განათლების საერთაშორისო გამოფენა 2017 თბილისში
თუ გაინტერესებთ სწავლა საზღვარგარეთ – ბაკალავრის ან მაგისტრის პროგრამა, ენის მოკლე კურსი, საზაფხულო სკოლა ან რომელიმე სპეციალობის მოკლე, სპეციალიზებული კურსი, თუნდაც, ეს ვიტრინების გაფორმებას ეხებოდეს, 25 თებერვალს 12:00-დან 18:00 საათამდე თბილისის „რუმს ჰოტელს“ უნდა ესტუმროთ. თქვენი მასპინძელი საგანმანათლებლო სააგენტო UK Bridge იქნება და, წინა წლების მსგავსად, ეს ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის, კოლეჯის, სკოლა-პანსიონისა და ენის სკოლის წარმომადგენლებს დაგახვედრებთ. ისინი თავიანთ სასწავლო პროგრამებსა და კურსებს გაგაცნობენ, თქვენს ყველა შეკითხვას უპასუხებენ და არჩევანს გაგიმარტივებენ.
UK Bridge თითქმის 10 წელია პოტენციურ ქართველ სტუდენტებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებასა და სწავლის გაგრძელებაში ეხმარება. 100-მდე პარტნიორ სკოლასა თუ უნივერსიტეტში UK Bridge-ს 3500-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს გაგზავნილი. სააგენტო დაინტერესებულ პირებს წელს უკვე მეშვიდედ აძლევს საშუალებას, საგანმანათლებლო გამოფენაზე ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ.
გამოფენის შესახებ დეტალებს სააგენტოს დამფუძნებლები ნუცა ქურიძე და ანა ვეცკო გვაცნობენ:
ინდიგო: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი გამოფენის ორგანიზება საქართველოში?
ნუცა: როცა საქმიანობა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ ვიდრე რამე კურსს აარჩევენ და სადმე გაემგზავრებიან, მშობლებსაც და სტუდენტებსაც დიდი ინტერესი აქვთ, პირადად შეხვდნენ ამა თუ იმ ინსტიტუტისა და სკოლების წარმომადგენლებს. ასეთი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, მიღებულია და ჩვენც გადავწყვიტეთ, საქართველოშიც მოგვეწყო გამოფენა. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში განათლების საერთაშორისო გამოფენის პრაქტიკა დაამკვიდრა. თავიდან ძალიან ვღელავდით, მაგრამ გამოფენაზე ბევრი ხალხი მოვიდა და შემდეგ უკვე თამამად გავაგრძელეთ. ცნობადობა იზრდება, იგებენ, რომ ასეთ გამოფენაზე კარგ ინფორმაციას იღებ და ყოველ წელს სულ ახალ-ახალი დაინტერესებული ადამიანები მოდიან. ჩვენც ვცდილობთ, გამოფენა წლიდან წლამდე უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
ინდიგო: წლევანდელ გამოფენაზე რომელი სკოლები და უნივერსიტეტები იქნებიან წარმოდგენილი?
ანა: ჩვენ ვთანამშრომლობთ 200-მდე სხვადასხვა სასწავლებელთან. მათ რიცხვშია ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტები და ენის სკოლები. პარტნიორები ძირითადად ინგლისურენოვანი უნივერსიტეტები არიან ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა, ყველა ერთდროულად ვერ ჩამოდის და წლევანდელ გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ მათი 10 პროცენტი იღებს.
წელს 6 უნივერსიტეტისა და 14 ენის საზაფხული სკოლის წარმომადგენლები ჩამოვლენ:
Anglo American University (Czech Republic);
Budapest Metropolitan University (Hungary);
City University London (UK);
EU Business School (Germany, Switzerland, Spain);
IE University (Spain);
Regents University (UK);
Astrum Colleges (UK);
BOSS (UK);
British Study Centres (UK);
Cambridge Education Group (UK/ USA);
EC English (Canada, Malta, South Africa, UK, USA);
Kings Education (UK, USA);
MPW Mander Portman Wodword (UK);
Select English/ St Andrews Cambridge (UK);
Stafford House School of English (UK, USA);
Stafford House School of English (UK, USA);
Wimbledon School of English (UK).
Oxford International (UK).
ინდიგო: რას სთავაზობს გამოფენა დაინტერესებულ ადამიანებს?
ნუცა: გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებული ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის დეტალების გასაცნობად ეწყობა. გარდა ამისა, უკვე გადაწყვეტილებამიღებულ მომავალ სტუდენტს საყოფაცხოვრებო საკითხების დეტალების დაზუსტება სწორედ აქ შეუძლია.
ასევე გამოფენის კიდევ ერთი ნაწილია უნივერსიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციები სხვადასხვა სკოლაში. ასეთ პრეზენტაციებზე, ზოგადად, ბრიტანული განათლების სისტემის შესახებაც უყვებიან ხოლმე მოსწავლეებს.
ინდიგო: როგორ გრძელდება პროცესი გამოფენის შემდეგ?
ანა: მოსამზადებელი პროცესი ჩვენთან გრძელდება. წერენ ტესტებს, ვეხმარებით სკოლებთან კომუნიკაციაში, ვიზის მიღებაში, ვრიცხავთ შესაბამის სასწავლო დაწესებულებაში და შემდეგ სკოლასა და მშობელს შორის ვართ საკომუნიკაციო რგოლი.
ინდიგო: გამოფენაზე წარმომადგენლებთან კომუნიკაცია რა ენაზეა შესაძლებელი?
ანა: ინგლისურად, მაგრამ გამოფენის დროს თარჯიმნებად გვეხმარებიან მე-11 კლასის მოხალისე მოსწავლეები და ძალიან ვამაყობთ ამით. ისინი თავიანთ ერთ შაბათს ენთუზიაზმით გვითმობენ ხოლმე, შემდეგ კი სერტიფიკატებს იღებენ.
ინდიგო: ნებისმიერ მსურველს შეუძლია გესტუმროთ?
ნუცა: რა თქმა უნდა. გამოფენაზე დასწრება უფასოა და დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე: www.eventbrite.com (მოძებნეთ გამოფენა ადგილმდებარეობის მიხედვით).