ECHOWAVES - ახალი თავგადასავალი ანაკლიის სანაპიროდან
თუ ელექტრონული მუსიკის ექო გსიამოვნებთ, მაშინ ანაკლიას უნდა ეწვიოთ. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი ECHOWAVES გაიმართება.
„წელს ისეთი არტისტების მოსმენა შეგიძლიათ, როგორებიც არიან: ბენ ქლოქი, ნინა კრავიცი, როდჰედი და სხვები. ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ, დაელოდოთ და დიდი სიამოვნება მიიღოთ“, ‒ ამბობს ბრანე კოსტადინოვი, EEMM (Eastern European Music Management) ჯგუფის დამფუძნებელი და ANAKLIA ENTERTEINMENT GROUP-ის ხელმძღვანელი.
ბრანეს თქმით, ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოთხი დღის განმავლობაში ფესტივალზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაერთოს.
„შარშანდელი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ ფესტივალი შედგა. ადამიანები ბედნიერები იყვნენ. სტატისტიკის თანახმად, სახელმწიფოს ბიუჯეტში 8 მილიონ ლარზე მეტი შევიდა. ვფიქრობ, რომ იმავე ტემპით უნდა გავაგრძელოთ 2019 წელსაც. ჩვენ უკვე ვშრომობთ და ყველას შეუძლია თვალი გვადევნოს როგორც ინტერნეტში, ასევე მედიაში“, ‒ ამბობს ბრანე კოსტადინოვი, რომელიც ამ სფეროში 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩაერთო, როცა ბალკანეთი ელექტრონული მუსიკის ბუმმა მოიცვა. სლოვენიაში საკუთარი კლუბისა და ონლაინდაჯავშნის სააგენტოს დაარსების შემდეგ, მან მენეჯერული კომპანიაც შექმნა და თანდათან მთელი აღმოსავლეთი ევროპა მოიცვა.
წლევანდელი ფესტივალის სრულ სიაში უცხოელი და ქართველი არტისტები შედიან.
NINA KRAVIZ / ADRIATIQUE / BEN KLOCK / CLAPTONE / DAX J
DJ TENNIS / KINK live / RED AXES / RODHAD
BORIS / BAHRAMJI & MEDUSA ODYSSEY live / EELKE KLEIJN / LEHAR / MATHAME / MUSUMECI / PARK HYE JIN / PETRE INSPIRESCU / PLAID live / SAMA / TIJANA T / TOM TRAGO / VALENTINO KANZYANI / VRIL live / YOKOO
ANDREW MELLER / BACHO / GIO SHENGELIA / L8 /
SIDARTHA SILICEO & ANIA live / STIMMHALT / TOMMA
ანაკლიის ფესტივალს წელს Ben Klock უბრუნდება. კლუბ Berghain-ის რეზიდენტი და თანამედროვე ტექნო სცენის წამყვანი არტისტი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც მსმენელთან ურთიერთობას დიდი მასშტაბის ფესტივალებსა და პატარა კლუბებშიც ერთნაირი წარმატებით ახერხებს და მათ ტექნო ჟღერადობის ყველაზე დინამიკურ და ენერგიულ მხარეს სთავაზობს.
რაც შეეხება Rodhad-ს, დახვეწილი გემოვნება, დაკვრის გამორჩეული სტილი და სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციის სინთეზის უნარი ლეიბლ Dystopian-ის ბოსს თანამედროვე საკლუბო სივრცის უმნიშნელოვანეს არტისტად აქცევს.
KINK ელექტრონული მუსიკის ნოვატორი არტისტია, რომელიც მუსიკას ყოველგვარი კომპრომისების და ჩარჩოების გარეშე ქმნის. ტრადიციული საცეკვაო მუსიკის რიტმების და ექსპერიმენტული ელექტრონული ჟღერადობის გემოვნებიანი სინთეზი მის შემოქმედებას ყოველთვის გამორჩეულს და მრავალფეროვანს ხდის.
წელს Echowaves-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი Nina Kraviz იქნება. DJ, პროდიუსერი და ლეიბლ трип-ის დამფუძნებელი, მრავალფეროვანი გემოვნების და გამორჩეული დაკვრის სტილის დამსახურებით, ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად იქცა.
Adriatique იგივე Adrian Shala-სა და Adrian Schweizer-ის მიერ ციურიხში დაარსებული ელექტრონული მუსიკის დუეტი უკვე 10 წელზე მეტია მსოფლიოს ყველა წამყვანი ფესტივალის თუ კლუბის საპატიო სტუმარი გახდა. სხვადასხვა მუსიკალური გამოცდილების საინტერესოდ შეზავების უნარის წყალობით, ისინი ჰაუს და ტექნო სცენის წარმატებულ არტისტებად იქცენენ.
ფესტივალებზე ათასობით ადამიანი იკრიბება. ამიტომ ორგანიზატორები პასუხისმგებლობას უსაფრთხო გარემოს შექმნაზეც გრძნობენ. ევროპის დიდ ფესტივალებზე უკვე ორი ათეული წელია, გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც სტუმრებს უსაფრთხოდ გართობაში ეხმარებიან. ეს პრაქტიკა საქართველოშიც დაინერგა.
„შარშან ფესტივალზე, ამ მიმართულებით ორგანიზაცია SAFEWAVE მუშაობდა. ასევე ორგანიზაცია MANDALA, რომელიც ვიზიტორების ჯანმრთელობაზე წელსაც იზრუნებს. მათ ექნებათ საგანმანათლებლო პროგრამები, საჭიროების შემთხვევაში კი სამედიცინო დახმარებასაც გაუწევენ სტუმრებს“, ‒ ამბობს ფესტივალის პროექტების მენეჯერი, ლანა პაჰიჩი.
ბრანე კოსატადინოვი და მისი პარტნიორები 10 წელზე მეტია, ცნობილ სერბულ ფესტივალთან, EXIT-თან თანამშრომლობენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენაა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. Exit თავიდან ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობა იყო და ფესტივალს საფუძვლად სწორედ მათი იდეები დაედო.
„Exit-ის მხარდაჭერით კიდევ 7 ფესტივალი იმართება. მას არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული. ჩვენ მათთან სწორედ ამ გამოცდილების გამო ვმუშაობთ“, ‒ ამბობს ლანა პაჰიჩი.
ფესტივალი თანამშრომლობს ტურისტულ კომპანია Collegium MONDIAL TRAVEL-თანაც. ეს კომპანია ევროპის 11 ქვეყანაში მუშაობს. როგორც ლანა პაჰიჩი ამბობს, Collegium MONDIAL TRAVEL ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული პროვაიდერია ევროპაში, რომელიც საფესტივალო პაკეტებს ყიდის.
„ჩვენი მიზანია, ანაკლიის ფესტივალი გლობალური გავხადოთ, გვინდა, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ანაკლია არის ადგილი, სადაც შეგიძლია მსოფლიო დონის ვარსკვლავების მუსიკით ისიამოვნო და შესანიშნავი ზაფხული გაატარო", ‒ ამბობს ფესტივალის პროექტების მენეჯერი.
აქტიური დასვენების მსურველებს, სარეგისტრაციო ცენტრიდან 500 მეტრში კარვების ქალაქიც ელოდება. თითოეული კარავი 2-ადგილიანია და 200 ლარი ღირს. ტერიტორიაზე იქნება ტუალეტი, საშხაპე, საკვები ობიექტები და პარკინგი.
შარშან ვიზიტორების რიცხვმა 14 ათასს მიაღწია. ECHOWAVES-ის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ წელს ანაკლიაში უფრო ბევრი ხალხი ჩავა.
26 ივნისიდან ფესტივალი კამპანია #SpendYourSummerInGeorgia-საც შეუერთდა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აბონემენტის ფასმა კიდევ 2 კვირის განმავლობაში არ მოიმატა და 120 ლარი დარჩა. 10 ივლისიდან კი აბონემენტის ფასი ისევ საწყის, 150 ლარს დაუბრუნდა. ფესტივალმა ძალაში დატოვა მეგობრული შეთავაზება ‒ 5+1.