ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რიონის ხეობა ფოკუსში | დოკუმენტური ფოტოსერია

რიონის ხეობაში ნოემბრიდან მარტამდე, Სულ ექვსჯერ ჩავედი. თავიდან თითო დღით ვუერთდებოდი ხოლმე აქციას, ბოლოს უკვე ორჯერ გავატარე ორკვრიანი პერიოდი. Როცა მოძრაობაში ჩავები და პირველად ვესტუმრე ხეობას, ჯერ კიდევ არ არსებობდა კარვების ბანაკი და სუსხიან ღამეებს კასრში დანთებული ცეცხლის ირგვლივ ათევდნენ. 

იანვრის აქციაზე ჩემს მეგობართან, ელენე გომელაურთან ერთად ჩავედი და ცოტა ხნის შემდეგ, უნივერსიტეტში პატარა ფილმის გადაღება რომ დაავალეს, გადავწყვიტეთ, ნამოხვანში მიმდინარე მოვლენებზე გადაგვეღო. Პირველ ჩასვლაზე ერთი კვირა გავჩერდით. თუმცა, ჩასვლიდან რამდენიმე დღეში უკვე დანამდვილებით ვიცოდით, რომ მხოლოდ საუნივერსიტეტო დავალებით ვერ შემოვიფარგლებოდით და დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა გადავწყვიტეთ. თბილისში დაბრუნებისთანავე დავტრიალდით საჭირო აპარატურის საშოვნად და კეთილი ხალხის გულუხვობის დახმარებით, ერთ კვირაში უკვე ნამოხვანში ვიყავით. 

როცა თებერვლის ბოლოს, მეოთხედ დავბრუნდი ხეობაში, ორი კარავი იყო გაშლილი. Პირადად არავის ვიცნობდი, მაგრამ ჩასვლამდე მაკას ველაპარაკე ტელეფონით და შევუთანხმდი, რომ რამდენიმე დღით მასთან დავრჩებოდი, მექვენაში. 

Მექვენისკენ რაფომ აგვიყვანა. Შორი არაა, მაგრამ გზა არ ვარგა და ამიტომ თხუთმეტი კილომეტრის გავლას საათზე მეტი სჭირდება. მეორე დღეს, მაკამ უხვყველიანი ხაჭაპურები დაგვიცხო და მინდვრის ბალახების უგემრიელესი ჩაით გაგვიმასპინძლდა. წინ გზა გველოდა. საათნახევარი გავატარეთ მარშუტკის ლოდინში რომ კარვებს დავბრუნებოდით როგორმე. არ გამოიარა. არაუშავს. ადგილობრივებს განრიგი აქვთ, რომლის მიხედვითაც ყოველ ღამე სამი ადამიანი მაინც რჩება გუშაგად გზისპირა კარავში. იმ დღეს, გუშაგობა მარადის უწევდა, ზედა სოფლიდან შუადღისას უნდა ჩამოევლო და ვიცოდით, რომ ჩვენც გაგვიყოლებდა. 

28 თებერვალი განსაკუთრებით მახსოვს, იმ დღეს პირველად მოვისმინე საკონცერტო სცენის და სატელევიზიო ეკრანის მიღმა შესრულებული ქართული მრავალხმიანი სიმღერა. კრიმანჭულზე საერთოდ გავგიჟდი, საიდან მოდის, რა ფენომენია, რა ჯადოქრობაა.

სამგზავრო მარშუტკის დრამა მარტშიც გამომყვა. Სულ ველოდი და არასდროს მოდიოდა. უფრო გზად წამოსულ მანქანას თუ მოაჯდებოდი ხოლმე. ერთ დღეს, ნამოხვანისკენ მიმავალ თეთრ ფორდის მარშუტკას დავემგზავრეთ. ორნი ისხდნენ. ასე ორმოცდაათის იქნებოდნენ, მაგრამ სამოცდაათზე მეტსაც მივცემდი. Მგზავრის ადგილას მჯდომმა მაკას და ელენეს ადგილი დაუთმო და ჩვენ ორნი, უკან, მანქანის სატვირთო განყოფილებაში ავძვერით. ცაგერიდან მოდიოდნენ. კარვებში კარტოფილი, ლიმონათები და პური მიჰქონდათ. Მაკას პირადად არ იცნობდნენ. Სულ ცოტა ხნის გასაჯაროებული იყო ლეჩხუმის დიდი ნაწილის გაყიდვის ამბავი და დაძვრისთანავე მაგაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. Წესიერად არც ვიცოდით რას და როგორ აშენებდნენო. ბევრთან მუქარით მისულან, მოგვყიდეთ, თუ არადა სასამართლოში გიჩივლებთ და საერთოდ ფულის მოცემის გარეშე გამოგყრით სახლიდანო.

მეხუთე ჩასვლისას მარტის ათს იყო უკვე გადაცდენილი. Მახსოვს როგორ მიტაცებდა დაკვირვება კარვების ქალაქის იერარქიისგან თავისუფალ ცხოვრებაზე. თითოეულს გარკვეული ფუნქცია ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული. ვისაც რა გამოსდიოდა კარგად, იმას აკეთებდა. Საჭმელზე შოთა და ირაკლი ზრუნავდნენ. გურიიდან ცოტა ხნის წინ ჩამოსულმა და დარჩენილმა ზურამ უკვე ხელისგულივით იცოდა მთელი ხეობა. Შეშის საკითხი ძირითადად ლაშას ებარა. Პროფესიით ისტორიკოსია. თავიდან მეგონა ყველაზე ნაკლებად ლაშასთან შევძლებდი კონტაქტის დამყარებას, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. Მართალია ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით მაგრამ ბევრს ვლაპარაკობთ. Ძირითადად რელიგიაზე, სულიერებაზე და რა თქმა უნდა, ისტორიაზე.

Ბოლოს როცა ჩავედით, ნამოხვანიდან მექვენაში გოჩამ ამოგვიყვანა. Წინა ღამე გოჩას მორიგეობა ყოფილა. ტვიშში ცხოვრობს. კარავში საუბრისას მითხრა, ვენახს ვუვლი და მეფუტკრეობასაც მივდევდი, სანამ რაღაც დაავადებამ მთელს რაიონში არ გაწყვიტა ფუტკარიო. Სახლამდე რომ მივაღწიეთ უკვე ღამდებოდა. Მთელი გზა ვაზზე და მეღვინეობაზე ვლაპარაკობდით. Სახლს რომ ვუახლოვდებოდით გვითხრა, ძალიან დაღლილები თუ არ ხართ და სურვილიც გაქვთ ასე 15-20 წუთში დავბრუნდები, ერთ-ორ ლიტრ ჩემს დაწურულ ტვიშის ცოლიკაურს ჩამოვიტან და ერთად დავლიოთო.  დაღლილი იქნები სხვა დროს ვქნათ-მეთქი რამდენჯერმე ვუთხარით, მაგრამ არ დაგვანება და ნახევარ საათში თამაზისთან ერთად მოვიდა. ღვინის ალერსი რომ იციან ხოლმე, “ღვინო კი არა მზეია, მზეიო” გოჩას ცოლიკაურზე თქვეს ალბათ პირველად. 2-3 ჭიქაში ისეთ ხასიათზე დავდექით დაღლა აღარც გაგვხსენებია. გადავუშალეთ ერთმანეთს გული. 

ბავშვობაში წაკითხულ “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდებაზე" მეფიქრება. ლეჩხუმელებთან ურთიერთობისას გავიაზრე ის, რაც ადრე თითქოს მენიშნა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოვიხელთე.  საერთოდ ბევრი რამის გააზრება გამოდგა ეს ბოლო რამდენიმე თვე. სამშობლო - ეს სიტყვაც რამდენჯერ გამიგონია, მაგრამ აქ გავიგე პირველად, რომ შენს ეზოში დარგული ვაზის, შენს კარმიდამოში შემოჯარული ტყისა და იქვე მორაკრაკე მდინარის ალერსშია ამ სიტყვის სათავე. 

Ბოლო დღე, რაც კარგად მახსოვს, 18 მარტია. ლალის ცხვრებს რაღაც ავადმყოფობა შეეყარათ და ძალიან განიცდიდა. ცხვრებს თვალთ უბნელდებოდათ. Რამდენიმე უკვე საერთოდ ვეღარ ხედავდა და საცოდავად დაბანცალებდა აქეთ-იქეთ. იმ დღეს სათითაოდ ვდიეთ ყველას და თვალში წამალი ჩავაწვეთეთ. 

ფოტოებს, რომელსაც ამ დოკუმენტურ სერიაში ხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიღებდი, მექვენაში, ნამოხვანში, კარვების ბანაკში თუ ქუთაისში. ვეცადე აღმებეჭდა თუ როგორ ცხოვრობს ხეობა, როგორც იბრძვის, როგორ ორგანიზდება, როგორ განკარგავს რესურსებს, როგორ წვიმს ხოლმე გადაუღებლად, როგორ ირგვება ვენახი - მზე , როგორ იცხობა ხაჭაპური უხვყველიანი და როგორი ფერი აქვს აქ კარალიოკს.