გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კოხტა მიტარბი
თეგები: #ინდიგო N13

კოხტა-მიტარბის კურორტი

ბედნიერება 4 სეზონზე გრძელდება

ჩემი შვილები ბაკურიანის ბავშვები არიან, იქაურ "ზბორებზე" გამოზრდილები. სხვაგან ასე არსად მიუხარიათ. მთელი წელი ბაკურიანს ელაპარაკებიან და ზაფხულშიც იქ გარბიან. კოხტა-მიტარბის მხარე ამ ზაფხულს გაიცნეს და კიდევ უფრო შეიყვარეს იქაურობა. 

ავდექით და შემოდგომის ფერებით რომ დავმტკბარიყავით, ამ რამდენიმე ხნის წინ, ზუსტად მიტარბისკენ ავედით. ბაკურიანი ცარიელი დაგვიხვდა, ცხენიც კი არსად ფრუტუნებდა. მარტო ბანკის შენობის წინ შეკრებილიყო რამდენიმე ადამიანი. ხმაურისა და დაძაბულობისგან გამოქცეულებს, თან კი ძალიანაც მოგვწონდა, რომ იქაურობა მარტო ჩვენი იყო, მაგრამ თან გული გვწყდებოდა, რომ ამ ფერებში, სუნებსა და ხმებში სხვები არ გვეზიარებოდნენ.

მიტარბი ჩემთვის ყოველთვის იყო პოლაროიდის კადრში ჩარჩენილი, უღრან ტყეში წელამდე თოვლში ჩაფლული ბავშვობა; მერე კი – სტუდენტობისას – კოხტას წვერიდან დანახული მიტოვებული საბაგიროს სევდის მომგვრელი ბოძები.

თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გავარკვიე, ამ კურორტის ასეთი გაცრეცილი, ნაღვლიანი კადრები, უნებლიე ნოსტალგიას რომ აღძრავს, მალე გაცოცხლდება და შეივსება ფერებით, ახმაურდება კიდეც და, ერთი სიტყვით, სულ სხვანაირ, საოცნებო სახესა და ფორმას მიიღებს. მალე, ანუ ზამთრის ამ სეზონზევე უკვე შესამჩნევი იქნება ცვლილება: მთის განვითარების კომპანია კოხტა-მიტარბში დაგვახვედრებს სამ ახალ საბაგიროსა (დოპელმეიერი) და ახალ 3,5-კილომეტრიან ტრასას. საბაგირო ზღვის დონიდან 2300 მეტრზე აგვიყვანს, საიდანაც კავკასიონსაც გავუსწორებთ თვალს.

აი, მომავალი წლიდან კი კოხტა-მიტარბის კურორტის სრულყოფილებას ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ. გვპირდებიან, რომ ბედნიერება აქ უკვე ოთხივე სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანია „ახალი მიტარბი“ ამ უნიკალურ ადგილზე მისივე შესაფერის უნიკალურ კომპლექსს განავითარებს ყველანაირი ინფრასტრუქტურით: სასტუმრო, აპარტჰოტელი, კოტეჯები, კვებისა და გართობის ობიექტები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და მოწესრიგებული სასეირნო ადგილები, რაც ბაკურიანის დამსვენებლებისთვის დღემდე სანატრელია.

კურორტის მიმზიდველობის მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ერთიანი კონცეფციით მოეწყობა. სწორი გეგმარებისთვის ქართველ არქიტექტორებთან ერთად ფრანგი კოლეგებიც მუშაობენ, ისინი, ვისაც არაერთ მსგავს მასშტაბურ პროექტზე უმუშავია სხვადასხვა ქვეყანაში.

არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის უპირობოდ შესანარჩუნებად, არქიტექტორებმა შემუშავებულ პროექტებში მთავარი აქცენტი დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე, რაც შეიძლება მეტ მწვანე ზონასა და კურორტის ინფრასტრუქტურის შემადგენელ სხვა ელემენტებზე გააკეთეს. „ახალი მიტარბი“ გვპირდება, რომ პროექტზე მუშაობისას არცერთი ხე არ მოიჭრება, პირიქით, უფრო მეტიც დაირგვება. ამ კურორტის კიდევ ერთი კოზირი ე.წ. სკი ინ სკი ოუტ ლოკაციაა. მანქანა, ტაქსი თუ ცხენი სათხილამურო ტრასასთან მისასვლელად არავის დასჭირდება.

გამოდის, რომ მალე კოხტა-მიტარბის კურორტზე თავის ადგილს ყველა ტიპის ადამიანი იპოვის – ექსტრავერტიც და ინტროვერტიც, ახალგაზრდაც, ოჯახიანიც და უოჯახოც, პოეტური, ნაზი ბუნებისაც და დაბადებიდან ექსტრემალიც.

უკვე რამდენიმე თვეა, სოციალური ქსელის წყალობით, ცვლილების ამ პროცესს თვალს ვადევნებ და ვგულშემატკივრობ. ვხედავდი, როდის რომელი ბოძი დამონტაჟდა, ე.წ. ტროსები როგორ დაიჭიმა, მთამსვლელები როგორ მუშაობენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, ამ ადგილის პოტენციალი სასრიალო ტრასების 15 კილომეტრამდე გაზრდას თავისუფლად აუვა. თუმცა, დახვეწილი და კომფორტული ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს, წლის ნებისმიერ დროს გავერიდოთ ურბანულ ხმაურსა და სტრესს და სწორედ კოხტა-მიტარბში დავტკბეთ გაზაფხულზე გაფურჩქნული ფოთლოვანი ტყეებით და აყვავებული ფიჭვის სურნელით, ზაფხულში გაშლილი ალპური თუ სუბალპური ყვავილების ფერადოვნებით და შემოდგომის ჭრელი ფოთოლცვენითაც; ზამთარზე აღარაფერს გეტყვით, ისედაც კარგად იცით. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა