გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

დავით კაკაბაძის ექსპერიმენტები

„ხელოვანს უნდა ახსოვდეს, რომ ხელოვნება მეცნიერებაა“, – ამბობდა დავით კაკაბაძე. ის სამყაროს კანონზომიერებებს მეცნიერულად სწავლობდა და ერთდროულად იყო ხელოვანი, მეცნიერი და მკვლევარი.

„მისი ფერწერული ნამუშევრები ექსპერიმენტებად უნდა აღვიქვათ, – ამბობს მარიამ კაკაბაძე, დავით კაკაბაძის შვილიშვილი. – ის თითოეულ ნამუშევარზე დიდი ხანი მუშაობდა, რადგან ყველა ნაწარმოებში ახლის მიგნებას, აღმოჩენას ცდილობდა. როდესაც დასახულ მიზანს, სრულყოფილებას ვერ აღწევდა, ნამუშევარს აუცილებლად ანადგურებდა“. 

დავით კაკაბაძე პეტერბურგის უნვერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის დროსაც ხატავდა. პარალელურად ეცნობოდა ხელოვნების უახლეს მიმდინარეობებს და იმ პერიოდის მნიშვნელოვან კულტურულ გარდატეხებშიც მონაწილეობდა. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. ატარებდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებს, მუშაობდა ელექტროაპარატის გამოგონებაზე, ხვეწდა სტერეოკინოს. კაკაბაძემ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გადაიღო ფილმიც, თუმცა მასალების დიდი ნაწილი საჭოთა ხელისუფლებამ გაანადგურა. 

ათწლეულების შემდეგ, დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები, კვლევები, კრიტიკული წერილები დღის შუქზე გამოდის და მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.

„დავით კაკაბაძის ფონდი“ მისმა შვილიშვილმა, მარიამ კაკაბაძემ 2012 წელს შექმნა. ფონდის მთავარი მიზანი სახელოვნებო და სამეცნიერო პლატფორმის შექმნა იყო. ეს ისეთივე მრავალმხრივი და ინტერდისციპლინალური სივრცე უნდა ყოფილიყო, როგორიცაა თავად დავით კაკაბაძის შემოქმედება. „დღეს ერთ რომელიმე დისციპლინაში ჩაკეტვა საინტერესო აღარაა. ხელოვნებამ სხვა დარგებთან კომუნიკაცია უნდა დაიწყოს და ამ გზით სათქმელს ახალი ფორმები მოუძებნოს. დავით კაკაბაძის შემოქმედებაც სხვა დისციპლინებთან კავშირით საზრდოობს, ამიტომ გადავწყვიტეთ ფონდის კონცეფციაც ამ იდეაზე დაგვეშენებინა. მისი კონცეფცია და სტრატეგია სცდება მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებს. ის ახალი იდეებისა და ფორმების ძიების კერა უნდა იყოს. ფონდის მიერ შექმნილი ეს მოძრავი პლატფორმა სამუშაო სივრცედაც შეიძლება აღვიქვათ და ადამიანების გაცნობის, სხვადასხვა დარგების კომუნიკაციის ადგილადაც“, – ამბობს მარიამ კაკაბაძე.

„დავით კაკაბაძის ფონდმა“ პირველი გამოფენა ქუთაისში ხელოვანის გარდაცვალებიდან 60 წლისთავზე მოაწყო. მას უფრო მასშტაბური გამოფენა მოჰყვა, 2013 წელს „ეროვნულ გალერეის“ მთელი სივრცე, შვიდივე დარბაზი დავით კაკაბაძის შემოქმედებას დაეთმო. თითოეულ დარბაზში განთავსებულ ნამუშევრებს საერთო თემა და მიმართულება აერთიანებდა. ფონდის სხვა მნიშვნელოვანი პროექტები 2014 წელს პარიზში „მაიოლის“ მუზეუმში გამართული დავით კაკაბაძის გამოფენა და 2017 წელს „ცისფერ გალერეაში“ ამირ კაკაბაძის ექსპოზიცია იყო. 

ფონდი დღესაც თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარალელურად ხვეწს ფონდის კონცეფციასა და სტრატეგიას.

„დავით კაკაბაძის ფონდი“ თიბისისთან თანამშრომლობით კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს. პროექტი დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს ეძღვნება და ხელოვანის გამოფენით გაიხსნება. ის კაკაბაძის ფერწერულ ნამუშევრებს, ჩანახატებს, დოკუმენეტებს, ჩანაწერებს და ესკიზებს გააერთიანებს. „არცერთი ნამუშევარი შემთხვევით არ არის შერჩეული – თითოეული მათგანი ექსპოზიციის კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთად ისინი მთლიან ქსელს ქმნიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან და ავსებენ“, – ამბობს მარიამ კაკაბაძე. გამოფენის დათვალიერება 8 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით თიბისი გალერეაში იქნება შესაძლებელი. 

დავით კაკაბაძის საიუბილეო წელი ამ ექსპოზიციით მხოლოდ იწყება. საგანმანათლებლო ხასიათის აქტივობები მთელი წლის განმავლობაში იგეგმება. ღონისძიებებში ხელოვანებსა და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთად სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ყოველი შეხვედრა დავით კაკაბაძის შემოქმედებასთან მიახლოება, მისი ნამუშევრებისა და მოღვაწეობის განსხვავებული კუთხიდან დანახვის მცდელობა იქნება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა