ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩემი (სხვისი) სახლი

არც მე და არც მას, არასოდეს გვქონია სახლი, რომელიც მარტო ჩვენი იქნებოდა. არც უსახლკაროები ვყოფილვართ ოდესმე, ქუჩაში დარჩენის არ შეგვშინებია – მშობლები ჭერზე მუდამ ზრუნავდნენ. მშობლების სახლი რაღაც ფორმით სულ არსებობდა – ხან შუა სოფელში, ხან ქალაქის გარეუბანში, ხანაც შიგ ქალაქის შუაგულში. ხან ქირა იყო, ხან საკუთრება. ხან მეგობრის თუ ნათესავის სახლი. იყო – არავინ უარყოფს. და ამ სახლებს მოჰქონდა თავისი წილი სითბოც და სიცივეც. კომფორტიც და უხერხულობაც, როცა მარტო შენი ამ სივრცეში ორი კვადრატული მეტრია, დანარჩენი კი სხვებს უნდა გაუნაწილო. მოკლედ, რაღაც სახლი სულ იყო, მაგრამ ყველასი.

ჩვენ კი ჩვენი გვინდოდა. ძალიან. სიგიჟემდე. უფრო მეტად, ვიდრე დეპრესიაში მყოფს შუაღამით შოკოლადი შეიძლება მოგინდეს, და უფრო მეტად, ვიდრე რომელიღაც ვიტრინაში ფეხსაცმელი შეიძლება შეგიყვარდეს – ეს სხვა ნდომა იყო. შენით რაღაცის შექმნის და ფლობის. შენი ხელით მხრებზე ჭერის მოხურვის, როცა იწვიმებდა და ითოვებდა.

იმ ადგილის შექმნის აკვიატებული იდეა, სადაც ყველაფერს ისე დადგამდი და მიაკრავდი და მოხატავდი და ჩამოკიდებდი, როგორც შენ გინდოდა. სადაც შენთან მოვიდოდნენ მეგობრები, შენთან.

დღეები, თვეები გადიოდა ინტერნეტში სხვისი სახლების თვალიერებაში, სხვის ბალიშებზე თავის დადებაში, სხვის საქანელებზე ქანაობაში, სხვის სავარძელში ჩასვენებაში. ცალი ხელით რომ ინტერვიუს ვიწერდი, მეორეთი ფურცელზე ხელის მექანიკური მოძრაობით რაღაცას ვჯღაბნიდი და საბოლოოდ, ისიც სახლი გამოდიოდა – ოთხკუთხედი, წვეტიანი სახურავით და მასზე წამოსკუპებული საკვამურით, მოღრეცილი კვამლი რომ ამოსდის სულივით – სახლი სიყვარულის სინონიმი გახდა და ამ სურვილით შეპყრობილებმა დიდხანს, დიდხანს, შიშით და გაუბედაობით ვიბოდიალეთ ეზოებში, კორპუსებში, განცხადებებში, ბანკებში, ჩვენს ხელფასებში, მომავალში, საფრთხეებში, სხვის ცხოვრებებში და ბოლოს გადავწყვიტეთ – როგორმე, ყველაფრის დათმობის ხარჯზე, ჩვენი საერთო ოცნებისთვის, ჩემი წიგნებიანი თაროსთვის და მისი დიდფანჯრებიანი უფარდო ოთახისთვის, ჩვენი შვილების საკუთარი ოთახისთვის – გარისკვა ღირდა. და ჩვენ ერთ ახალ, ერთ ლამაზ, ერთ მყუდრო, არც ისე შორ და არც ისე ახლო უბანში, არც ისე მაღალ და არც ისე დაბალ სახლში, მის ბოლო სართულზე ვიყიდეთ პატარა სახლი.

სახლი პატარა უფლისწულის პლანეტასავით ციცქნა იყო – ერთი ოთახიდან მეორეში რომ გადიოდი, სახლიც მთავრდებოდა. ამიტომ დღეში შეგვეძლო ერთმანეთს 8473648-ჯერ შევხვედროდით. სახლი ისე პატარაც იყო, რომ უნდა გვეთხოვა ერთმანეთისთვის – ახლა მე გავალ აივანზე. ახლა მე ჩავჯდები მწვანე პუფში. პატარა იყო – მეტი ვერ გავქაჩეთ, მეტი ვალის შეგვეშინდა. უფრო კი იმის, რომ თუ ვერ გადავიხდიდით, ეს ძლივს შეკოწიწებული ბუდეც დაიშლებოდა. პატარით დავიწყეთ, რომ მერე, ერთ დღეს, დიდი სახლი გვქონოდა. ხეებიანი. ეზოიანი. საქანელებიანი. ძაღლიანი. უფრო სწორედ, დიდი კი არა, ისეთი, სადაც დავეტეოდით.

და ჩვენ დავიწყეთ ჩვენი პირველი ნამდვილი სახლის სახლად ქცევა. ჯერ ვთქვით, ჩვეულებრივი იყოს, სადა, ყველას მოეწონება. მერე ვთქვით – იაფად გამოვძვრეთ, ისედაც გაფუჭდება. მერე ვთქვით, ბევრი ავეჯი არ გვინდა, არც სხვა საოჯახო ნივთები, სასტუმრო ხომ არაა, თვითონ მოიტანონ. ჩვენით გავაკეთოთ – ფულს დავზოგავთ. ასე დაიწყო მილების, საღებავების, კარის, ფარდების, იატაკის, მაგიდისა თუ სკამების ძებნა. მერე უცებ გამწოვის უსახური ნაცრისფერი მილი წითელი გახდა, კაფელი მაინც ფერადი ავარჩიეთ, კარი დამდგარი ტბისფრად შეიღება... მაგიდა საერთოდაც თავისი ხელით გააკეთა. მე მწვანე და ლურჯი ფარდები დავკიდე და არა კრემისფერი. როცა ყველაფერი მორჩა, შემოსასვლელში კაშკაშა ყვითელი ყვავილები დავაწყვე და მივხვდი, რომ უბედურება დაგვემართა – სახლი მაინც ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩვენ გვინდოდა გვქონოდა – ნათელი და ფერადი. და რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ „უცნაურ“ ტიპებს მოეწონებოდათ, შეიძლება ადვილად არ გაქირავებულიყო, რომ გამოვიდა ისეთი სახლი, როგორ სახლსაც საკუთარი თავისთვის იშენებენ და არ აქირავებენ. ჩვენ კი ის უნდა გაგვექირავებინა სხვებზე – ჩვენი მომავლისთვის.

და მერე სამი დღე ვწერდი გასაქირავებელი განცხადების ტექსტს და ყველა სიტყვა თავისი ფეხით დგებოდა და გარბოდა ფურცლიდან.

ბოლოს, განცხადება მაინც დავწერე და გულაჩქარებული დაველოდე სახლის ქირაობის მსურველებს. ვცდილობდი, გამომეცნო, ვინ მოუვლიდა იქაურობას, ვინ იცხოვრებდა ჩემს ოცნებაში. და, ოღონდ მართლა, პირადი მესინჯერი შეტყობინებებით აივსო. ზოგი მეკითხებოდა, ფასს თუ დავაკლებდით, ზოგს აინტერესებდა ოთახში კიდევ სამი საწოლი თუ გაიშლებოდა, ზოგს ფასი ეძვირა, მაგრამ ნახვა მაინც უნდოდა, ზოგი მეკითხებოდა სად ვიყიდე წითელი მილი და როგორ მოვხატე საკუჭნაოს კარი. რაღაც ეტაპამდე ძალა მეყო – ყველას ვუპასუხე. ბოლოს ერთმა ბიჭმა მომწერა. სახლის ნახვა უნდოდა. შაბათამდე გადავუდე, სხვებს დავპირდით ჩვენებას მასზე ადრე. ნეტა ვერავინ იქირაოსო, მიპასუხა. ასე მომწერა ზუსტად. ნეტა ჩვენ გარდა არავინო. და მე მივხვდი, რომ ჩემმა სახლმა, სადაც ერთი ღამეც კი ვერ გავათიეთ, იპოვა თავისი ახალი, დროებითი პატრონი.

აი, ასეა.

მე ვიყიდე, სახლი, რომელიც გავაქირავე, რომ ერთ დღეს, ოდესმე, ნამდვილად ჩემი, უფრო დიდი სახლი მქონდეს. თუმცა, დიდი არა, სახლი, სადაც დავეტევით და რომელსაც ერქმევა ჩვენი სახელი. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა