ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #მუსიკა

Lua | პირველად იყო მთვარე



ქეთათო ნერგაძე, სასცენო სახელით Lua, ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორია. 2021 წელს გამოუშვა 3-სიმღერიანი EP – Paper Crown, იქამდეც და მას მერეც არაერთი სინგლი, რომელთა განსხვავებული და საერთო ხასიათი ბიოგრაფიული ინფორმაციის მიღმა კრავს არტისტის ბიოგრაფიას.

ინგლისურენოვანი ლირიკა ყველაზე უფრო ორგანული აღმოჩნდა მისთვის, ბუნებრივი პროცესია - როცა გაქვს სათქმელი და გინდა მუსიკის წერა, მუსიკალურ გრამატიკას უნებლიეთ გიყალიბებენ არტისტები, რომელთაც ყველაზე ხშირად, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება უსმენ, მერე ფორმაც და შინაარსიც თავისთავადია.

luagif

ერთი შეხედვით, ყველაფერი ძალიან მარტივადაა - გოგონა გიტარაზე უკრავს, მსუბუქი ლირიკისა და ჰარმონიული ვოკალის ფონზე ვუსმენთ ტრადიციულ პოპს, გნებავთ - პოპფოლკს.

Lua-ს ხასიათზე ცალკეული კომპოზიციებით მსჯელობა რთულია. მნიშვნელოვანია ისეთი „უმნიშვნელო“ დეტალები, როგორიცაა მისი ბავშვობა, სიყვარული მუსიკის მიმართ, მუსიკის კეთების მძაფრი სურვილი, ამბები, რომლებსაც ჰყვება ლირიკა, რომლებსაც არ ჰყვება ლირიკა.

კონტექსტი ქმნის უმნიშვნელო მნიშვნელობებს და ჟანრული კუთვნილების ძიებაზე მეტად, Lua-ს თვითგამორკვევაა Lua-ს ჟანრი.

If Jesus was a driver, would he let you in his car?

რა მუსიკასაც უნდა ქმნიდეს ის, იგრძნობა ცვლილებების პერსპექტივა. რატომაც არა ფოლკროკი, რატომაც არა ქანთრიროკი, რატომაც არა?

ბოლო რამდენიმე ვიდეორგოლის თვალსაჩინოდ მხიარული და ფერადი განწყობა სულაც არ გამორიცხავს მომავალში განწყობათა სხვა უამრავ „რატომაც არას“.

lua.disco

მელოდიაც თავისთავადი აქვს - უსმენ და თითქოს ამბის თხრობის (Storytelling) მიღმა სულ აღარ ისმის ინსტრუმენტალი. ზოგჯერ კი პირიქით - ინსტრუმენტალის მიღმა გეკარგება ამბავი.

ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,
რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა! [1]

როგორც ქეთათო ნერგაძე იხსენებს, მისი პირველი სიტყვა იყო მთვარე.

პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იყო Lua. [2]

 

შენიშვნები:

[1] ტიციან ტაბიძე;

[2] Lua - მთვარე (პორტ.)


ვიდეოს ავტორები: გიორგი ძიძიგური, სოფო შეითნიშვილი
ტექსტის ავტორი: გიორგი ყორღანაშვილი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა