საჩუქარი საკუთარი ამბით
მერე რა, რომ ცხოვრებამ დროებით ციფრულ განზომილებაში გადაინაცვლა, ერთმანეთთან ვეღარ დავდივართ და ვერც გარეთ შევხვდებით ახალ წელს. ახალი წელი მაინც დარჩება ყველაზე, ყველაზე ფერად დღესასწაულად, რომელსაც აუცილებლად ფერადი საჩუქრები სჭირდება.
მეგობრებმა secret santa-ს თამაშიც გავბედეთ. მე კი თამამი იდეა მომივიდა, რომ ჩემს ადრესატს უნიკალური საჩუქარი ვაჩუქო, თან ლამაზი და ინტელექტუალურიც. საჩუქარი, რომელსაც სხეულზე მოირგებს, ან სახლში მიუჩენს ადგილს და ნებისმიერ წამს, როდესაც თვალს მოკრავს, სიამოვნებას მიიღებს. თანაც, მის დანახვაზე ყოველთვის გაახსენდება ამბავი, რომელსაც ეს საჩუქარი საკუთარ თავში ატარებს. სწორედ ასეთი საჩუქრები უყვარს ჩემს მეგობარს - საინტერესო ნივთები, თავისი კონტექსტითა და ისტორიით. ჰოდა, მეც ძებნას ვიწყებ.
საჩუქრის შესარჩევად „ქართული ქსოვილის“ ვებგვერდზე შევდივარ. პროდუქცია სამ კატეგორიადაა დაყოფილი: ტანსაცმელი, აქსესუარი, სახლი.
მხოლოდ ამ სივრცეში შეიძლება ვნახოთ სარკე, რომელზეც მეფეებია გამოსახული - გიორგი XII და ერეკლე II. ანდა ჰამაკი, რომელიც ყუარყუარე ჯაყელის სამოსის ორნამენტების მოტივებზეა შექმნილი. ბალიში, საიდანაც „მეგრელი პრინცი“ მიცქერს. უნიკალური აღმოჩენები ამით არ სრულდება - ტანსაცმლის სექციაში ვხვდები საცურაო კოსტიუმს, რომელსაც გვერდით აწერია: „საცურაო კოსტიუმი შექმნილი ქტიტორთა სამოსის ორნამენტის მოტივებზე. ზარზმა, XIV საუკუნე”.
მისტიკური მგონია მაისურიც, რომელიც შექმნილია დედოფალ დარეჯანის სამოსის მოტივებზე. „მუზარადის“ ფერად კაპიუშონს კი ლიპარტიანის ქალის, ხვარაშანის სამოსიდან აღებული ორნამენტი ამშვენებს. დეტალი მე-17 საუკუნით თარიღდება. აქსესუარების სექციაში აღმოჩენილი ნოუთბუქის ჩანთის აღწერილობა კი მიყვება, რომ ის იმერეთის მეფე, ალექსანდრე მესამის სამოსის მოტივებზე დაამზადეს.
ეს ერთმანეთზე საინტერესო ნივთები, სამოსი და ქსოვილები, თიბისისა და საქართველოს ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის - „ქართული ქსოვილის“ ფარგლებში შეიქმნა. პროექტის მიზანი ქართული ქსოვილის იტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე ყოფაში დანერგვა იყო. ხელით დამუშავებული დეტალები, ნაქარგები, ფარჩა-აბრეშუმი, უძველეს ფრესკებზე ნანახი გმირების სამოსი - ამ ყველაფერს „ქართული ქსოვილი“ აერთიანებს და ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის ხელშესახებს ხდის. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ხშირად ისტორიას, რომელიც სხვადასხვა წყაროშია დაცული, ყველაზე მეტად ყოფით დეტალებში შემონახული საიდუმლოებები აცოცხლებს. ქსოვილი და ჩაცმულობისა თუ მოსართავების დეტალები სწორედ ასეთი მემატიანეა - მათში ეთნოკულტურა, ხასიათი და ხშირად, წინაპრების პიროვნული თვისებებიც კია შემონახული.
ისტორიულ წარსულში მოგზაურობა სრულდება და საჩუქარსაც მივაგენი. ჩემი მეგობრისთვის სახლი ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც დროის უმეტეს ნაწილს სწორედ შინ ვატარებთ. მის საახალწლო მაგიდაზე, ახალი წლის ღამეს ვარძიის ღმრთისმშობლის მიძნების ტაძარში გამოსახული ფრესკის მიხედვით შექმნილი, წითელ და თეთრ ფერებში გაწყობილი ჩემი ნაჩუქარი საზეიმო სუფრა, კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობას შექმნის.
ნივთები, რომლებიც ლამაზი, ხარისხიანი, ესთეტიკური სიამოვნების მომგვრელი და ისტორიული კონტექსტის შემცველია, უნიკალური და ძალიან იშვიათია. ამიტომ აქ, ახლა საუკეთესო დროა სხვებისთვის თუ საკუთარი თავისთვის საჩუქრების qq.vendoo.ge-ზე შესაძენად, სადაც საახალწლო ფასდაკლებები უკვე დაიწყო.