DataFest Tbilisi 2019
ნოემბერში საქართველო რეგიონის ყველაზე დიდ მონაცემთა ფესტივალს უმასპინძლებს.
ორი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, მესამე და ყველაზე მასშტაბური გამოშვებით ბრუნდება!
DataFest Tbilisi 2019 14-16 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ჩატარდება.
ორგანიზატორები, ღონისძიების მასშტაბების ზრდის პარალელურად, სპიკერთა სიაში დიდ სახელებს აანონსებენ.
რა არის DataFest Tbilisi?
ეს ადგილია, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, ხელისუფლების წარმომადგენლები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს მონაცემთა კომუნიკაციის ინდუსტრიაში, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და შეიქმნან დაუვიწყარი მოგონებები.
DataFest Tbilisi დინამიკური, მეგობრული ღონისძიებაა, რომელიც უკვე მესამე წელიათავს უყრის ტექნიკური და არატექნიკური კომპეტენციის მქონე ასობით მონაწილეს, შთააგონებს მათ ახალი იდეებით, უზიარებს ცოდნას და ეხმარება საჭირო კონტაქტების დამყარებაში.
ვინ არიან DataFest-ის სპიკერები?
ფესტივალის აუდიტორიის წინაშე არაერთი წარმატებული სპიკერი წარსდგება. გასული ორი წლის განმავლობაში, DataFest-ს 80 მაღალი დონის მომხსენებელი და ტრენერი ეწვია 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი წარმოადგენდნენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა გუგლი, ფეისბუქი, ამაზონი და 30 სხვა გლობალური კომპანია. ფესტივალის გუნდი სპიკერების ვინაობის გასაჯაროებას სულ მალე გვპირდება.
რა თემები განიხილება DataFest Tbilisi 2019-ზე?
ფესტივალი შთამაგონებელ გამოსვლებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს გვპირდება შერჩეულ მომხსენებლებთან და ტრენერებთან ერთად შემდეგ ძირითად თემებზე:
- მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი
- მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech)
- მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის
- მონაცემები და კიბერუსაფრთხოება
- ღია მონაცემები და მონაცემებზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება
- ამბის თხრობა მონაცემებით
- მონაცემთა ვიზუალიზაცია
- მონაცემები ადამიანის უფლებებისთვის
- მონაცემთა სტარტაპები
- მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDG)
- მონაცემები მედიცინასა და ჯანდაცვაში
- მონაცემები ჭკვიანი ქალაქებისთვის (Smart cities)
DataFest Tbilisi 2019-ის ორგანიზატორები არიან ForSet, Tbilisi Startup Bureau და MaxinAI.