ქვეყნის მშენებელი ხელოსნები
სახლზე, რომელშიც ვცხოვრობთ, ვამბობთ: ავაშენე, გავარემონტე, კეთილმოვაწყე. ამ დროს იმ კინოვარსკვლავებს ვემსგავსებით, რომელთა ჩრდილშიც ფილმის ნამდვილი შემოქმედები იკარგებიან. შემოქმედები – სწორედ ასე შეგვიძლია მოვიხსენიოთ ადამიანები, რომელთა შრომის, ცოდნისა და ძალისხმევის შედეგია ჩვენ გარშემო შექმნილი მყუდრო, თბილი და ნათელი გარემო; სახლი, რომელშიც წლების, შესაძლოა, თაობების განმავლობაშიც ვიცხოვროთ. ჩვენს საოჯახო ფილმს ტიტრები რომ ჰქონოდა, იქ აუცილებლად ამოვიკითხავდით: მებათქაშე, მეარმატურე, სანტექნიკოსი... სწორედ ასეთია იმ პროფესიების ნაწილის ჩამონათვალი, რომელთაც m2-ის უმსხვილეს საგანმანათლებლო პროექტ „კონსტრუქტ2-ში“ სრულიად უფასოდ შეგასწავლიან.
სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონების“ ერთობლივი პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულებაც სამ მილიონ ლარს შეადგენს. ეს თანხა m2-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გაღებული რესურსის მხოლოდ მცირე ნაწილია. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ნაწილს მაინც შეგახსენებთ: ქალთა როლის გაძლიერება და მათი ლიდერის თვისებების წარმოჩენა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მხარდაჭერა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლების მშენებლობა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს მოწყობა, საკლუბო რაგბისა და რეგიონული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილი და უამრავი სხვა – ის, რაც ჩვენს საზოგადოებას უკეთეს გარემოს უქმნის.
ახლა კი „კონსტრუქტ2-ის“ ჯერია – კოლეჯის, სადაც არა მხოლოდ კომპანიისთვის მოამზადებენ პროფესიონალებს, არამედ ქვეყნისთვისაც, რომელიც ახლა მშენებლობის მიმართულებით აქტიურ ფაზას გადის.
„კონსტრუქტ2“ ზესტაფონში, ნიკოლაძის 28-ში მდებარეობს. შენობა შარშან ნოემბერში გაიხსნა, გაზაფხულზე კი პირველ მსმენელებს მიიღებს. სასურველი ხელობის დაუფლება 18 წელზე უფროს ნებისმიერი ასაკის, სქესის, ფიზიკური შესაძლებლობისა თუ გამოცდილების მქონე მსურველს შეუძლია.
„ისევე, როგორც სხვაგან, სამშენებლო სფეროშიც არ არსებობს პროფესია, რომლის ათვისება და წარმატებით დაუფლება ქალებს არ შეუძლიათ. მით უფრო, რომ თანამედროვე სამშენებლო მეთოდები და განვითარებული ტექნოლოგია აღარ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს, ამიტომ სიამაყით აღვნიშნავ, რომ „კონსტრუქტ2-ის“ კარი მათთვისაც ღიაა“, – ამბობს ნინო რუხაძე, m2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.
„კონსტრუქტ2-ში“ თერთმეტ ხელობას შეგასწავლიან, წელიწადში კი ექვსას პროფესიონალს მოამზადებს, რომლებიც ამ წოდების მისაღებად სამეტაპიან პროცესს გაივლიან: ყველაფერი თეორიის შესწავლით დაიწყება, რათა მეორე, პრაქტიკულ ეტაპს, მომზადებულები შეხვდნენ. ეს უკანასკნელი, ხელობის შესწავლის ყველა საჭირო ასპექტს მოიცავს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამისთვის მსმენელები გარკვეულ ანაზღაურებასაც მიიღებენ. მაგრამ მთავარი არც ესაა, თუ გავითვალიწინებთ, რომ მესამე, დამაგვირგვინებელი და ასევე ანაზღაურებული ეტაპი, საწარმოო პრაქტიკის გავლას თავად m2-ის სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ობიექტებზე ითვალისწინებს.
ნინო რუხაძე: „ამის შემდეგ, კოლეჯის კურსდამთავრებული თავად წყვეტს, m2-ის გუნდში გააგრძელებს მუშაობას თუ არა – ამ მხრივ შეზღუდვას არ ვაწესებთ, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი პროფესიონალი ხელოსნების მომზადებაა, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს დიდ ოჯახში დარჩენა ამჯობინონ. ამ პროექტის კიდევ ერთი ღირებულება ხელოსნების პროფესიისადმი დამოკიდებულების გადაფასებაა, ეს ტრანსფორმაცია კი, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა განიცადონ და პროფესიით ნებისმიერი დიპლომირებული ადამიანის მსგავსად იამაყონ. ამის მიზეზი კი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი, რეალურად, არა მხოლოდ ცალკეულ შენობებს, არამედ ქვეყანას აშენებენ; სწორედ მათ მიერ ამოყვანილ კედლებსა და კეთილმოწყობილ ბინებში იცხოვრებენ ადამიანები, მთელი თაობები და ამავე კედლების წინ ჩაივლის ჩვენი ქვეყნის ისტორიაც. თუ ეს გადაფასება მათში მოხდება, შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულებაც, რომ ნებისმიერი პროფესია საამაყოა. პარალელურად, გვინდა, სამშენებლო ხელობათა ქართული შესატყვისების დამკვიდრებასაც შევუწყოთ ხელი, რაც ამ პროფესიის პოპულარიზაციას დაეხმარება“.
ამჟამად „კონსტრუქტ2“ პირველი ნაკადის მიღების პროცესშია. მსურველები სწავლის გაგრძელების უფლებას მცირედი გასაუბრების შედეგად მიიღებენ. რაც მთავარია, აქ სწავლას სხვა რეგიონების მცხოვრებლებიც შეძლებენ, რადგან კოლეჯს განთავსების საშუალებაც აქვს – კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ოთახები, გასართობი სივრცეები, ბიბლიოთეკა და სხვა. ეს უკვე მიანიშნებს, რომ m2-ს გაცილებით შორი მიზნები აქვს, ვიდრე ბაზარზე არსებული პროფესიონალების ნაკლებობის შევსებაა.
ნინო რუხაძე: „დღეს m2-ის სამშენებლო კომპანია BK Construction-ში 1100 ხელოსანია დასაქმებული, თუმცა დაგეგმილი პროექტები გაცილებით მასშტაბურია და კონტინგენტის რაოდენობა საკმარისი არ არის. სამომავლოდ, ხელოსანთა რაოდენობის სამი ათასამდე გაზრდა დაგვჭირდება, საჭირო კვალიფიკაციის პროფესიონალები კი იშვიათობაა. სამშენებლო კოლეჯის დაარსების აუცილებლობაც, სწორედ, ამ ნაკლებობამ გამოიწვია. ამას ისიც ემატება, რომ m2 რეგიონულ პროექტებსაც ახორციელებს და, ამ მიმართულებით, არეალის გაფართოებასაც ვგეგმავთ. გაცილებით ხელსაყრელია, თუ კვალიფიციური კადრი ადგილზე გვეყოლება იმერეთში, კახეთში, სვანეთსა თუ სამეგრელოში. ჩვენს პროექტებს ადგილობრივები თავადვე ააშენებენ, საკუთარ კუთხეებში დასაქმდებიან“.
სასტუმროები ტყუილად არ გვიხსენებია – m2 ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათ სასტუმროს აშენებს, რაც, მთლიანობაში, ათას ნომერს გააერთიანებს. „უმაღლესი ხარისხით აგებულ და კეთილმოწყობილ სასტუმროს მომსახურების დონეც შესაბამისი დასჭირდება, ამიტომ არ გამოვრიცხავთ, რომ დადგება სასტუმროს ოპერირების სპეციალისტთა მოსამზადებელი კოლეჯის აუცილებლობაც, რისთვისაც უკვე მზად ვართ“, – ამბობს ნინო რუხაძე.
„კონსტრუქტ2-ის“ სასწავლო კურსი მხოლოდ კონკრეტული ხელობების შესწავლით არ შემოიფარგლება: აქვე იმუშავებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტების მოსამზადებელი თვრამეტთვიანი სახელმწიფო პროგრამა. ამ პროფესიებზე მოთხოვნა დღითი დღე სულ უფრო იზრდება და პირდაპირ კავშირშია სამშენებლო პროცესთან.
ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველ სამშენებლო კოლეჯში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია უკვე აქტიურ ფაზაშია. მალე სწავლაც დაიწყება, კოლეჯის კარი კი ღიაა ნებისმიერისთვის, ვისაც სურს გახდეს პროფესიონალი, შეისწავლოს მშენებლობის თანამედროვე სტანდარტები, არის შრომისმოყვარე, მოტივირებული და, რაც მთავარია, უნდა იყოს დასაქმებული.