლებსაც სხვაგან წასასვლელი არ აქვთ, ზამთრის გატარება მიმდებარე სოფლებში უწევთ ქირით.
ხადის ხეობაში ავტომაგისტრალის გაყვანა დაიგეგმა, თუმცა ეს გზა იქ არ მიიყვანს ადამიანს, არამედ, სავსებით პირიქით. გარემოს დამცველები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს არ ააშენონ ავტომაგისტრალი ხეობაში, ვინაიდან ხედავენ საფრთხეს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების. ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი და საფრთხეები შეტანილია „ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს“ (ICOMOS) 2016-2019 წლების ანგარიშშიც, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კულტურული ძეგლი, რომლებსაც საფრთხე ემუქრება. არაერთგზის წუხილის გამოხტავის, პროექტის დიზაინის შემუშავებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხადის კულტურული მემკვიდრეობის კვლევა. საპროექტო არეალში 155 კულტურული ძეგლი გამოვლინდა. თუმცა, ადგილობრივებთან კომუნიკაციის შედეგად გამოჩნდა, რომ ეს ნუსხა არასრულია და მასში არ შედის კოშკი, სალოცავი და სასაფლაოები. ხეობის უძველესი კოშკები და სალოცავები, მათი სიმრავლე, ხელუხლებელი ბუნებრივი გარემო და მისი ბიომრავალფეროვნება, ტრადიციული საცხოვრისები - ამ ყველაფერის ერთიანობა ხდის ხადას უნიკალურს. ავტომაგისტრალის მშენებლობა კი მათ გამოუსწორებელი საფრთხეების წინაშე აყენებს.  
ხადელები ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელება ხეობის ლანდშაფტს მნიშვნელოვნად შეცვლის. ეს არც პროექტშია უარყოფილი, თუმცა სათანადო ღონისძიებების გატარების ნაცვლად, დოკუმენტებში ვკითხულობთ: „დროთა განმავლობაში ახალი გზით გამოწვეული ვიზუალური ზემოქმედების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შემცირდება, როდესაც ადამიანები შეეჩვევიან შეცვლილ ლანდშაფტს.“
მოსახლეობა წუხს იმაზეც, რომ ისინი არ ჩართეს პროექტის შემუშავების პროცესში, საჯარო განხილვებს ფორმალური სახე ჰქონდათ და რეალურად მათ აზრს არც ითვალისწინებდნენ:  „ყოველ ამოსვლაზე სხვადასხვა რამეს ამბობენ და არ ითვალისწინებენ, რასაც ვეუბნებით.“ სათქმელი კი ძალიან მარტივია - ხადაში საჭიროა შიდა გზის რეაბილიტაცია და ხეობის მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება.

ხადელების ერთ ნაწილს სჯერა, რომ მაგისტრალის აშენება ხადასაც დაეხმარება განვითარებაში. მეორე ნაწილი კი გაუცხოებული და გამოთიშულია პროექტიდან, ვინაიდან მცდელობების მიუხედავად, პროექტის ავტორებმა ხადელებთან თანამშრომლობა არც კი ისურვეს, ძირითადად მათ სათითაოდ იბარებენ თბილისში მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ხეობაში არიან ადამიანებიც, რომლებიც ხადის მემკვიდრეობისა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს შესანარჩუნებლად იბრძვიან ისე, როგორც შეუძლიათ.
ფოტოები, რომლებსაც ამ სტატიაში იხილავთ, ასახავს ცხოვრებას ხადის ხეობაში, რომელიც იცლება ხშირად და სადაც ყოველთვის ბრუნდებიან დღეობისთვის.
 
ტექსტი: მარიამ დევიძე
ფოტო: თაკო რობაქიძე