გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„იმპრესიონისტები – და კაცი, რომელმაც ისინი შექმნა“

Event Cinema წარმოგიდგენთ:
იმპრესიონისტები – ყველაზე მასშტაბური გამოფენა დიდ ეკრანზე

3 აპრილს, 19:30 საათზე, კინოთეატრ ამირანში პროექტ Event Cinema-ს ფარგლებში იმპრესიონისტებზე შექმნილი ფილმის ერთჯერადი ჩვენება გაიმართება.

„იმპრესიონისტები  და კაცი, რომელმაც ისინი შექმნა“  ბრიტანელი დოკუმენტალისტის, ფილ გრაბსკის ფილმი-გამოფენაა, რომელიც იმპრესიონისტი მხატვრების და მათი კოლექციონერის ისტორიას გვიყვება. საათნახევრიანი ნამუშევარი საშუალებას გვაძლევს ეკრანს მიღმა დავესწროთ გამოფენებს პარიზის ორსეის მუზუმში, ლონდონის ნაციონალურ გალერეასა და ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში. პარალელურად კი იმპრესიონიზმის შესახებ საინტერესო ამბები მოვისმინოთ.

„ყველაზე სრულყოფილი და ყოვლისმომცველი ფილმი, რომელიც ოდესმე გადაღებულა იმპრესიონისტებზე“  ასე შეაფასა პრესამ გარბსკის ნამუშევარი, რომელიც პირველად ეკრანებზე 2015 წლის მაისში გამოვიდა.

გამოფენა აერთიანებს ისეთი მხატვრების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: მანე, მონე, დეგა, რენუარი, პისარო და სისლეი. ამ ყველაფრის მოძიებასა და ერთად თავმოყრას ხელოვნების მოყვარულები ფრანგ კოლექციონერს, პოლ დურან-რუელს უნდა უმადლოდენ. მისი დამსახურებაა იმპრესიონიზმის, როგორც მიმდინარეობის მასობრივი პოპულარიზაცია და იმ პერიოდის ნამუშევრების ისტორიისთვის შემონახვა. ფილმის მთავარი ხაზიც სწორედ დურან-რუელის ამბავს მიყვება.

პოლ დურან-რუელი 1831 წელს, პარიზში დაიბადა. მას სამხატვრო გალერეა მშობლებისგან მემკვიდრეობით ერგო. ხელოვნებით ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაინტერესდა და მალე მამის მსგავსად, არტ დილერობას მიჰყო ხელი. 1870-იანი წლების დასაწყისში მან იმპრესიონისტი მხატვრები გაიცნო და მიუხეადავად იმისა, რომ ეს მიმდინარეობა ჯერ სულ ახალი ჩამოყალიბებული იყო, თავიდანვე დაინახა მასში დიდი პოტენციალი. სწორედ აქედან იწყება მისი გატაცება იმპრესიონიზმით. მიუხედავად რისკებისა და თავდაპირველი ფინანსური წარუმატებლობისა, დურან-რუელი ამ მიმდინარეობის ყველაზე დიდი ლობისტი გახდა და სხვადასხვა ქვეყნაში ცდილობდა ნამუშევრების პოპულარიზაციას. 1886 წელს მისი ინიციატივით ნიუ იორკში იმპრესიონისტების პირველი მასშტაბური გამოფენა მოეწყო. მდიდარი ამერიკელების წინაშე თანამედროვე ფრანგული მხატვრობის წარდგენით მან ამ მიმდინარეობის სიცოცხლისუნარიონობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. იმპრესიონიზმმა საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. მუდმივად გაკოტრების პირას მყოფმა დურან-რუელმა კი როგორც იქნა, ფინანსური სტაბილურობა მოიპოვა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა