გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თელიანი ველი
თეგები: #ღვინო

ღვინის ოთხი გზა და ოთხი უნიკალური შეფუთვა

„ეძიე და მოყევი ღვინოს“ – ეს კომპანია „თელიანი ველის“ სლოგანია და ღვინის მოყვარულები განსაკუთრებით აფასებენ მის მთავარ გზავნილს, როგორც ღვინის სმისადმი განსაკუთრებულად კულტურულ მიდგომას, რომელიც უკვე ოცი წელია, „თელიანს“ ახასიათებს.

„ეძიე და მოყევი ღვინოს“ – ნიშნავს არა უბრალოდ სმას და თრობას, არამედ ღვინის გემოს გასინჯვის, ამ გემოზე დაფიქრების, მოწონება-შეყვარების რიტუალებსაც.

როცა ღვინის მასობრივი მწარმოებელი ამგვარ ნიშურად აღიარებულ ფასეულობებზე მიგანიშნებს, ეს ღვინის გურმანებს განსაკუთრებით მოგვწონს, და როცა ამ ფასეულობებს ორიგინალურად ფუთავს კიდეც, ეს კიდევ უფრო აღგვაფრთოვანებს. ვგულისხმობ „თელიანი ველის“ ოცი წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოსულ ოთხბოთლიან საკოლექციო შეფუთვას, რომელსაც ისეთი საინტერესო შინაარსი და ორიგინალური ვიზუალური კონტექსტი აქვს, რომ ეჭვი გიპყრობს – ამ შეფუთვისთვის შერჩეულ ოთხ ტრადიციულ ღვინოს სრულიად ახლებური გემოც ხომ არ უნდა ჰქონდეს?

შეფუთვაში შედის: საფერავი, წითელი მშრალი (2016 წ.); ახაშენი, წითელი ნახევრად ტკბილი (2016 წ.); წინანდალი, თეთრი მშრალი (2015 წ.) და რქაწითელი ქვევრი, თეთრი მშრალი (2016 წ.) – მოკლედ, ნაცნობი და გავრცელებული ღვინოებია, მრავალჯერ გასინჯული და მოწონებული. თუმცა, მთავარი ამბავი მათ ეტიკეტებზე იკვეთება. თითოეული მათგანი ხაზს უსვამს ოთხიდან იმ ერთ მიმართულებას, რაზეც „თელიანი ველის“ ღვინოები უკვე წლებია, „გვესაუბრებიან“.

გავიხსენოთ: 1. ღვინო კერძს უნდა ეხამებოდეს. 2. ღვინო საქართველოსთვის კულტურული ელჩია. 3. ღვინოს მარტო სმა კი არა, ცოდნაც უნდა. 4. ღვინის ქართული ისტორია ყოველი ჩვენგანისთვის ძვირფასია. საკოლექციო შეფუთვებზე სწორედ ეს შინაარსი იკითხება. „თელიანი ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორი, თეა კიკვაძე ამბობს: „თელიანი ველი“ ღვინის ბაზარზე ლიდერი კომპანიაა და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლება ჩვენი, როგორც ლიდერის, სოციალური პასუხისმგებლობაა. ღვინის კულტურის განვითარებისთვისვეა მნიშვნელოვანი, გვყავდეს განათლებული, ღვინით დაინტერესებული მომხმარებელი, ეს ჩვენთვისაც სტიმულია. სწორედ ამ არსზე დგას „თელიანი ველის“ 4 მიმართულება და 4 სხვადასხვა შინაარსობრივი ხაზი“.

ამ უნიკალური შინაარსის გადმოსაცემად, ღვინოები დიდი ფიქრის შემდეგ შეარჩიეს. „წინანდალი“, შეიძლება ითქვას, ყველაზე გავრცელებული ქართული ღვინოა და სუფრასაც ძალიან უხდება, ამიტომ ამ საკოლექციო შეფუთვისთვის მის ეტიკეტზე ღვინისა და კერძის შეხამების იდეა დაიტანეს.

ელჩის ფუნქცია ამავე შეფუთვაში „საფერავმა“ შეითავსა. საფერავი უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშია და თითქმის გამონაკლისის გარეშე აღაფრთოვანებს ღვინის გურმანებს, ამიტომაც ყველაზე კარგად საქართველოს საზღვარგარეთ, სწორედ ის წარადგენს – ეს იდეაა „საფერავის“ ახალ ეტიკეტზე.

ქართული ღვინის ისტორიას კი რომელი ღვინო მოჰყვება ქვევრის „რქაწითელზე“ უკეთ? ქვევრში ღვინის დაყენების თვითმყოფადი ტექნიკაა ის, რაც საქართველოს ღვინის მსოფლიო რუკაზე გამოარჩევს. ხოლო რქაწითელი ის ყურძნის ჯიშია, რომლისგანაც „თელიანში“ ქვევრის ღვინოს აყენებენ.

ამ ოთხეულში შემავალი „ახაშენი“ კი თავის თავზეც გვიამბობს და ღვინის შესახებ ცოდნასაც ავრცელებს. „ახაშენის“ საკოლექციო შეფუთვაში შეყვანის მიზეზი ასეთია: დროებით გვერდზე გადადეთ გავრცელებული გემოები, ეძებეთ ახალი, ანდა კარგად დავიწყებული ძველი – საინტერესო გემოებს ხშირად ხომ სწორედ უცხო და უცნობ ღვინოებში აღმოაჩენთ.

ეს იდეები „თელიანი ველის“ პროექტისთვის ვიზუალურ ენაზე არტისტებმა გარდაქმნეს. გიორგი პოპიაშვილი და სააგენტოები – More Studio, ABK Graphics და Kollektiv არიან ისინი, ვინც მთავარი კონცეპტუალური გზავნილები თავიანთ საავტორო ეტიკეტებზე ასახეს.

„საფერავის“, როგორც ღვინის ელჩის, ეტიკეტზე კომპასი დაგვხვდება, რომელიც ღვინის გურმანებს გზას საქართველოსკენ მოასწავლის.

„ახაშენი“, რადგანაც ღვინის შესახებ ცოდნას გადმოგვცემს, თავის ეტიკეტზე ქართული ღვინის შესახებ მსოფლიო პრესიდან ამოკრეფილ სათაურებს აერთიანებს.

„წინანდლის“ ეტიკეტზე, კოლაჟის ტექნიკით, ქართული სუფრა დაგხვდებათ გაშლილი და ღვინისა და კერძების შესახამებლად გემოს რეცეპტორებს გაგიღიზიანებთ.

„რქაწითელი ქვევრის“ კი, თითქოს, დიდი არაფერი, სწორედ ქვევრის გამოსახულებას იმეორებს. თუმცა, როგორც კი დაუკვირდებით, ნახავთ, რომ ქვევრიცა და მთელი იმიჯით წერტილებითაა შედგენილი – ჯამში სურათზე რვა ათასი წერტილია – თითო მათგანი ქართული ღვინის ისტორიის თითო წელს უდრის.

20 წლის „თელიანი ველი“ ამ საიუბილეო შეფუთვას შეზღუდული რაოდენობით უშვებს, ამიტომ ყველგან ვერ ნახავთ, თუმცა ღვინის სპეციალიზებულ და ქსელურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ – allwine.ge-ზე აუცილებლად გაიყიდება. გაგახსენდეთ: ეს ოთხი ღვინო არტის, ღვინის ისტორიისა და ღვინის რიტუალების საუკეთესო ნაზავს წარმოადგენს ნაცნობი გზავნილით: ეძიე და მოყევი ღვინოს.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა