გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჯუზეპე ვერდის „მაკბეტის“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

14, 15, 18, 21, 22 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ჯუზეპე ვერდის ოპერის „მაკბეტი“ პრემიერა. ტეატრო რეჯო დი პარმას ეს ცნობილი სპექტაკლი 2018 წელს ვერდის ფესტივალზე სახელგანთქმულმა იტალიელმა რეჟისორმა დანიელე აბადომ (უდიდესი მაესტროს კლაუდიო აბადოს შვილმა) დადგა. სცენოგრაფი გახლავთ გრაციანო გრეგორი, კოსტიუმების მხატვარი - კარლა ტეტი.

„მაკბეტი“ ჯუზეპე ვერდის ადრინდელი პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ოპერაა. ვერდი ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო შექსპირით - კითხულობდა მის ტრაგედიებს, დრამებს, ისტორიულ ქრონიკებს, კომედიებს, ესწრებოდა წარმოდგენებს. ოცნება, შეექმნა შექსპირის სიუჟეტზე ოპერა, კომპოზიტორმა 1847 წელს, ოცდათოთხმეტი წლის ასაკში განახორციელა: რიგით მეათე ოპერისთვის ლიტერატურულ წყაროდ მან სწორედ ტრაგედია “მაკბეტი” აირჩია. შექსპირისადმი სიყვარული ვერდის მთელი ცხოვრება გასდევდა და მის სიუჟეტებზე რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა; „მაკბეტის“ გარდა ამ მხრივ აღსანიშნავია ვერდის შემოქმედებითი ცხოვრების დამასრულებელი და შემაჯამებელი ქმნილებები - ოპერები „ოტელო“ და „ფალსტაფი“.

„მაკბეტის“ პრემიერა, რომელიც შედგა 1847 წლის 14 მარტს ფლორენციის თეატრში La Pergola-ში,  წარმატებული აღმოჩნდა.  პრემიერის შემდეგ მან პარტიტურა მეგობარს, წარსულში კი მფარველს და ყოფილ სიმამრს - ანტონიო ბარეცის მიუძღვნა. ვერდი მთელი ცხოვრების მანძილზე „მაკბეტს“ - „უსაყვარლეს შვილს“ უწოდებდა; იგი ენთუზიაზმით შეხვდა 60-იან წლებში წინადადებას დაედგა „მაკბეტი“ პარიზში, სადაც ოპერა ახალი რედაქციით იყო წარმოდგენილი 1865 წელს.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერა “მაკბეტის” პრემიერა 1868 წლის 10 თებერვალს გაიმართა.

თბილისის ოპერის თეატრში „მაკბეტის“ პრემიერა ბოლოს 2002 წლის 20 დეკემბერს შედგა, რომლის დამდგმელი დირიჟორი გახლდათ ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი  - გურამ მელივა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა