,,მეშახტე“ და ,,მედეა“ | ფოტოამბავი წყალტუბოდან
ხავსმოკიდებულ კედლებს ყველგან ერთი დარდი აქვს.
როცა წლები და მტვერი მოგონებებს შლის, რაღაც რჩება - როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ რაც იყო, ნამდვილად იყო. წყალტუბო ნაწილობრივ მისტიკური ადგილია. შთამბეჭდავი ბუნება და ძველი, პომპეზური შენობები ყველა წარმოსახვას გზას უხნის - ფასადი ჯიუტად გაიძულებს, იფიქრო, რა ხდებოდა ამ კედლებს მიღმა.
ყველაფერი წყლიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, მწყემსმა, რომელსაც სახსარი სტკიოდა, გუბეში ფეხი ჩადგა, განიკურნა და სხვებსაც მოუყვა ამბავს. ისტორიულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, წყალტუბოს წყლების სამკურნალო თვისებებზე ადგილობრივებმა უძველესი დროიდან იციან. წლების განმავლობაში აქაური აბანოები სამეფო კარს ეკუთვნოდა. თერმულ-რადონულმა მინერალურმა წყლებმა კიდევ უფრო დიდი ყურადღება გასული საუკუნის 50-იან წლებში მიიქცია. ასე იქცა წყალტუბო ჯერ ქალაქად და მერე პრესტიჟულ, ხალხმრავალ კურორტად.
,,მეშახტე“ და ,,მედეა“ ამ ერთი დიდი ლეგენდისა და რეალობის ორი პატარა ამბავია.
პარალელურად, მისტიკისა და რომანტიკის გარეშე, თავისი დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს ქალაქი. 20-ზე მეტი შენობის ხავსმოკიდებული კედლები კი წლებია, ახალ სიცოცხლეს, ახალ ადამიანებს და ახალ ისტორიებს ელოდება.