Event Cinema - "ფრანკენშტეინი"
Event Cinema-ს მორიგი კინოჩვენება გამორჩეულად ვარსკვლავური შემადგენლობისაა. 30 ოქტომბერს კინოთეატრი "ამირანი" ლონდონის სამეფო ნაციონალური თეატრის სპექტაკლს "ფრანკენშტეინს" წარმოგიდგენთ. დადგმის რეჟისორი ოსკაროსანი დენი ბოილია, რომელსაც მაყურებელი კინოდან უფრო იცნობს. “Trainspotting”, “127 საათი“, „მილიონერი გარეუბნიდან“- ამ პოპულარული და საკულტო ფილმების ავტორი წლებია ბრიტანეთის თეატრებშიც აქტიურად მუშაობს. თუმცვ, " ფრანკენშტეინი" მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დადგმა აღმოჩნდა, რაც ალბათ გარკვეულწილად სამსახიობო შემადგენლობამაც განაპირობა. სპექტაკლში მთავარ როლეს „შერლოკის“ ვარსკვლავი, ბენედიქტ ქამბერბეჩი თამაშობს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მსახიობთა სიაშია. მას პარტნიორობას ჯონი ლი მილერი უწევს, რომელიც ბოილის "Trainspotting" -ის ორივე სერიაში მონაწილეობს.
მერი შელის 1818 წელს დაწერილი გოთიკური ნოველა "ფრანკენშტეინი" ბევრჯერ გამხდარა კინოსა თუ თეატრის ინტერესის საგანი. კეთილისა და ბოროტის ბუნების კვლევა და მეცნიერული ექსპერიმენტები ყველა ეპოქასა და საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს. სიუჟეტის მთავარი გმირი ახალგაზრდა ექიმი, ვიქტორ ფრანკენშტეინია, რომელის დედაც მშობიარობას გადაჰყვა. ეს ამბავი მისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა, რომ გარდაცვლილის გაცოცხლების იდეით გამხდარიყო შეპყრობილი.
დენი ბოილის დადგმის პრემიერა 2011 წლის თებერვალში ლონდონის სამეფო ნაციონალურ თეატრში შედგა. იმავე წლის მარტში კი National Theatre Live-ის პროგრამის ფარგლებში სპეკტაკლი ორჯერ გავიდა მსოფლიოს კინოეკრანებზე. დიდი ინტერესიდან გამომდინარე სპქტაკლის კინოჩვენებები თითქმის ყოველწლიურად იმართება.
"ფრანკენშტეინის" ერთჯერადი ჩვენება კინოთეატრ "ამირანში" 30 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.