იცეკვე, როგორც გეცეკვება | Red Bull Dance Your Style 2024
Red Bull Dance Your Style 2024-ის გამარჯვებული ცნობილია
“მოძრაობის თეატრი” თავის სახელს ხშირად ამართლებს ხოლმე, როგორც არტისტულად მოძრავი სხეულების სივრცე, თუმცა, შაბათს, 20 ივლისს, გადააჭარბა კიდეც. ამ დღეს დარბაზში შეკრებილი 16 მოცეკვავე თავიანთი უნიკალური სტილით ასრულებდა ჰიპ ჰოპს და ცდილობდა მოეხიბლა მაყურებელი და სწორედ მას რგებოდა საგზური Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე, რომელიც ნოემბერში, მუმბაიშია დაგეგმილი.
ჩემპიონატის ფორმატი ასეთია: მოცეკვავეები მოულოდნელად გაჟღერებული ცნობილი მუსიკის ფონზე ასრულებენ ნებისმიერი სტილის ქუჩის ცეკვას. საუკეთესოს კი მაყურებელი წითელი ან ლურჯი ბარათის აწევით აძლევს ხმას.
ძლიერ კონკურენტებთან თავის გამოვლენისა და არაერთი დაძაბული ბეთლის შემდეგ საქართველოს ფინალისტი Nicholas Hoofer (ნიკოლას ელერდაშვილი) გახდა. ბეთლში, მაყურებლის გადაწყვეტილებით, Nicholas-მა Moana (ლილე მენთეშაშვილი) დაამარცხა.
„ნიკოლასმა სასწაული ჩაიდინა და დიდ წარმატებას ვუსურვებ ფინალზე, ვფიქრობ, საქართველოში ჰიპ-ჰოპს ნამდვილად აქვს განვითარების პოტენციალი”, - თქვა შოუს დასრულების შემდეგ ჰიპ-ჰოპის შვეიცარიელმა მოცეკვავემ StalaMuerte-მ, რომელმაც საკუთარი ცოდნა და გამოცდილება 19 ივლისს მონაწილეებსა და ჰიპ-ჰოპით დაინტერესებულებს ვორქშოფზე გააცნო, შეჯიბრების დღეს კი, მონაწილეებთან ერთად, იცეკვა კიდეც.
Nicholas Hoofer ჩემპიონატში Red Bull Dance Your Style მეორედ მონაწილეობდა (პირველად 2022 წელს მიიღო მონაწილეობა). ის ქუჩის ცეკვების პლატფორმის და კოლექტივის – Hoofer Dance Mob-ის – წევრია. წლევანდელ ფინალში კი თავისივე კოლექტივის წარმომადგენელი დაამარცხა. ნიკოლასი ცეკვავს New Style-ს და მაყურებელს ჰიპ-ჰოპის ძლიერი ტექნიკითა და bone breaking-ის შთამბეჭდავი შესრულებით ხიბლავს.
„ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვე და განსაკუთრებული გამოცდილება მივიღე 2021 და 2022 წლის გამარჯვებულებთან ბეთლში. ნოემბრამდე რამდენიმე თვეა, რასაც მომზადებას დავუთმობ, რომ ღირსეულად წარვადგინო საქართველო“, - ამბობს ნიკოლასი.
ჩემპიონატის დასრულების შემდე, მონაწილეებისთვის და მათი გულშემატკივრებისთვის, წვეულება გაიმართა. ამ შოუში უკვე Moku T და Luckystrikes მონაწილეობდნენ.
Nicholas Hoofer საქართველოს სახელით 6-9 ნოემბერს იცეკვებს მუმბაიში. იქ გაიმართება Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალი, რომელშიც 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ეცდება დაამტკიცოს, რომ სწორედ ის არის 2024 წლის შეჯიბრების საუკეთესო მოცეკვავე.
ქავერ ფოტო: Tamuna
ფოტოები: Rezi Kenia
ფოტოების წყარო: www.redbullcontentpool.com