ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნოშრევან გიორგაძე, სტალინის ორდენოსანი, მერე – გადასახლებული | დავით ხვადაგიანი

ნოშრევან საბას ძე გიორგაძე 1918 წელს იმერეთში, სოფელ ციხესულორში დაბადებული ჯარისკაცია, რომელიც 21 წლის იყო, წითელარმიელი რომ გახდა და 1946 წლის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან ომში იბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით. რამდენიმე წელიწადში სწორედ ამ ბრძოლებში ტყვედ ჩავარდნა ჩაუთვალეს დანაშაულად, ეჭვის თვალით დაუწყეს ცქერა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ნოშრევან გიორგაძე საბჭოთა ხელისუფლებამ, რამდენიმე წელიწადის დაშორებით, ჯერ განადიდა და შემდეგ გაანადგურა. ჯერ ყველა თავდადება დაუფასა, რითაც მომავალი თავგანწირვისთვისაც წააქეზა და შემდეგ, ტანჯვა და სიმტკიცე წყალში ჩაუყარა. წაართვა იდეალები, დააკარგვინა ღირსება, შეიწირა მისი შვილები. მისი ბიოგრაფიის აღდგენა შესაბამისი კვლევებით დეტალურად გახდა შესაძლებელი, დანარჩენზე – განცდების, დარტყმების, ცხოვრების საზრისის დაკარგვისა და მერე მისი პოვნის სიმძაფრეზე კი – მხოლოდ ვარაუდი.                                               

1951 წლის 23 დეკემბერს, კვირა დღეს, „დოსააფის“ ინსტრუქტორმა ნოშრევან გიორგაძემ და მისმა მეუღლემ, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა შუშანიკამ საკარმიდამო ნაკვეთი გაწმინდეს. ცოლ-ქმარი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის წინდაწინ ემზადებოდა. ძალიან დაიღალნენ. საღამოს მცირეწლოვანი შვილები – ზაირა და ელგუჯა დააძინეს და თვითონაც დაიძინეს.

ამ დროს შევიდა ძალაში სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს დადგენილება ნომრით №4893-2113(29.11.1951). ტექსტი ადგენდა, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში „სოციალურად უცხო ელემენტების გადასახლება“ იწყებოდა.

შუაღამისას გიორგაძეების სახლში, სოფელ ციხესულორში, შინაგანი ჯარის რაზმი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ ნოშრევანსა და შუშანიკას გამოუცხადეს, რომ დაუყოვნებლივ უნდა აბარგებულიყვნენ.

ნოშრევანი მაშინღა მიხვდა, რატომ ჩააბარებინეს წინა დღეს სამსახურის რევოლვერი – ადგილობრივი შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელები ფრთხილობდნენ – მათ იცოდნენ, რამდენად კარგად ისროდა ნოშრევანი და, როგორც საბჭოთა ოფიცერს, საბრძოლო გამოცდილებაც რამხელა ჰქონდა.

გიორგაძეებს მხოლოდ იმ ნივთების წაღების ნება დართეს, რის ტარებასაც ხელით შეძლებდნენ, ჯარისკაცებმა იქვე დაკლეს მათი „საშობაო“ ღორი, დაანაწევრეს და წასაღებად მოამზადეს. მერე გიორგაძეების ოჯახი და ახლომახლო სოფლებში დაპატიმრებული ადამიანები ურმებით მიიყვანეს ვანის კოლმეურნეობის კანტორის ეზოში. იქ სატვირთო ავტომობილები გადასასახლებლად გამზადებულებს უკვე ელოდნენ. ამ სატვირთოებით ხალხი სამტრედიაში ჩაიყვანეს, სადაც უკვე ეშელონების გავსება დაიწყო. ყველანი „ტავარნიაკის“ ვაგონებში ჩაკეტეს ისე, რომ არ გააფრთხილეს, სად გაჩერდებოდა საბოლოოდ გრძელი ეშელონი, რომელიც მთელ საქართველოში მოკრებილი ოჯახებით იყო სავსე. მხოლოდ არმავირის სადგურზე განმარტეს, რომ მიდიოდნენ ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ხოლო გადასახლების ვადა იყო 25 წელი.

გადასახლებული ნოშრევან გიორგაძე საბჭოთა მედლებისა და ორდენების მფლობელი იყო. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოებს შორის გახლდათ სტალინის ორდენიც. და, რაც მთავარია, ჰქონდა წითელი დროშის ორდენიც, როგორც განსაკუთრებული დამსახურებების მქონე სამხედროს.

მშობლიურ სოფელში გიორგაძე გადასახლებამდე ხუთი წლით ადრე დაბრუნებულიყო და თადარიგში გასული „დოსააფში” მსახურობდა.

წითელ არმიაში 21 წლისა უკვე ირიცხებოდა. პოლიტექნიკური საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის 47-ე სამთო-მსროლელი დივიზიის 141-ე სამთო-მსროლელი პოლკის უმცროს მეთაურთა სკოლაში ჩაირიცხა. 1938 წელს კი, გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც პირველი პროლეტარული დივიზიის ერთ-ერთი მსროლელი პოლკის სერჟანტთა სკოლაში გააგრძელა სწავლა. იმავე წლის ივლისში გააგზავნეს შორეულ აღმოსავლეთში, დაზგის ტყვიამფრქვევის მემიზნედ, სადაც იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება.

ნოშრევანმა შორეულ აღმოსავლეთშივე დაამთავრა სერჟანტთა სკოლა და დაინიშნა 304-ე მსროლელ პოლკში, მეტყვიამფრქვევეთა ოცეულის მეთაურად. იმავე წლის დეკემბერში, მისი ოცეული გაგზავნეს მანჯურიის სასაზღვრო შემადგენლობაში, სადაც 1939 წლის დეკემბრამდე მსახურობდა. შემდეგ გააგზავნეს რიაზანის ოფიცერთა სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1941 წლის მარტში და ოკუპირებულ ლატვიაში, 87-ე ავიაბრიგადის დაცვის უფროსად დაინიშნა.

ამ დროს დაიწყო ომი ნაცისტურ გერმანიასა და სსრკ-ს შორის. 1941 წლის 22 ივნისიდან იმავე წლის აგვისტომდე ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში იბრძოლა – ზურგის საბრძოლო დაცვაში ასეულს მეთაურობდა. 1941 წლის აგვისტოდან გადაიყვანეს ქალაქ პასკოვის დასავლეთით. იქ კისრის არეში დაიჭრა და ლენინგრადსა და სვერდლოვსკში იმკურნალა.

1941 წლის ნოემბრიდან მეთაურობდა ასეულს 39-ე არმიის 257-ე დივიზიის 1192-ე მსროლელ პოლკში. მონაწილეობდა კალინინის და ნოვგოროდის აღებაში. 1942 წლის იანვარში იბრძოდა ქალაქ სეჩოვკასთან, სადაც დაიჭრა მარცხენა მკლავში და ქალაქ ნოგინსკში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში, ბატალიონის მეთაურის კურსებზე წავიდა. 1942 წლის მაისში, იქიდან პირდაპირ გააგზავნეს დასავლეთის ფრონტზე და მე-16 არმიაში 123-ე მსროლელი ბატალიონის მეთაური გახდა.

1942 წლის აგვისტოში მე-16 არმიის მიერ ქალაქ ბრიანსკზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, გერმანული ნაწილები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და საბჭოთა ნაწილებმა უწესრიგოდ დაიხიეს უკან. ორივე ფეხში დაჭრილი ბატალიონის მეთაური გიორგაძე გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. მკურნალობდნენ ქალაქ ორიოლის ციხეში, სადაც გაიცნო ტყვედ ჩავარდნილი თბილისელი მაიორი ივანე ოგასაროვი და ბიქტორ გუჩუა. მათ ერთად მოუწიათ პოლონეთის ქალაქ ბაბურინსკსა და ბიალა-პოდლიასკას გერმანულ საველე ტყვეთა ბანაკებში ყოფნა და, საბოლოოდ, 1943 წლის აპრილში, ქალაქ რადომსკის ბანაკიდან დიდ ჯგუფთან ერთად გაიქცნენ. ეს ამბავი გერმანელებმა გაიგეს და გაქცეულ ტყვეებს ცეცხლი გაუხსნეს. 82 კაციდან მხოლოდ 18-მა გააღწია სამშვიდობოს. ნოშრევან გიორგაძეც მათ შორის იყო.

ერთი კვირის შემდეგ, გადარჩენილები პოლონეთის მუშათა პარტიის გვარდიის შტაბის მებრძოლებს შეუერთდნენ და „კინოვიჩის“ სახელობის პარტიზანული რაზმი ჩამოაყალიბეს. შემდეგ კი გამოეყვნენ პოლონელებს, დაუკავშირდნენ საბჭოთა პარტიზანული ძალების ცენტრს და შექმნეს სტალინის სახელობის პარტიზანული რაზმი, რომელიც ქალაქ დემბლინის მიდამოებში და მდინარე ბუგის დასავლეთით მოქმედებდა.

ნოშრევანს დავალებული ჰქონდა, ეწარმოებინა დაზვერვა მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში და აეფეთქებინა საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობები, რკინიგზები, ხიდები და ეშელონები. 1944 წლის იანვარში, პარჩევის ხიდის აფეთქების შემდეგ, მისი რაზმი გადავიდა ბელორუსიის ტერიტორიაზე და შეუერთდა ბრესტის მიმდებარედ მოქმედ ჟუკოვის სახელობის პარტიზანულ რაზმს.

გზაში ნოშრევანი ტიფით დაავადდა, მაგრამ გადარჩა და გამოჯანმრთელების შემდეგ ბრიგადის დივერსიული რაზმის მეთაურად დაინიშნა. ამ დროს თავი განსაკუთრებით გამოიჩინა: მის „ანგარიშზე“ აღირიცხებოდა ათობით განადგურებული ეშელონი, საწვავის ცისტერნა, ორთქმავალი, დრეზინა, წყალსაქაჩი და სამხედრო ტექნიკა. ამ მოქმედებებს შეეწირა ასობით გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი, მათ შორის, ერთი გენერალიც.

1944 წლის აგვისტოში ჟუკოვის სახელობის პარტიზანულმა რაზმმა ააფეთქა ყველა ხიდი და ლიანდაგი ფრონტის დასავლეთით, რითაც უკან დასახევი გზა მოუჭრა გერმანულ ნაწილებს და ამით მოახერხა, შეტევაზე გადასულ საბჭოთა არმიის ავანგარდებს შეხვედროდა. ამის შემდეგ, ნოშრევანი და დანარჩენები დეკემბრამდე იბრძოდნენ ბრესტისა და ვარშავის მიმართულებით, მდინარე ვისლას აღმოსავლეთით.

ნოშრევან გიორგაძემ ქალაქ ხარკოვში გაიარა „სახელმწიფო სინჯვა“ (ფილტრაცია), რის შემდეგაც უკრაინის მეოთხე ფრონტზე გააგზავნეს, ქალაქ კრაკოვის მიმართულებით, 246-ე მსროლელ დივიზიაში, რომელმაც ბრძოლით გაიარა: კრაკოვი, ბრატისლავა, კარპატების მთები, პრაღა.

დივიზიას ომის დასასრულმა დასავლელ მოკავშირეთა ჯარებთან შეხვედრისას მოუსწრო. თუმცა ნოშრევან გიორგაძე 246-ე დივიზიაში ასეულის მეთაურად 1946 წლის მარტამდე მსახურობდა.

1951 წელს კი, სამშობლოში დაბრუნებული გიორგაძე სსრკ-ის მინისტრთა საბჭოს დადგენილების ადრესატი გახდა – როგორც „სოციალურად უცხო ელემენტს“, გადასახლება შეეხო.

თორმეტდღიანი მგზავრობა სამხრეთ ყაზახეთის მხარეში, კიროვის რაიონის დასახლება ყიზილ-ტანში დასრულდა. გადასახლებულები ადგილობრივ კომენდატურას ჩააბარეს. მათ კი ოჯახის უფროსები დაიბარეს და მიწურები და მათზე 2 წლით ადრე დეპორტირებული ბერძნების გომურები გაუნაწილეს საცხოვრებლად.

ბერძნებმა ახალ მეზობლებს ცუდი ამბავი დაახვედრეს – მათ ადგილზე, რამდენიმე წლის წინ, ათასობით გერმანელი სამხედრო ტყვე ცხოვრობდა, რომელთა უმრავლესობაც გარდაიცვალა, რადგან მძიმე საცხოვრებელ პირობებს ვერ გაუძლო.

გადასახლებულები ბამბის მეურნეობებში გაანაწილეს სამუშაოდ. კომენდატურა მათ ყოველკვირეულად აღრიცხავდა. ნოშრევანი, როგორც ყოფილი ოფიცერი, კომენდატურაშივე დატოვეს სამუშაოდ, თუმცა, ერთ დღეს, მან ვერ აიტანა მეზობლის, კომენდატურის დამლაგებელი, დეპორტირებული ბერძენი ქალის შევიწროება და თანამშრომლებს სცემა. ნოშრევანი დააპატიმრეს და კიროვის რაიონის ციხეში ჩასვეს. შუშანიკას კი ქმრის მონახულება აუკრძალეს. ის მარტო დარჩა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

გადასახლებულები ვერ ეგუებოდნენ ყაზახეთის სტეპების მძიმე კლიმატს და სასმელად ვარგისი წყლის უქონლობას. პირობები განსაკუთრებით მძიმე, ბავშვებისთვის აღმოჩნდა. ისინი ვერ შეეჩვივნენ სახლიდან შორს, არაადამიანურ პირობებში ცხოვრებას. 1952 წლის თებერვლის ბოლოს შუშანიკასა და ნოშრევანის შვილებს – ზაირას და ელგუჯას წითელა დაემართათ. მალევე ინფექცია საშინლად გაურთულდათ. გადასახლებულმა ქართველებმა შეძლეს, ასევე გადასახლებული ექიმის – არჩილ პატარიძის მიყვანა, თუმცა არც მედიკამენტები ჰქონდათ სამკურნალოდ და ისედაც – ვერ მიუსწრეს. 2 და 5 მარტს ბავშვები გარდაიცვალნენ.

დედას მეზობლები დაეხმარნენ: მათ, პირველ რიგში, კომენდატურას მიმართეს და სთხოვეს ნოშრევანის თავდებით გათავისუფლება, რათა მამა შვილებს გამომშვიდობებოდა. სანაცვლოდ, რამდენიმე ადამიანი მის მაგივრად ციხეში ჩასაჯდომადაც იყო მზად. კომენდანტურამ უარი თქვა. ამიტომ დედამ და მეზობლებმა გადაწყვიტეს, ბავშვები ისე დაესაფლავებინათ, რომ თუ ოდესმე შუშანიკასა და ნოშრევანს საქართველოში გაუშვებდნენ, მათ შვილების ცხედრების სამშობლოში საიდუმლოდ გადასვენების საშუალება ჰქონოდათ. ბავშვები სასაფლაოდან შორს, სახელდახელოდ მოწყობილ აკლდამაში დაკრძალეს. შუშანიკამ თავიდან გადაწყვიტა, შვილების გარდაცვალების ამბავი ქმრისთვის დაემალა და ციხეში ყოფნა მისთვის კიდევ უარესად არ დაემძიმებინა. თუმცა ნოშრევანმა შემთხვევით მაინც გაიგო, მერე მეუღლეს მიაწვდინა ხმა და სთხოვა, სიმართლე როგორმე პირდაპირ შეეტყობინებინა. შუშანიკა ასეც მოიქცა – წერილი დაწერა, მერე პურის ცომში ჩადო, გამოაცხო და ამანათი ქმარს გაუგზავნა.

როცა ნოშრევანი გაათავისუფლეს, ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, აკლდამა გაეხსნათ და შვილები უკანასკნელად ენახათ. ოჯახის მეგობრებმა კი კარი წინასწარ გახსნეს, ფიქრობდნენ, თუ გვამები დაზიანებული იქნებოდა, მამისთვის აღარ ეჩვენებინათ.


თუმცა ასე არ აღმოჩნდა, ნოშრევანმა და შუშანიკამ შვილები ნახეს და მათ ცხედრებთან ფოტოები გადაიღეს, როგორც უკანასკნელი სახსოვარი.

1953 წელს, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, გადასახლებულების მასობრივი განთავისუფლება დაიწყო. სტალინის ორდენის მფლობელი ნოშრევან გიორგაძეც, მოგვიანებით შეძენილი „უცხო ელემენტის“ სტატუსისგან გათავისუფლდა და მეუღლესთან ერთად, სამშობლოსკენ გამოემართა. თუმცა, მანამდე შვილების გადმოსვენების ნებართვა ითხოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, სასტიკი უარი მიიღო.

„ეს ყველაფერი ადვილი მოსაყოლია, თორემ ადვილი გადასატანი არ იყო, რა უნდა გვექნა?! ბავშვები სიცოცხლეში გვეხვეწებოდნენ, სახლში წავიდეთო... თუ შვილებს არ წამოვიყვანდი – არ წამოვიდოდი. როგორ პირობებშიც არ უნდა მეცხოვრა“...

უთხრა 2013 წლის მაისში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევრებს 93 წლის შუშანიკა ხაზარაძე-გიორგაძემ.

მშობლებმა შვილების ცხედრების მოპარვა გადაწყვიტეს. განზრახვის შესრულებაში რამდენიმე სანდო მეგობარი ეხმარებოდათ. ბავშვების აკლდამა დასახლებიდან ექვს კილომეტრში იყო. ნოშრევანი და შუშანიკა ორ მეგობართან ერთად ღამით წავიდნენ, აკლდამა გახსნეს, „ბავშვები წამოიყვანეს“ და სახლთან ახლოს, სტეპის მაღალ ბალახში დამალეს. მათ წინასწარ ჰქონდათ მომარაგებული მასალა. საიდუმლოდ მოყვანილმა რუსმა ხელოსანმა თუნუქის კუბო იმ ღამესვე დაუმზადათ. ნოშრევანმა იცოდა, რომ გაცემული იყო ბრძანება და დასაბრუნებლად გამზადებულ ადამიანებს ბარგი ხის მასალით შეჭედილ ყუთებში უნდა ჩაეწყოთ, ზედ მისამართებიც დაეწერათ: მშობლებმა თუნუქის კუბოს ხის ყუთი დაუმზადეს და ასე შენიღბული მოამზადეს წასაღებად.

სამ დღეში დასახლებაში სატვირთო ავტომობილები მივიდნენ და ხალხი მდინარე სირდარიის სანაპიროზე სარკინიგზო მაგისტრალთან მიიყვანეს. იქ უკვე ეშელონები უნდა ჩამომდგარიყო. მდინარის სანაპიროზე კიდევ სამი დღე-ღამე ღია ცის ქვეშ მოუწიათ ყოფნა. თუმცა მაინც ყველა ბედნიერი იყო – შინ ბრუნდებოდნენ. მხოლოდ ნოშრევანს და შუშანიკას ეშინოდათ ჩხრეკის, რადგან იცოდნენ – ბავშვების ცხედრები რომ ეპოვათ, მაშინვე ჩამოართმევდნენ და მათ სამუდამოდ დაკარგავდნენ.

თუმცა არ გაუჩხრეკიათ.

„რადგან ეშელონში შევიტანეთ, ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო! დედას რანაირად უნდა მოგეთმინა იმდენი, რისთვის უნდა გამეძლო ამდენისთვის, რომ არ აღმომხდა ერთი სიტყვაც... ჩემი ამბავი არავის გაუგია – ერთი ხმაც არ ამომიღია, ერთი ტირილი არ დამიწყია... ვიყავი დამხობილი ჩემთვის“...

– იხსენებდა შუშანიკა გიორგაძე 60 წლის შემდეგ.

ცამეტდღიანი მგზავრობა სამშობლოსკენ, მატარებლით, ისევ სამტრედიაში დასრულდა, სადაც ნოშრევანს და შუშანიკას ახლობლები და მეგობრები დახვდნენ და ბავშვები მშობლიურ ციხესულორში წაასვენებინეს. მხოლოდ ჩასულებმა გაიგეს, რომ მათ სახლში, დეპორტაციის შემდეგ, ქათმების ფერმა გაეხსნათ. ორწლიანი მუშაობის შემდეგ ფერმა უკვე დაეხურათ, მაგრამ სახლი საცხოვრებლად მაინც აღარ გამოდგებოდა, ამიტომ გიორგაძეებმა ბავშვების დაკრძალვა ეზოში მოაწყვეს.

ცხოვრება ამის მერე თავიდან დაიწყეს. სამი შვილი შეეძინათ: 1954 წელს სვეტლანა, 1956 წელს – მზია, ხოლო 1958 წელს – ავთანდილი.

ნოშრევან გიორგაძე 1987 წელს გარდაიცვალა. იგი ბავშვების გვერდით დაკრძალეს.

შუშანიკა გიორგაძე 2019 წლის 28 მარტს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა ქუთაისში, შვილის, ავთანდილ გიორგაძის ოჯახში. ისიც მშობლიურ ციხესულორში დაკრძალეს, მეუღლესა და შვილებთან ერთად; შვილებთან, რომელთა ცხედრებიც, შუშანიკამ თავის ქმართან ერთად, დიდი რისკის მიუხედავად, მაინც არ დაუტოვა იმ „თეთრი სამარის“ უდაბურ მიწას, რომელიც ათეულათასობით „თავისუფალი გადასახლებულის“ სიცოცხლეს ჭამდა.

p.s. კვლევაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს და მის თავმჯდომარეს, ზაალ გორგიძეს.



ტექსტი: დავით ხვადაგიანი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი
ფოტოები აღებულია "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" SOVLAB-ის ვებგვერდიდან