გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მცენარეთა მეტამორფოზა

შეხედე, როგორ იზრდებიან, იფურჩქნებიან მცენარენი,
ჯერ იკვირტებენ, იხუვლებენ, ბოლოს ნაყოფია მზენარევი.
თესლიდან იფეთქებენ ნაყოფები, როცა დედამიწა ნაყოფიერ
მკერდიდან სიცოცხლეს გაუყოფს და სინაზეს შთაბერავს მათ ყოფიერს.
ადიდებს მიწა თოთო ფოთლის გაშლას მარადიულ სინათლეში. 
უხილავ ძალას, სილუეტებს გარსში გახვეულებს სძინავთ თესლში.
ფესვები, ბუტკო და ფოთლები – ნახევრად ფორმამიცემული,
ნატეხი მშვიდი ცხოვრებისა, უსაფრთხო, როგორც მტკიცებულება სიყვარულის.
შეხე, როგორ იზრდება, გვნუსხავს, ალი ასდის, 
ნახე, როგორ ბორგავს ჩვენი გრძნობაც. იდიდე, ძალავ დღის სინათლის!
იდიდე, სიყვარულო, რომ დაეძებ ამ შუქში მყოფ ნაყოფს ელვარეს,
როგორც მიჯნურები დაეძებენ ტკბობათა უმაღლეს მწვერვალებს.

ნაწყვეტი ლექსიდან „მცენარეთა მეტამორფოზა“

ტექსტი: იოჰან ვოლფგანგ გოეთე, თარგმანი ინგლისურიდან: პაატა შამუგია


ადამიანები მცენარეთა ილუსტრაციებს ოდითგანვე ხატავენ. თუმცა ამ პროცესმა სამეცნიერო მნიშვნელობა XVII-XVIII საუკუნეებიდან შეიძინა, როცა მოგზაურებმა ახალი სამყაროს აღმოჩენა დაიწყეს და მისი ფლორისა და ფაუნის ფიქსაცია სცადეს. სწორედ ამ პერიოდიდან, ბოტანიკურ ილუსტრაციებს ეწოდა „ხელოვნება, რომელიც მეცნიერების სამსახურში“ დგას. საქართველოში ბოტანიკური ილუსტრაციები ბოლოს, ისიც მხოლოდ არასრული სახით, წინა საუკუნეში მომზადდა. ინდიგომ ამ მოცემულობის შეცვლა განიზრახა და საქართველოს ბოტანიკურ ბაღთან და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (V.A.D.S.) სტუდენტებთან ერთად სპეცპროექტი მოამზადა – V.A.D.S.-ის სტუდენტებმა ბაღში დაცული უნიკალური სახეობის მცენარეების მიხედვით ბოტანიკური ილუსტრაციები დახატეს.

დაათვალიერეთ ეს ნახატები და ისინი თქვენც მოგცემთ საშუალებას, ზოგად სურათში ჩაკარგული და ხშირად შეუმჩნეველი მშვენიერი ნიუანსებით დატკბეთ. სტუდენტებმა თავიანთ თავზე პირველად გამოსცადეს ბუნებასთან ურთიერთობის, მისი ხელახლა აღმოჩენის და მასზე დაკვირვების ეს უნიკალური პროცესი. „მცენარეს მანამ ვერ ხედავ, სანამ მას არ დახატავ“ – ისტორიას ისევ გოეთეს ფრაზად შემორჩა ეს სიტყვები, თუმცა, ვინც უნდა იყოს ავტორი, ახლოსაა სიმართლესთან. ეპოქაში, როცა ადამიანის მზერას სურათის სიჭრელე, ცვალებადი შინაარსი და მასშტაბურობა აბნევს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაბრუნება საწყისთან, კიდევ უფრო ძვირფასია ინტიმური კონტაქტი ჩვენს თავდაპირველ გარემოსთან და ამ გარემოს აღწერითა და ფიქსაციით მისი დაფასება, ხელახლა აღმოჩენა და მადლობის თქმა.  

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა