გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

კინტოები | დავით აფაქიძის ფოტოპროექტი

დავით აფაქიძემ კინტოების გამოსახულებები ხელოვნურ ინტელექტს შეაქმნევინა. მათი იმიჯის ხელახლა გენერირება მეცხრამეტესა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის ქუჩებში, სავაჭრო დუქნებში, ბაზრის დახლებთან სცადა. ასე სურდა წარმოედგინა კინტო თავის ბუნებრივ გარემოში - შორს ყველა შემდგომი კონტექსტისგან, რომელშიც თბილისის ეს ძველი ბინადარი აღმოჩნდა.

საბჭოთა სისტემამ ის რეალური ყოფიდან გააქრო და დაივიწყა, თან მისგან სანახაობრივი ნაციონალისტური პერსონაჟი შექმნა, რომელიც საბჭოთა მოქალაქეებს ართობს, თბილისქალაქური იდენტობის სენტიმენტებს უღვიძებს, მაგრამ რომელსაც ინდუსტრიალიზაციისა და საბჭოური მოდერნიზაციის ხანაში რეალურად აღარაფერი ესაქმება.

პოსტსაბჭოთა წლებში კი კინტოების რომანტიზება იწყება.

დღეს ის უკვე ლიბერალურ ქვიარ აქტივიზმშიც გვხდება - თითქოს, ქვიარ თემი კინტოთა საკუთარ რიგებში შეყვანას ცდილობს - მათ ხელახლა მოპოვებას და ქვიარ ცნებებით მათ აღქმას. ასე ახალ კონტექსტებში და ასე განყენებეულ სუბკულტურად კინტოების გამოყოფა კი დათუნა აფაქიძისთვის ქმნის აშკარა შეუთავსებლობას, რაც ქვიარ ფილოსოფიის მთავარ ფასეულობებსვე ეწინააღმდეგება. 

ამიტომაც ავტორი აბრუნებს მათ იმიჯებს ძველ თბილისში და იდეის განსახორციელებლად ინტერნეტში მოძიებულ ფოტოებსა და ტექსტებს ეყრდნობა. მიჰყვება ზედაპირზე მიმოფანტულ კლიშეებს და მათი მეშვეობით კინტოების ყოფით სივრცეში შეღწევას ცდილობს - იქ, სადაც კინტოები არც დასავლური იდენტობის ქართულ ფესვებთან დგანან და არც თბილისური ქუჩის ეგზოტიკური ჯანბაზები არიან; არამედ გვევლინებიან თბილისში ოდესღაც მცხოვრებ ჩვეულებრივ ადამიანებად, რომელთაც უყვარდათ თავისი ქალაქი და ზოგჯერ ერთმანეთი. 

საბჭოთა დროს ეს ჩაწერილი სიმღერა კინტოს გეი სიყვარულზე გვიყვება. ამ სიმღერის პოლიამურული ტექსტი უპირისპირდება პატრიარქალურ მონოგამურ წარმოდგენებს სიყვარულზე.  

„აღარ ვიცი რა ვქნა მე

აღარ ვიცი რა ვუყო

გული მხოლოდ ერთი მაქვს

ორს კი როგორ გავუყო

მუჰამედ და აბდულიც

სიყვარულს მეფიცება

ორივეს შეყვარება

აბა როგორ იქნება

ერთმა შარფი დამპირდა

სიყვარულისთვის

მეორე კი თავს იკლავს

ჩემი გულისთვის

მე ორივე მომწონხართ

აბა რა ვქნა, რა გიყოთ

სიყვარული ორივეს

მითხარ, როგორ გაგიყოთ

მუჰამედ და აბდული

ასე ნუღა მაწვალებთ

ჩემს გულს და სიყვარულს

მხოლოდ ერთს ვანაცვალებ

ერთმა შარფი დამპირდა

სიყვარულისთვის

მეორე კი თავს იკლავს

ჩემი გულისთვის“.


ავტორი: დავით აფაქიძე

მასალა მომზადებულია ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით.
გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა