ფილმები, რომლებიც Biaff-ის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ
წლევანდელი ბათუმის საავტორო კინოფესტივალის პროგრამიდან რამდენიმე ფილმი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ფესტივალი ყოველ წელს ისეთი ფილმების ჩვენებას ახერხებს, რომლებიც სხვადასხვა ა კლასის კინოფესტივალებზეა წარდგენილი. მათ შორის შეიძლება რამდენიმე მათგანი გამოვყოთ:
ახალგაზრდა აჰმედი
(ბელგია/საფრანგეთი, 2019) რეჟისორი: ჟან-პიერ და ლუკ დარდენები
დარდენების მორიგი სოციალური დრამა ის ფილმია, რომლის ნახვასაც ბათუმის კინოფესტივალზე ყველაზე მეტად ველი. ეს ამბავი არაბული წარმოშობის ბელგიელ ბიჭზეა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ექსტერმისტულ ცხოვრების წესს ირჩევს და ოჯახს უპირისპირდება, შემდეგ კი რელიგიის სახელით საკუთარი მასწავლებლის მოკვლას გადაწყვეტს.
უკაცრავად, ვერ მოგისწარით
(დიდი ბრიტანეთი/საფრნაგეთი/ბელგია, 2019) რეჟისორი: კენ ლოუჩი
კენ ლოუჩის ბოლო ფილმი გასულ წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში აჩვენეს. რეჟისორი მისთვის დამახასიათებელი სიმძაფრით ეკონომიკური განვითარების პირობებში თანამედროვე ადამიანის ბედზე გვიყვება. ფილმში სამსახურის გარეშე და საკუთარი თავის ამარა დარჩენილ ადამიანებს ყოველდღიური გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა.
თეთრი ქარავანი
(საქართველო, 1964) რეჟისორი: ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა
ფილმი საქართველოს მთებში მწყემსების მძიმე და ერთფეროვან ცხოვრებაზე, მთის ტრადიციებსა და მამისა და შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელიც ფატალურად მთავრდება. „თეთრი ქარავანი“ 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ნაწილი იყო, წელს იმავე ფესტივალზე Cannes Classics სექციაში აჩვენეს.
მოსავალი
(საქართველო, 2019) რეჟისორი: მიშო ანთაძე
ეს არის დოკუმენტური ფილმი, სადაც მოვლენები კახეთის რეგიონში ვითარდება. ის ბუნების ერთგვარ დაკვირვებას წარმოადგენს და ადამიანების და ტექნოლოგიების თანაარსებობასა და ურთიერთობაზეა. ფილმის პრემიერა წელს როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.