Event Cinema – „ივანოვი“
15 მაისს კინოთეატრი ამირანი წარმოგიდგენთ ანტონ ჩეხოვის პიესის „ივანოვის“ თეატრალური დადგმის ეკრანიზაციას. წარმოდგენა რუსეთში ნაციონალურ თეატრში 2016 წლის დეკემბერში დაიდგა და გარდა იმისა, რომ კრიტიკოსების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, ქვეყნის მთავარი თეატრალური პრემიის არაერთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
სპექტაკლის რეჟისორი ტიმოთეი კულუაბინია. ის რუსეთში კონტროვერსიული და თამამი საოპერო და თეატრალური დადგმებითაა ცნობილი. განსაკუთრებული ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მისმა „ტანჰაუზერმა“ (ვაგნერის ოპერა) 2015 წელს. რეჟისორი ამჯერადაც არ ერიდება სიახლეებს და კლასიკოსი ავტორის ნაწარმოების საინეტრესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს, როგორც კონცეპტუალური, ისე ვიზუალური თვასლსაზრისით. ერთ-ერთი მთავარ როლს სპექტაკლში რუსული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, ევგენი მირონოვი თამაშობს. მას პარტნიორობას ასევე ცნობილი მსახიობები: ჩულპან ხამატოვა, ელიზავეტა ბოუარსკაია და ვიქტორ ვერჟბიტსკი უწევენ.
„ივანოვი“ ანტონ ჩეხოვმა 1887 წელს დაწერა და ის დრამატურგის პირველი პიესაა, რომელიც სცენაზე დაიდგა. ნაწარმოები გადმოგვცემს უნივერსიტეტში განათლებამიღებული თავადის, ნიკოლაი ივანოვის სულიერ დრამას, რომელსაც მატერიალურ პრობლემებთან ერთად მეუღლის ავადმყოფობაც დაატყდება თავს და საშინელ დეპრესიაში ვარდება. მას უამრავი ეგზისტენციონალური კითხვა აწუხებს, მაგრამ მათზე პასუხებს ვერ პოულობს და სულ უფრო უჭირს ყოველდღიურობასთან გამკლავება.
„ივანოვი“ ივნისში ნიუ იორკის City Center-ის თეატრშიც დაიდგმება. კულუაბინს აქ უკვე კარგად იცნობენ 2016 წელს დადგმული „შუკშინის მოთხრობების“ წარმატებული სეზონის შემდეგ.
ქართველი მაყურებელი სპექტაკლის კინოვერსიის ნახვას მხოლოდ ერთი დღით, 15 მაისს შეძლებს. ჩვენება ტრადიციულად, 19:30 საათზე დაიწყება.