კინოფესტივალამდე ერთი კვირით ადრე
დილაუთენია პეტერის ზარი მაღვიძებს, ფილმის დისიპი გადმოწერას აგვიანებს, შენი აზრით, „ამირანი“ დასატესტად მეტ დროს თუ დაგვითმობსო. დისიპი ფილმის იმ ფაილს ჰქვია, რომელიც კინოთეატრში გასაშვებად გამოიყენება ხოლმე, პეტერი კი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შვედი თანამშრომელია, ნამდვილი ოქროს ბიჭი, რომელიც გაუთავებლად ნერვიულობს, მაგრამ ამას არასდროს გამოხატავს. უნდა ყველაფერი ორი კვირით ადრე ჰქონდეს გამზადებული და ფესტივალის კვირა მშვიდად გაატაროს. პეტერი ჯერ ვერ ხვდება, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს თავის მეოცე დაბადების დღეს აღნიშნავს, მშვიდად, დინჯად და უხმაუროდ არასდროს ჩაივლის ხოლმე.
ჰო, მართლა: „მოგესალმებით თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალიდან, მე გურამ ღონღაძე ვარ, პროგრამის კოორდინატორი“. სწორედ ასე იწყება ასობით მეილი, რომელსაც ყოველდღიურად ვწერ. ვწერ ყველა მიმართულებით: საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, შეერთებული შტატები, რუსეთი, ბელგია, ალჟირი, ჩინეთი, ირანი, ისევ საფრანგეთი... ვწერთ ყველას: დისტრიბუტორებს, პროდიუსერებს, რეჟისორებს, მსახიობებს, ტექნიკოსებს, მთარგმნელებს, ისევ დისტრიბუტორებს... კინოფესტივალი 1 დეკემბერს, სულ რამდენიმე დღეში იწყება და ცოტა დრო გვაქვს. ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს, ისე როგორც ამას ჩვენი ქართველი, თუ საერთაშორისო მაყურებელი მიეჩვია.
კვირადღეა, მაგრამ ყველა თანამშრომელი ოფისში, აღმაშენებლის 164 ნომერში, ერთ ოთახში იკრიბება, სადაც წლების განმავლობაში დახარისხებული და დაარქივებული ორმოცზე მეტი კინოფესტივალის კატალოგი, პროგრამა თუ ბუკლეტი სხვადასხვა დროს ფოსტით მიღებული დივიდი დისკებისა თუ ვიდეოკასეტების გვერდით ინახება. მიყვარს ამ განსაკუთრებული მტვრის სურნელით გაჟღენთილ ოთახში თხუთმეტამდე ადამიანთან ერთად ჯდომა. ზოგი ფანჯრის რაფას იკავებს, ზოგიერთი მაგიდაზე ზის, ვიღაც პირდაპირ იატაკზე ჩამომჯდარი ხსნის ლეპტოპს, რომ გამათბობელს არ მოშორდეს. მე ერთ-ერთ თაროზე (!) მოვკალათდები და კედლებზე გამოკრულ გასული ფესტივალების ჭრელ-ჭრელ პოსტერებს ვუყურებ. წელს მეოცე წელია და „თიბისი სტატუსის“ გუნდის დაუღალავი მხარდაჭერით, ფესტივალმა ფერი იცვალა და ახალი ლოგოც მოირგო. მართალია ახალი ვერსიების ბეჭდური სახე ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ეკრანზე ძალიან ლამაზია! ოთახშია რამდენიმე მაგიდა ძველისძველი სტაციონალური კომპიუტერებით, ქვის ხანის მასალებს რომ ინახავს და რამდენიმე ფირის მრგვალი კოლოფი (რომელშიც მხოლოდ კინოფესტივალის გენერალურმა დირექტორმა - გაგა ჩხეიძემ - იცის, რომელი ფილმი ინახება).
„იყო დრო, ყველაფერს ფაქსითა და ოფისის ტელეფონით ვაგვარებდით“, იხსენებს კინოფესტივალის დირექტორი ნინა ანჯაფარიძე და ჩვენ, ახალგაზრდებს, გვეცინება. წარმოუდგენელია, როგორ ახერხებდნენ ამ ყველაფერს 15-20 წლის წინ ფეისბუქის, გუგლ-დრაივის, ვიტრანსფერის, დროპბოქსის, ვიმეოს და სხვა აუტანელი დასახელების ვებ-საიტების გარეშე, თუმცა ფაქტია, ფესტივალი ოცი წელია არსებობს და პროგრამის ხარისხსა თუ გემოვნებას ვერავინ დაუწუნებს. დიდ ეკრანზე განსაკუთრებული ფილმების ნახვა ყველას უხარია!
თათბირი იწყება ფესტივალის გახსნის დღის დაგეგმვით, წელს კინოფესტივალს ალფრედ ჰიჩკოკის ადრეული უხმო კინოკლასიკა „შანტაჟი“ გახსნის, რომელსაც კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში ცოცხლად გააფორმებს „ალტერ ორკესტრი“ მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. მუსიკა ფილმისათვის ბრიტანელმა კომპოზიტორმა ნილ ბრენდმა 2007 წელს დაწერა და მასში ისეთ ორიგინალურ და საინტერესო თემებს მოუყარა თავი, რომ დარწმუნებული ვარ, მისი გამგონე ჰიჩკოკის ცნობილ კომპოზიტორს ბერნარდ ჰერმანსაც კი სიამაყით აევსებოდა გული. „შანტაჟი“ კინოფესტივალის განსაკუთრებული, ყოველწლიური სექციის „აპოლო: კინომეხსიერების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ სექციაში ფესტივალი განსაკუთრებულ რეტროსპექტივებს მასპინძლობს ხოლმე, წელს კი ბრიტანული კინოკლასიკისკენ იღებს კურსს. რეტროსპექტივაში კიდევ შვიდი არაჩვეულებრივი ფილმია გაერთიანებული, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ბრიტანულ ყოფასა და ჰოლივუდისგან დამოუკიდებელ, ძალიან განსხვავებულ კინოენას.
ჩემი თანამშრომელი, ლადო, რომელმაც მთელი წელი ბრიტანული ფილმების ცქერასა და გადარჩევაში გაატარა, თვლის, რომ ნიკოლას როეგის კლასიკად წოდებული „არ გამოიხედო“ ქართველ მაყურებელზე სწორედ ისეთ ეფექტს მოახდენს, როგორც თავის თანამედროვეებზე - ფილმში იმდენად რეალისტურადაა გადმოცემული სექსუალური აქტის სცენები, რომ დონალდ საზერლედს დიდხანს, ძალიან დიდხანს დაყვებოდნენ პრესის თვალებანთებული წარმომადგენლები - „რა? მართლა ყველაფერი კამერის წინ მოხდაო?“. ზუსტად ვიცი, ამ წუთას, ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს მარიამს, რომელიც სტუმრების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მისი საფიქრალი ახლა სულ სხვა რამაა: როგორ იმგზავრებს ზემოთხსენებული ფილმის რეჟისორის ვაჟი თბილისის აეროპორტიდან სასტუმრომდე და რამდენად მოახერხებს ჩვენების გამართვამდე ლანჩზე გასვლას.
სტუმრების საქმე წელს განსაკუთრებით თავბრუდამხვევია და მარიამიც დღემუდამ გრძელ სიებშია ჩამძვრალი. როგორც იქნა, ფესტივალმა სანატრელი სტუმრის ავიაბილეთი დაამტკიცა. თბილისის კარლოს რეიგადასი ნამდვილად ეწვევა! მარიამი ტელეფონით გვასმენინებს რეიგადასის აუდიოშეტყობინებებს, სადაც მექსიკელი რეჟისორი თბილისური ამინდის პროგნოზით ინტერესდება. საქმე იმაშია, რომ მის მცირეწლოვან შვილებს ჯერ არასდროს უნახავთ თოვლი და კარლოსი ბედნიერი იქნება, თუ საქართველოში რამდენიმე დღით გაჩერებისას, მათ თხილამურებით სასრიალოდ წაყვანას მოახერხებს.
„რეიგადასისთვის ხელოვნურ თოვლს გამოვიძახებთ“, იძახის კინოფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი გიორგი, რომელიც სტუდენტობის წლებიდან გიჟდება ამ ავტორის შემოქმედებაზე. ან როგორ არ უნდა გიჟდებოდე?! გინახავთ მისი არაჩვეულებრივი „წყვდიადის შემდეგ ნათელი“, რომელმაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო დაიმსახურა? ან უფრო ადრეული „ზეციური ბრძოლა“, რომელმაც ახალი მექსიკური კინოტალღის დაწყებას დაუდო საფუძველი? თუ არ გინახავთ, ამ ფილმების ნახვა კინოფესტივალის დიდ ეკრანებზე შეგიძლიათ. სექცია „რეჟისორი ფოკუსში“ რეიგადასის ხუთ ფილმს წარმოგიდგენთ, 8 დეკემბერს კი ავტორთან შეხვედრაზე გეპატიჟებათ, სადაც მისთვის ნებისმიერი კითხვის დასმა შეგეძლებათ; ხალასი, თავმდაბალი და უშუალო კაცია.
დერეფანში გასაუბრებაზე დაბარებული მოხალისეები ხმაურობენ. ქეთა მათ სათვალავს ვერ აუდის. მოდიან ბევრნი, უნდათ დაგვეხმარონ, ისწავლონ, როგორ კეთდება ეს ჯადოსნური კვირეული, თეთრად გაათენონ ღამეები ჩვენთან ერთად კინოფესტივალის ოფისსა და კინოთეატრ „ამირანში“, რომლის ოთხივე დარბაზში წლის საუკეთესო ფილმებს დაეთმობა. თუმცა, ყველაზე მეტად წყნარ საათებში ფილმებზე შეპარვა და მათი დარბაზის კიბეებიდან, ხანდახან იატაკიდან ყურება უნდათ. ამას ვერ გამოგვაპარებენ! მეც ასე დავიწყე. კედელზე საგულდაგულოდ გამოკრულ პროგრამას აკვირდებიან, რომელსაც ვიღაცამ შავი მარკერით მიაწერა: „საბოლოო“, სხვამ კი ოთხი-ხუთი სეანსი გადაჯღაბნა და მიამატა: „ბოლოს საბოლოო“. „აუ, ნახე, რამდენი ჩინური ფილმია“! ჰო, ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინტერესდა აზიური კინოთი და არც ჩვენი კინოფესტივალი ჩამორჩება ამ ტენდენციას.
არადა, ვინ იცის, როგორი რთულია სწორი სეანსის დრო შეურჩიო ვანგ შიაოშუაის სამსაათიან ფილმს „მშვიდობით, ჩემო ბიჭუნა“, რომლის მთავარი როლის შემსულებელ მსახიობებს წელს ბერლინის კინოფესტივალზე შესაბამისი მთავარი პრიზები გადაეცათ.
მოკრძალებულ, ქერათმიან გოგონას კანადელი „კინოს საძაგელი ბავშვის“ - ქსავიე დოლანის - კანის კინოფესტივალის პრიზიორი „მათიასი და მაქსიმე“ იზიდავს და ყურადღების მიღმა რჩება ორი გამორჩეული კანადელი რეჟისორის ფილმი: ფილიპ ლესაჟის „დაბადება“, რომელიც სწორედ მისი ასაკის ბავშვების ზრდასრულ ასაკში შებიჯების საინტერესო კვლევაა, და დენი კოტეს „გამქრალი ქალაქის ცნობარი“; დენი კოტეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ თბილისის ეწვია და საპატიო პრომეთეთი დაჯილდოვდა, როგორც ახალგაზრდა, გამორჩეული და სრულიად განსხვავებული კინოენის შემქმნელი რეჟისორი.
„სერვერმა ისევ აურია! ქართული ფილმების ტრეილერები მჭირდება“, ექოდ იშლება სოფოს ხმა, რომელსაც წინადადება დასრულებული არ აქვს, ოფისის მენეჯერი და ტექნიკოსი დავითი, პრობლემას რომ მოაგვარებს და სერვერი ძველებურად ამუშავდება. წელს ქართული პანორამა, კინოფესტივალის ერთადერთი საკონკურსო სექცია, იმდენად მრავალფეროვანი და უხვია, რომ ონლაინ-ბმულების შეგროვებას ვერ ავუდივართ. არადა, გვინდა საერთო ვიდეო-რგოლი ავაწყოთ, სადაც ყველა ფილმის კადრი მოხვდება. ბედნიერებაა, რომ ამ ფილმების პრემიერები სწორედ თბილისში, დეკემბრის პირველ კვირაში გაიმართება! წარმომიდგენია, როგორ ღელავენ რეჟისორები: დებიუტანტები უტა ბერია (არასრულწლოვან პატიმრებზე გადაღებული ფილმით „უარყოფითი რიცხვები“) და გიგა ლიკლიკაძე (ძალზედ საინტერესო ქართული „ტრეშით“ - „ღორი“), თუ უკვე გამოცდილი და სახელგანთქმული დიტო ცინცაძე („ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“), დიმიტრი მამულია („ბოროტმოქმედი“) და თამარ შავგულიძე („კომეტები“).
უარყოფითი რიცხვები
ღორი
ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
ბოროტმოქმედი
კომეტები
ნეტავ იცოდეთ, ერთმანეთისგან როგორი განსხვავებული ნამუშევრები შემოგთავაზეს ამ რეჟისორებმა. რომელი გარემო შეისწავლეს, როგორ ადამიანებს დააკვირდნენ, რომელი განსაკუთრებული ქცევა გამოიჭირეს კამერის ობიექტივში. ამ ფილმებს დიდ ეკრანზე მხოლოდ ქართველი მაყურებელი კი არა, ის ხალხიც პირველად ნახავს, ვინც ფილმზე იმუშავა! ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“ საერთოდ მსოფლიო პრემიერას გვპირდება! მასზე მონტაჟი რამდენიმე დღის წინ დასრულდა და პეტერი, როგორც ყოველთვის, უხმო ისტერიკით ელოდება დისიპი ფაილს! ამას დამატებული ჩვიდმეტი მოკლემეტრაჟიანი და შვიდი დოკუმენტური ფილმი. კი, საქმე მართლაც ბევრია. ფილმები უნდა დაიტესტოს, გასწორდეს მათი გამოსახულება, ფოკუსი, ხმა... თავს ვერ შევირცხვენთ! „ქართული პანორამა“ კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი სექციაა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ჟიური მიადევნებს თვალს, 7 დეკემბერს კი გამარჯვებულებს გამოვლენს. საუკეთესო მხატვრული ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ქართული კინოს განვითარების ფონდისგან მიიღებს ფულად ჯილდოს, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორები კი - საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. „თითქმის ყველა „პრომეთე“ ჩამოსხმულია! დილას ველაპარაკე ოსტატს“, ტელეფონს ხელისგულს ააფარებს სოფო, გამოგვძახებს და მერე ისევ საუბარს მიუბრუნდება.
„ევროკავშირის პრიზი არ დაგავიწყდეთ“, ინსტინქტურად გვახსენებს თათია და ოფისიდან ჩქარი ნაბიჯით გადის. სათვალავი არეული მაქვს, ვეღარ ვიხსენებ რომელ საელჩოში დაიბარეს შეხვედრაზე. ევროკავშირი ჩვენს კინოფესტივალზე უკვე მესამე წელია „კინოში ადამიანის უფლებების გაშუქების პრიზს“ ერთ ფილმს გადასცემს. ამ პრიზისთვის მოკლე ნუსხის შერჩევა განსაკუთრებით რთულია. განა, რომელი ფილმი არ საუბრობს ადამიანის უფლებებზე? სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ჯოანა ჰოგის ავტობიოგრაფიული „სუვენირი“, ახალგაზრდა ქალი რეჟისორის ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ, თუმცა ბობოქარ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელსაც საკუთარი თავის აღმოჩენა და კარიერის აწყობა სექსისტურ სამყაროში მოუწევს; კინოს ვეტერანების ძმები დარდენების „ყმაწვილი აჰმედი“ რელიგიური ექსტრემიზმის დამანგრეველ ტრაგედიას დოკუმენტური სიზუსტით იკვლევს;
კენ ლოუჩის „ვწუხვართ, შინ არ დაგვხვდით“ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ვალებისგან თავის დასაღწევად მძიმე სამუშაოზე დათანხმებული რიკის ოჯახურ დრამას აღწერს;
პედრო კოშტას წლევანდელი ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული „ვიტალინა ვარელა“ პორტუგალიაში გადასახლებულიღატაკი ემიგრანტების ცხოვრებას ავტორისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი ესთეტიკით გვიყვება;
შარშანდელი ოქროს პალმის რტოს მფლობელის, დიდი ჰუმანისტის - ჰიროკაძუ კორეედას - „სიმართლე“ დედა-შვილის ურთიერთობის ამოუწურავ თემას უტრიალებს; ტეონა სტრუგარ მიტევსკას „ღმერთი არსებობს, მას პეტრუნია ჰქვია“ პოსტ-იუგოსლავიური მაკედონიის მწვავე და დროულ პორტრეტს ხატავს; სელინ სკიამას კანის კინოფესტივალის პრიზიორი „ალმოდებული ქალის პორტრეტი“ ფრთხილად გვახსენებს, რა მშვენიერ ნიმუშებს ქმნიან ქალები ერთმანეთის გარემოცვაში და როგორი მწარეა ქვიარ სიყვარული, რომელიც ხშირად გაჩენის პირველივე წამიდან დასასრულის გემოს გიტოვებს პირში.
ღმერთი არსებობს, მას პეტრუნია ჰქვია
ალმოდებული ქალის პორტრეტი
წლევანდელი პროგრამა იმდენად გადატვირთულია ერთიმეორეზე უკეთესი ფილმებით, რომ წამით თავბრუ მეხვევა. ასე სასიამოვნოდ გაბრუებულები ბრუნდებიან ხოლმე დღის ბოლო სეანსიდან კინოფესტივალის სტუმრები და მაყურებლები, შემდეგ ფესტივალის მორიგ წვეულებაზე, ნუკისგან საგულდაგულო მზრუნველობით შერჩეულ გარემოში ვხვდებით ერთმანეთს, აზრებს ვუზიარებთ, სამომავლო პროექტებს ვგეგმავთ...
თუმცა, ჯერ კვირადღეა და დასვენებაზე ფიქრი ადრეა! სახლში უნდა გავიქცე, კინოფესტივალის ბოლო სეანსის ფილმი - ამერიკელი ლულუ ვონგის „დამშვიდობება“ - უნდა ვთარგმნო. გული მიგრძნობს, ეს ფილმი ყველას ძალიან მოეწონება! ერთი შეხედვით, უბრალო სიუჟეტია: მთავარი პერსონაჟი გოგონას საყვარელ ბებიას უკანასკნელი სტადიის კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ. გოგონა არ ეთანხმება ოჯახის წევრებს, რომლებიც გადაწყვეტენ, არაფერი უთხრან ბებიას მისი მდგომარეობის შესახებ და ამის სანაცვლოდ ქორწილი გამართონ, რომ მთელმა ოჯახმა უკანასკნელად შეძლოს ბებიას გარშემო შეკრება. ეს სევდიანი ფილმი-იგავი ნებისმიერი ასაკისა თუ წარმომავლობის მაყურებელს ერთნაირად გააცინებს და დაანაღვლიანებს. სათაურიც ისეთი შეგვრჩა, რომ მაყურებელს ერთი წლით სიმბოლურად ასე დავემშვიდობოთ.
იქამდე კი პროგრამის ბუკლეტს უნდა გადავხედო, პეტერს დისიპის ჩამოტვირთვაზე შევუთანხმდე, ბუღალტერ ელენეს ვკითხო, ხელფასი როდის იქნება (მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წლის განმავლობაში, ყოველთვე ერთსა და იმავე თარიღში აკეთებს ამ უმნიშვნელოვანეს ტრანზაქციას) და ფილმის სუბტიტრები უნდა ვთარგმნო, თორემ კოორდინატორი - უკეთილშობილესი ელენე - დამიყვავებს, მისგან შენიშვნას კი ვერ ავიტან!
ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე, კინოთეატრ „ამირანში“ შევხვდებით.
დროებით!