Le Méridien Batumi | ხელოვნება სასტუმროში
თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, პარიზში დაბადებული ბრენდის Le Méridien-ის რუკაზე ახალი ადგილი ჩნდება – ბათუმი. Destinations Unlocked – ბრენდის სლოგანია და მათი სასტუმროები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შემოქმედებითად მოაზროვნე მოგზაურებს ევროპული სტილის ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.
Le Méridien-ი მიზნად ისახავს უცნობი ადგილების აღმოჩენას; მოგზაურობით, როგორც ცხოვრების სტილით, ტკბობას; და ამას აკეთებს სწორედ ევროპული სულისკვეთების დაფასებით – იმის წარმოჩენით, რასაც ევროპელები „კარგად ცხოვრებას“ უწოდებენ.
Le Méridien Batumi ქალაქის შუაგულშია, ისეთ ადგილას, რომ ქალაქში თუნდაც რამდენიმე საათით ჩასული ადამიანი აუცილებლად შენიშნავს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნიკალური და კავკასიის უმაღლესი კომპლექსის – „ბათუმი თაუერის“ ნაწილია.
Le Méridien Batumi-ს კონცეფციაზე მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი კაწია აბსანძე გვესაუბრება.
იღება სასტუმროს კარი და რა ხდება მერე?
იწყება ვიზუალური მოხიბვლა. სტუმარი იხიბლება შთამბეჭდავი ხელოვნების ნიმუშებით, რომლებიც მის აღქმას სრულად იპყრობს და ახლის აღმოჩენის სურვილით ავსებს.
რეგისტრაციისას ყველა მოგზაური იღებს ნომრის პლასტიკურ გასაღებს, რომელიც, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუშია, რადგან მის დიზაინზე მხატვარი მუშაობდა. ეს, ასევე, არის გასაღები, რომელიც სასტუმროს ოთახის გარდა, აღებს ადგილობრივი კულტურული ცენტრების კარსაც. Le Méridien-ის ყველა სასტუმროს ჰყავს პარტნიორები, თანამედროვე არტცენტრით დაწყებული და გალერეით დასრულებული. ეს პარტნიორობა კი სტუმრებს მუდმივად რაღაც ახლის აღმოჩენის ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.
ახლა, გთხოვთ, გვიამბეთ, რა ხდება შენობაში – გავაგრძელოთ მოგზაურობა ინტერიერში.
შენობაში 105 საუცხოოდ მოწყობილი ოთახი და აპარტამენტი გვხვდება. მათ შავი ზღვის უმშვენიერესი ხედები ამშვენებს. აქვეა ღია და დახურული აუზები, სპა და ფიტნესცენტრი, რესტორანი და ლაუნჯი ღია ტერასით, სადღესასწაულო დარბაზები, შეხვედრების ოთახები. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, ბათუმში საქმიანი ვიზიტითაა ჩამოსული ადამიანი თუ დასასვენებლად, Le Méridien Batumi-ში ყველა იპოვის სასურველ მომსახურებასა თუ ინფრასტრუქტურას.
შეიძლება რამე სახელიც მივუსადაგოთ Le Méridien-ის სტილს?
ბრენდი ევროპული ფესვებითაა შთაგონებული, გაჯერებულია შუა საუკუნის მოდერნიზმის პრინციპებით და აშკარად იხდენს Timeless Chic-ის დიზაინის ესთეტიკასაც. გამორჩეული დეტალებითა და უცნაური ელემენტებით სასტუმრო შთაგონებისა და წარმოსახვისთვის იდეალურ სივრცეს ქმნის.
განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ინტერიერის კონცეფციაზე ქართულმა კომპანია „Rooms“-მა იმუშავა.
ოთახში რას აღმოაჩენს სტუმარი?
Le Méridien Batumi სტუმარს კომფორტს ახვედრებს ყველანაირი ასპექტით, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება. ესაა საფირმო საწოლი, ფართო სამუშაო სივრცე, ფუნქციური ტექნოლოგიები თანამედროვე დიზაინის ელემენტებით.
ყნოსვა მეხსიერებასთან ყველაზე მეტად დაკავშირებული გრძნობაა და ჩვენი სტუმრების მეხსიერებაშიც, ალბათ, დიდხანს დარჩება Le Méridien-ის არომატი. ბრენდისთვის Malin+Goetz-მა სპეციალურად შექმნა საფირმო სურნელი LM002 (აბაზანის ხაზისთვის), რომელშიც მთელი ხმელთაშუა ზღვის ნოტებს მოუყრია თავი – შავ ქარვას, მუსკუსს, სანდალის ხეს, ლიმონს, ჟასმინს, ფრეზიასა და ლეღვსაც კი.
გთხოვთ, თავად ბრენდის ისტორიის შესახებაც გვიამბეთ.
Le Méridien 1972 წელს ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა შექმნა. 2005 წლიდან კი Starwood Hotels & Resorts-ის შემადგენლობაშია. დღეს Le Méridien-ის 100 სასტუმრო მსოფლიოს 35 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ბრენდმა საერთაშორისო აღიარებაც კარგა ხანია მოიპოვა. ეს სახელი ევროპულ მემკვიდრეობასთან, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და ხელოვნებით შთაგონებულ ნოვაციებსა და კულტურით, არტით გატაცებასთან ასოცირდება.
ავტორი: ლაილა მერლანი