საფეხბურთო სკოლა კინოში | ფოტოამბავი
საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში დღესაც დგას შენობები, რომლებიც საბჭოთა კავშირში როგორც კინოთეატრი, ან როგორც სოფლის კინოკლუბი, ისე ფუნქციონირებდნენ. იქ მთელი მოსახლეობა იკრიბებოდა და ურთიერთობის ძირითადი სივრცე იყო რეგიონებში. შენობების ნაწილი ისევ მყარად დგას, ზოგიერთის ინფრასტრუქტურა უკვე მოშლილია. ბევრ მათგანს წლებია კერძო მესაკუთრე ჰყავს. რამდენიმეს სტატუსი და შინაარსიც შეეცვალა.
მაგალითად, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სერგიეთში კინოკლუბის კვალი საერთოდ გამქრალია. რამდენიმე ადგილობრივის გადაწყვეტილებით, დღეს ამ შენობის ადგილას საფეხბურთო სკოლაა. სპორტული ინფრასტრუქტურა სერგიეთში საერთოდ არ ყოფილა, ამიტომ 2006 წელს ჯესი სურმავამ, თანასოფლელ ჯამბულ მორგოშიასთან ერთად, საფეხბურთო გუნდი დააარსა. 2011 წელს კი, მათ საფეხბურთო სკოლაც ჩამოაყალიბეს.
დღეს საქართველოში სულ ოთხ საფეხბურთო სკოლას აქვს პირველი ხარისხის აკადემიის სტატუსი. მათგან მხოლოდ ერთია რეგიონში და ის სერგიეთის საფეხბურთო სკოლაა. დანარჩენი სამი თბილისშია (დინამო, ლოკომოტივი, საბურთალო). ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული კოლმეურნეობის შენობა, რომელშიც კინოჩვენებებს მართავდნენ, სკოლას 2013-2014 წლებში სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა იმ პირობით, რომ ამ შენობას რეაბილიტაციას ჩაუტარებდა. სახურავის გადახურვაში მას მარტვილის მუნიციპალიტეტი დაეხმარა.
“აქ ძველად რია ბედიას სახელობის კოლმეურნეობა ყოფილა. მანამდე რაღაც ფიცრულივით იყო, პატარა ძველებური დარბაზი მახსოვს, კინოს აჩვენებდნენ. მერე უფრო კეთილმოწყობილი შენობა ააშენეს, 50 კაცი ეტეოდა. არეულობის პერიოდში კოლმეურნეობა დაიშალა. ერთხელაც დიდი თოვლი მოვიდა და დარბაზიც ჩაინგრა. მერე სოფელმა სოხუმიდან დევნილები შეიფარა, ამ შენობაში შემოუშვეს. ოთახები მოუწყვეს და წლები ცხოვრობდნენ აქ,” - იხსენებს 50 წლის ჯილდა სურმავა, რომელიც 5 წელია უკვე ფეხბურთის აკადემიაში მზარეულად მუშაობს. მე-3 კლასში იყო პირველად კინოს საყურებლად რომ მოვიდა აქ, 80-იან წლებში. მისი ძმისშვილის ინიციატივა ყოფილა ამ შენობის ადგილას საფეხბურთო სკოლა გახსნილიყო.
_______________________________
ფოტოამბავი მომზადდა ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. ფოტოამბავი არ გამოხატავს ევროპის ფონდის, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.