გონება უხმო კინოა | ნია ჯინელის ფოტოამბავი
I
ჩემი გონება უხმო კინოა
არ მახსოვს ჩემი საყვარელი ადამიანის ხმა. აი ასე ვზივარ და არ მახსოვს. არ მახსოვს ხმები, მახსოვს მხოლოდ ღიმილი და კიდევ სევდა.
მახსოვს ერთმანეთის ფიქრში გატარებული ღამეები. ეს აბზაცები შენ გეძღვენება, შენ, რომელიც ვიცი, არასდროს ნახავ ამას და არასდროს მოისმენ, ისევე , როგორც მე, რომელიც აღარასოდეს ვნახავ შენს სახესა და ღიმილს და აღარასოდეს მოვისმენ შენს სიცილს, რადგან ვიცი, ვეღარ გამიღიმებ, მე კი ვეღარ შევძლებ შენს გაცინებას.
მე შენთვის დასრულებული თავი ვარ.
II
სახიდან ტირილი ჩამოვიბანე
მახსოვს მატარებლის შემოსვლა ოთახში და მეცხრე სიმფონია მწვანე ხალიჩაზე. ან ის პატარა საწერი მაგიდა, უკიდეგანოდ დიდი რომ მეგონა და რომელზედაც დაწყობილი ნივთები იმ უცხო და უცნაურ სამყაროზე მიამბობდნენ, რომლის შესახებაც ჯერ არ მსმენოდა და როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდი რას ნიშნავდა სიტყვა „სისასტიკე“.
და ის ყვითელი რბილი შუქი კაბინეტიდან გამოტყორცნილი. შუქი, რომელსაც ჰქვია „სახლში ვარ“ ან რომელსაც ჰქვია „აქ მძინავს“ და კიდევ მახსოვს დედაჩემი, ბუნდოვნად, ტახტზე ჩაძინებული მშვიდი სახით, ჩაძინებული მაგრამ სევდისგან.
რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი და ცაში ატყორცნილი უზარმაზარი კვიპაროსები , ფოთლების მტვერი პანთეონის პატარა ხის სკამზე და საფლავი-ჩემთვის უცნობი კაცის, კაცის, რომელმაც ყველაზე მეტი იცის ჩემზე ვიდრე მე. კაცი რომელიც ახლა იქ, ისევ ქვასავით მკვდარია.
და კიდევ, პატარა წყარო- ახლა უკვე მონგრეული და მოწამლული, რომელიც ადრე სიკვდილამდე მოწყურებულს, სიკვდილისგან გიხსნიდა-ახლა ბებერი ღიმილით გთავაზობს შხამს მიწისქვედა წყლებიდან.
მახსოვს ჩვენი საიდუმლო შეხვედრა თოვლში და თეთრი ძაღლები, უცხო კუდების ქიცინი შენს გარშემო და მოხაზული ბილიკები, ნაბიჯები თოვლში
ჩვენი საიდუმლო დიალოგები და ჩუმი თვალთა კვრა, ჩუმი ღიმილი.
შენი წაკითხული ტექსტები, შენი სხეული და შენი ძვლები სცენაზე , ოფლი შენი.
შენი ვნება და ჩემი აღტაცება შენი პირიდან გადმოსროლილი იმ თითოეული სიტყვის მიმართ, რომელიც არც-ერთს არ გვეკუთვნოდა , მაგრამ რომელსაც მაინც ვიჩემებდით ჩვენად.
და თითქოს ის ხმაურიც, საავადმყოფოს პატარა, მშვიდ ეზოში, რომლის გარშემო შემოკრულ ქვათა კედლებში ხალხი კვდებოდა. კვდებოდა საკუთარი მოგონებებით ხელში.
ჩვენ იმ ხმაურითა და იმ ჩუმი კისკისით იმ მოგონებებს ვიქმნიდით , რასაც ვერ ვიაზრებდით, სიკვდილის ბოლოს რომ გაგვახსენდებოდა.
III
შეხება განმკურნავს შენი
და მაშინ, როცა უცხო ქვეყანაში, რომელსაც ჩემად ვიჩემებდი , სხვისი კაცის სხვის ოთახში, სხვის საწოლში ვიწექი და მტკიოდი, მე მედო ჩემი(შენი) თბილი ხელი თავზე და მეგონა... ვფიქრობდი.. ასე იყო, ხო..
და მაშინ როცა ძალიან მენატრებოდი და მინდოდი , კედელს ვუყურებდი და შენს სახეს წარმოვიდგენდი.
მაშინ, როცა მტკიოდა სათესლეები და მტკიოდა საშვილოსნო, შენს ხელს(ჩემსას) მუცელზე ვიდებდი და სულში სითბო მეღვრებოდა და ალბათ ხანდახან ვტიროდი კიდეც.
IV
და შენ უკრავდი ტრაუმერაის
მე მევსებოდა გული სიხარულით
სოფლის ეკლესიის ჭერქვეშ, ძველი ხის სუნში , სამხრეთ გერმანიის მიწებზე. მიწებზე, რომლებსაც იმხელა სახელები ჰქონდათ , ვერასდროს ვიმახსოვრებდით და ჩვენც ვუგონებდით მათ პატარა სახელებს, თითქოს მიწებს. ვუგონებდით სახელებს და იყვნენ ისინი ვითომ ჩვენი შვილები. ვუგონებდით უნაყოფო მიწებს სახელებს - ჩვენი შვილების მაგივრად.
და მე არ ვფიქრობდი. არც მომავალზე და არც წარსულზე. ვიდექი ძველი ხის საკურთხელევლთან და ვუყურებდი გაბზარულ ზეცას.
შენ უკრავდი ნელა და რბილად, როგორც გჩვეოდა და იყავი კიდევ ნაზი, ბავშვივით.
და უკრავდი შუმანს , თვითნასწავლი და მშვიდი.
მე იქ მიყვარდი.
ახლა მხოლოდ სიზმრებში თუ მელანდები და მაშინვე ეჭვი მჭამს და ცოტა სინდისის ქენჯნა.. ან იქნებ მხოლოდ ტკივილი. .
არ იმსახურებს კაცი, ამას, ვინც გვერდით მიწევს.
V
ახლა მეც ვკვდები
მე მეგონა ღმერთებს დაცემა და სიკვდილი არ შეეძლოთ.
ჩვენ ეს ორივემ შევძელით
მიხარია, რომ ადამიანებთან საუბრის შესაძლებლობა მოგვეცა, მიხარია, რომ ყველა ხმაური სიკვდილის ბოლო წუთებში გაგვახსენდება და ამაყად ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში.
მზად ვარ იმისთვის, რისთვისაც მზად არასდროს ვყოფილვარ.
რომ მოვკვდე და გავცვალო ჩემი უსასრულო ცხოვრება ერთი კაცის ცხოვრებაში, რომელიც ცხოვრობს და ჰყვება და კვდება იმით, რასაც ჰყვება და რითაც ცხოვრობს, რასაც გვიამბობდა ხოლმე ჩვენც, მაშინ, ცაში რომ ვიყავით უკანასკნელ კუნძულზე ქვების წვიმაში და წვერში, გაჭრილი ფეხით და შენ არც კი უსმენდი მას. რადგან ღმერთი იყავი და არ გეცალა შენ მაშინ. შენ დიალოგს აბამდი ზღვასთან და ოკეანესთან, კიდევ კაშკაშა მზესთან და ტალღებთან, რომლებმაც წალეკვა კი არ იცოდნენ, არამედ მოტანა ამბების . იმ ამბების, რომლებსაც ქვემოდან ამოსროლილი ხმები ფოთლებივით უკან მოჰყვებოდნენ და კიდევ ფიქრისა და სევდის და სევდის
რა დავაშავეთ რომ ვართ ღმერთები?
რატომ არ ვართ ადამიანები?
რატომ არ შეგვიძლია ჩვენც რომ მოვკვდეთ?
დავხუროთ საკუთარი ცხოვრების თავები, ისე, როგორც ადამიანები ხურავენ საკუთარ ფანჯრებს , ღვთიური წვიმა მოდის როცა უხეშად , უხვად - მათ თავებსა და ქუჩებსა და გულებში?
ქარი შემოვარდა და სამყაროს კივილი.
xxx
დრო აღარ იცდის,
ეს ნიშნავს იმას , ალბათ, რომ ის დროა, უარი რომ უნდა ვთქვათ ასეთ ყოფნაზე და შევუერთდეთ ნამდვილ ცხოვრებას,
ამისთვის უნდა მოვკვდეთ, ძვირფასო.
ამით დავასრულებთ ჩვენს ჭიდილს და ღმერთების ტკივილს . დავისვენებთ იქ, ქვემოთ,სადაც არის სამყარო. სამყარო და ქალაქები. სოფლები და გზები, წყლები, ქარის წისქვილები და გვირაბები და სამყარო, რომლის შესახებაც იმდენი ჯერ კიდევ არ გვსმენოდა, მისი სისასტიკე რომ დაგვეჯერებინა.
ჯერ შენ მოკვდი და მერე მე მოვკვდები
მინდა გიყურო ძვირფას სახეზე
გიყურო და ამოვიკითხო ის ყველაფერი, რაც ამ ერთი პატარა წამისთვის შევქმენით
ჩვენი მტვერი ქარში მოვარდნილი ამბებივით გაქრება
და ალბათ ისევ ზეცაში ავა
მაგრამ ჩვენი მტვერი იქნება ადამიანური და არა ღვთიური და
ამიტომ ჩვენ ბედნიერები ვიქნებით.