
*** (გმირთა მოედანი)
რა ტრაგედია დატრიალდა დღეს თბილისში. წყლით დამხრჩვალი არწივი და ხეზე გასული ზღვის ლომი!
ამის გამოგონება ზღაპრებშიც ძნელია.
დილის 9 საათზე, როდესაც მე მეძინა, მოსულა დიდი წვიმა. ადიდებულა მდინარე ვერე და მოგლეჯილი ხეებითა და ლოდებით ამოუვსია ვარაზისხევის ქუჩის ქვეშ გაყვანილი გვირაბი, შეგუბებულა წყალი და ამოუხრჩვია ზოოპარკი!
წყლით დამხრჩვალი არწივი?! თან მეცინება, თან მეტირება ამის გაფიქრებაზე. როცა გალიაში მიწით დასილული და
უძრავად მწოლიარე ვეფხვი დავინახე, მართლაც კინაღამ ავტირდი. ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი დაიხრჩო.
წარმოვიდგინე, როგორ ებრძოდნენ წყალს, როგორ გაჰყვეს ნესტოები გალიის ჭერში, რკინებს შორის, ეს იყო მათი უკანასკნელი
გაბრძოლება, მერე წყალმა გალიის ჭერიც დაფარა. ლომი, ლომი წყლით დამხრჩვალა იმიტომ, რომ დატყვევებული იყო, და
არწივიც იმიტომ, რომ დატყვევებული იყო.
თეთრი დათვები მუცელდაბერილები ეყარნენ ცემენტის ცივ იატაკზე. ალბათ, როგორ ესიამოვნათ პირველად, როცა ზაფხულის ამ თბილ დილას წყალი შეუდგათ მუხლამდე, მაგრამ მერე? ალბათ, ვცდები, ასე არ მოტყუვდებოდნენ, ალბათ, ყოველმა მხეცმა
ინსტინქტით იგრძნო საშიშროება და დაიწყო ბრძოლა გალიებში, ისე თვალნათლივ ვიგრძენი ეს სურათი, რომ მაჟრჟოლებს ხოლმე, როგორ მენანება, როგორ მეცოდება მხეცები, იმიტომ რომ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. რა მოულოდნელი იყო ალბათ, ეს წყლის შემოტევა მათთვის, უფრო მოულოდნელი, ვიდრე ადამიანისთვის იქნებოდა. მხოლოდ ბეგემოტმა შესძლო რკინის ფარდის გამომტვრევა და გათავისუფლება. იმ საღამოს იგი უძრავად იწვა საზაფხულო ვოლიერში და მძიმედ ქშინავდა ბრძოლაგადახდილი. როგორ მეცოდებიან ლომები, ვეფხვები და არწივები. ის ღრუბლები მოვიდნენ აფრიკიდან.
1960 წ. 4 ივლისი
ავტორი: ედიშერ ყიფიანი