
კინო და ცენზურა, სხვა მხარეს – ინდიგო #28
გლაუბერ როშა „რადიკალური კინოს“ ენით შეეცადა კარგი კინოს მიმართ მაყურებლის ნდობის დაბრუნებას; იგი დარწმუნებული იყო, რომ „უხამს ლათინურამერიკულ კინოს“ და თუნდაც ბრაზილიურ კარნავალებს, მუდმივად რომ დასცინოდა თავის ფილმებში, კონკურენციას გაუწევდა მისი „არქაული კინოენა“, მკაცრი, დაუნდობელი და სასტიკი. მაგრამ როშა ილუზიების მსხვერპლი აღმოჩნდა – ბრაზილიელი მშრომელი, ბრაზილიელი უპოვარი არ წავიდა მისი ფილმების სანახავად. კინოენა, რომელსაც „სინემა ნუოვოს“ რეჟისორები ხალხის ენას უწოდებდნენ, სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ხალხისთვის. როშას სურათებს მაყურებელი რომ მიეზიდა, ბრაზილიური ცენზურა დაუყოვნებლივ ამოქმედდებოდა და „სინემა ნუოვოს“ ფილმებში მინიმუმ „ძალადობის პროპაგანდას“ მაინც დაინახავდა. ასე არ მოხდა. რეჟისორი, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კინოს ენის განვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ დაასწრო რაინერ ვერნერ ფასბინდერს და კინოში მძლავრად შემოიტანა ბერტოლტ ბრეხტის ესთეტიკა, ცენზურას სხვა მიზეზითაც გადაურჩა. გლაუბერ როშა 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავისი არგენტინელი თუ ჩილელი კოლეგებისგან განსხვავებით, ის გადაურჩა სასტიკ სამხედრო დიქტატურას და სამშობლოდან განდევნას. თავისი კუბელი კოლეგებისგან განსხვავებით კი – კომუნისტურ ცენზურას.
***
მუჰამედ ლახდარ-ჰამინის ფილმი „ცეცხლოვანი დღეების ქრონიკა“, სამსაათიანი ეპოსი ალჟირელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიაზე, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად „ოქროს პალმით“ აღინიშნა კანის 1975 წლის კინოფესტივალზე, ალჟირში ეკრანებზე სულ რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა. არა იმიტომ, რომ კინოგაქირავებას ზევიდან მიუთითეს, ფილმი უბრალოდ ჩავარდა გაქირავებაში – მაყურებელი ასეთ თხრობას, სიუჟეტის ასეთ განვითარებას მიჩვეული არ იყო. შეიძლება ითქვას, მაყურებელმა უბრალოდ არ იცოდა ასეთი კინოს ყურება.
კინო და ცენზურის მე-9 ნაწილი სრულად ინდიგოს 28-ე ნომერში