გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Event Cinema – „კარმენი“

კინო, ოპერა, ბალეტი, თეატრი – ალბათ არ არსებობს საშემსრულებლო ხელოვნების მიმართულება, სადაც „კარმენის“ დრამატული ისტორიის რამდენიმე ვერსია მაინც არ იყოს შექმნილი. პროსპერ მერიმეს ნოველაზე დაფუძნებული ჟორჟ ბიზეს ეს უკვდავი ოპერა მუდმივად იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას და ყოველთვის თანამედროვეა. სიყვარულის, ვნების, სიხარბის, ღალატის და რევანშის ისტორია ყველა ეპოქაში და ყველა ვითარებაში აქტუალურია და, შესაბამისად,  ინტერესიც მუდმივად დიდია.

Event Cinema ამჯერად „კარმენის“ საბალეტო დადგმის კინოჩვენებას წარმოგიდგენთ, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პროვოკაციული წარმოდგენა იყო ბრიტანეთში. ქორეოგრაფ მეთიუ ბორნის ბალეტის პრემიერა 2000 წელს შედგა ინგლისის ქალაქ პლიმუთის Theatre Royal-ში. მართალია წარმოდგენა ბიზეს „კარმენის“ მუსიკაზეა დადგმული, თუმცა, შინაარსით ის საკმაოდ განსხვავებულია და ორიგინალურ კარმენთან მხოლოდ ფუნდამენტური საკითხების აქტუალობა და სიყვარულის ისტორია აერთიანებს. ბალეტს სახელიც განსხვავებული აქვს, მართალია ის როგორც „კარმენი“, ისე ჟღერს, მაგრამ ინგლისურად  Car Man იწერება, რაც სიტყვა-სიტყვით მანქანის მამაკაცს ნიშნავს. სიუჟეტში ვითარება 1860-იანი წლების პარიზის ნაცვლად 1960-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და მთავარი პერსონაჟები მანქანის მექანიკოსები არიან. ბალეტის სინოფსისი ნაწილობრივ ჯეიმს კეინის 1934 წელს დაწერილ ნოველაზე „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“ არის დაფუძნებული, რომლის კინოეკრანიზაციაც ბევრს გემახსოვრებათ, ჯეკ ნიკოლსონით და ჯესიკა ლანგით მთავარ როლში.

ექსპრესიული, პროვოკაციული და ეროტიული სცენებით გაჯერებული ბალეტი მსახიოებების კარგი თამაშით და რეჟისორის ახლებური ხედვითაც გვხიბლავს, რაც საბოლოო ჯამში ძალიან შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. 

„მაცდური სრულყოფილება“  ასე უწოდა ბრიტანულმა გაზეთმა Observer-მა მეთიუ ბორნის დადგმას თავის დროზე. 

ბალეტში მთავარ როლებს ალან ვინსენტი, ზიზი სტარლენი, კეიტ ლაიონსი, დომინიკ ნორსი და კრისტოფერ ტრენფილდი ასრულებენ. წარმოდგენის კინოჩვნება ბოლო წლებში არაერთხელ გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოთეტრებში. განსაკუთრებული პოპულარობის გამო ზოგიერთ მათგანში ჩვენებები წელს ისევ დაიგეგმა.

კინოთეატრი „ამირანი“ ბალეტის ერთჯერად ჩვენებას 31 ივლისს, 19:30 საათზე წარმოგიდგენთ.

  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა