ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #კინო, #ფილმი

სამყაროს დიდი რიტმი | ინტერვიუ სანდრო კობერიძესთან


კინოდარბაზში სანდრო კობერიძის ბოლო ფილმის ჩვენებაზე ვისხედით, “რასაც უნდა იმას აკეთებს!” - შემომიტრიალდა ჩემი  თვალებგაბრწყინებული მეგობარი.

დრო რთულია. ადამიანებს  უჭირთ დიდი შემოქმედებითი თავისუფლების გამოვლენა. გარდა იმისა, რომ არსებობს წამყვანი ტენდენციები, კიდევ არის რაღაც თვითცენზურის, თუ თვითწნეხის მაგვარი, რომელსაც თავად ავტორი აწესებს. პირქუში სერიოზულობა ზრდადია, თავისუფალი თამაშის ელემენტი - კლებადი.

გამიგია, რომ სერგო ფარაჯანოვმა თავისი ენა კინოში მას შემდეგ იპოვა, რაც ტარკოვსკის “ივანეს ბავშვობა” ნახა. რა უნდა აკავშირებდეს ფარაჯანოვს და ტარკოვსკის იმის გარდა, რომ ორივე “რასაც უნდა იმას აკეთებს” . ალბათ, თუ სხვისი შემოქმედებითი თავისუფლების დაფასება შეგიძლია, საკუთარსაც გამონახავ. მგონი, ყველას, ვისაც ფილმის ნახვისას თვალები უბრწყინავდა, ამ განცდამ მოჰგვარა სიხარული. საერთოდ, ადამიანი შემოქმედებითი არსებაა და თუ რამე/ვინმე ამას შეახსენებს, ეღიმება და თვალზე ცრემლი ერევა.

სანდროს ფილმმა ისიც გაგვახსენა, რომ  “კინო ცირკის და ბალაგანური სანახაობების მემკვიდრეა და არა -  აკადემიზმის”. რატომ ვერ წყვეტს მაყურებელი თვალს აკრობატის ნომერს? იმიტომ, რომ სარისკო მდგომარეობებიდან ვირტუოზულად იძვრენს თავს.

იმის გათვალისწინებით, რომ სანდროს უკვე ძალიან ბევრჯერ მოუწია კითხვა-პასუხის რეჟიმში თავის შემოქმედებაზე ლაპარაკი და იმის იმედით, რომ ინტერვიუსთვის არასტანდარტული ფორმის მიცემა თამაშის ელემენტს შემოიტანდა, მასთან ბროლის საკანფეტეში ჩაყრილი დაკეცილი ფურცლებით მივედი. ზოგზე შეკითხვა ეწერა, ზოგზე - დავალება, ზოგი გამოცანა იყო და ზოგიც - თავისუფალი თემა.  რა თქმა უნდა, სარისკოა, როცა შენი თამაშის წესებში გინდა მოაქციო ის, ვინც ძირითადად თვითონ იგონებს თამაშის წესებს და სიტუაციებს, მაგრამ რისკის გარეშე არც ცირკია, არც კინო და არც - ცხოვრება.

სანდრომ საკანფეტედან ამოიღო პირველი ფურცელი, გაშალა და დავალება თავისუფალი თემა აღმოჩნდა.

თამარ კალანდაძე: დავალება 1.  « სამყაროს დიდი რიტმი » (თავისუფალი თემა)

სანდრო კობერიძე: ბრესონს ერთი  წიგნი აქვს - « ჩანაწერები კინემატოგრაფზე ».  ციტატას ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ამბობს, რომ რიტმებით უნდა გამოვხატოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი. სანამ ბრესონთან ვნახავდი,  მანამდეც მქონდა შეგრძნება, რომ რიტმი, ალბათ, ყველაზე მთავარია.

ვაკვირდებოდი, რომ ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად იქცევიან. მაგალითად,  სტადიონზე ლეო მესიც არ იქცევა ყოველთვის ერთნაირად. ხან ხდება ამ “დიდი რიტმის” ნაწილი და აკეთებს იმას, რაც მისთვისაც კი მეორე მომენტში შეუძლებელია და ხანდახან - ვერ. ჩემი შეგრძნებით, მესის ზოგჯერ შეუძლია შევიდეს რიტმში, რომელიც ისედაც არის იმ ადგილას მის გარეშეც; რიტმში, რომელშიც იმავე სტადიონზე მყოფი სხვა ფეხბურთელები ვერ ხვდებიან. ეს რიტმი მიდის თავისით, მატარებელივით და თუ “შეახტები”, უკვე ისეთ რამეს შეძლებ, რასაც დანარჩენები ვერ ახერხებენ. ეს ფეხბურთის მაგალითია, მაგრამ ყველაფერში მოქმედებს იგივე პრინციპი.

ცხოველებზე დაკვირვების დროსაც მსგავსი შეგრძნება მიჩნდება. ადამიანები, თითქმის არასდროს ამ დიდი რიტმის ნაწილები არ არიან და მხოლოდ მილიწამებში შეუძლიათ მასში შეღწევა. ზოგი მეტად ახერხებს ამას და  ზოგი -  ნაკლებად, მაგრამ ზუსტად ამ მეტნაკლებობაზეა დამოკიდებული ვინ რისი შემძლეა. ცხოველები მასთან სინქრონში ცხოვრობენ.. ჩემს კატას რომ ვუყურებ, სულ მანდაა. ნუ ძირითადად, მანდაა, პატარა ამოვარდნებს თუ არ ჩავთვლით. რა განასხვავებს ადამიანს დანარჩენი სამყაროსგან… ალბათ, მთელი ჩვენი “განდევნის დრამაც” ესაა, რომ იმ გამთლიანებული სამყაროსგან, იმ ერთიანი რიტმიდან გამოვიდევნეთ, რომელშიც ყველა ერთად ვმოძრაობდით. ამოვვარდით საერთო ჰარმონიიდან, რომლისკენაც სულ მივისწრაფვით. ხელოვნების მთავარი დანიშნულებაც შეიძლება ის იყოს, რომ ხანდახან ეს რიტმები დაიჭიროს და ადამიანებისთვის შეგრძნებადი გახადოს.

თ.კ:  დავალება 2.  « ხანდახან ადამიანი აკეთებს იმას, რაც ყველაზე მეტად არ უნდა » (თავისუფალი თემა)

ს.კ: ადამიანი მაინც განსაკუთრებული არსებაა. იმას კი არ ვამბობ, რომ უკეთესია ან უარესი, უბრალოდ სხვანაირია. მგონია, რომ ადამიანს სხვა არსებებისგან ზუსტად ის გამოარჩევს, რომ ხანდახან თავისი სურვილების და საჭიროებების წინააღმდეგ იქცევა. წინააღმდეგობრივი ხასიათი აქვს. არამარტო თავისი ფიზიკური და ინსტინქტური მოთხოვნილებების დათრგუნვის კონტექსტში (როცა მშიერ ადამიანს შეუძლია, თვითონ არ ჭამოს და სხვას დაუთმოს), არამედ - კიდევ  სხვა ბევრი აუხსნელი  მომენტიცაა. ახლა ვერ ვიხსენებ ზუსტად სად, მაგრამ მსგავსი ფრაზა ნამდვილად მაქვს ამოკითხული, თუ გაგონილი.

თ.კ:  დავალება 3.« სად არის ეს პეტროგლიფი? » (გამოცანა)


ს.კ: ძალიან ლამაზი კია. მსგავსი პეტროგლიფები შემხვდა წიგნში, რომელიც ცოტა ხნის წინ მაჩუქეს. ფილმიდან არ მახსოვდა, მაგრამ ამ წიგნში არის ფოტო მერაბ კოკოჩაშვილის “დიდი მწვანე ველიდან”, ფოტოში დოდო აბაშიძის პერსონაჟი და მისი შვილი გამოქვაბულთან სხედან და ტანზე დაახლოებით მსგავსი მოხატულობა აქვთ.

თ.კ:  სწორი მიმართულებით მიდიხარ, ეს პეტროგლიფიც გამოქვაბულშია.

ს.კ:  ხვამლში ხომ არა?  საერთოდ, ხვამლზე ლაპარაკს ძალიან ვერიდები ხოლმე. სცენარში კი მქონდა, მაგრამ ბევრს ვფიქრობდი, რამდენად უნდა ჩამესვა ფილმში ხვამლის ეპიზოდი. მგონია, რომ განსაკუთრებული ადგილია, რომელსაც სიფრთხილით, ცოდნით და პატივისცემით უნდა მიუდგე. ამიტომ ვეჭვობდი, რომ ერთჯერადად ფილმში მისი გამოჩენა, შესაძლოა, ზერელე ყოფილიყო. როცა ქუთაისში ხარ, ხშირად ხედავ ხვამლს. გადაღების დღეს სულ ნისლში იყო გახვეული. ბევრი ვიარეთ. ხან იქიდან მივუდექით, ხან - აქედან. მაშინ კი ვდარდობდი და მინდოდა, კარგად გამოჩენილიყო,  მაგრამ საბოლოოდ მომწონს, რომ ფილმში, თითქოს, ბოლომდე არც ჩანს და ამ სახით უფრო რაღაცაზე მიუთითებს, ვიდრე რამის თქმის ან ახსნის ამბიცია აქვს. ხვამლზე ასვლა ჯერ არც მიცდია, მაგრამ არის ძალიან კარგი ფილმი, რომელსაც ჰქვია « ხვამლის მთის საიდუმლოება”.

თ.კ:  დავალება 4. « დახატე ან დაწერე რამე ფურცლის უკანა მახარეს »

ს.კ: ამას მერე ვიზამ. გადავდოთ.

თ.კ:  საიდან მოდის « უსაფუძვლო », შეგრძნებითი ოპტიმიზმი ? შენი ფრაზაა დათო ლობჟანიძესთან დიალოგში

ს.კ. ამბობენ, რომ ადამიანების დღევანდელი ცხოვრების წესის გამო დედამიწას დიდი დღე არ უწერია. სხვები ამბობენ, რომ გარემო გადარჩება და უბრალოდ, ადამიანი აღარ იქნება. მართლაც, შესაძლოა, ადამიანმა ყველაფერი გაანადგუროს, მაგრამ სიცოცხლის ციკლი მაინც თავიდან დაიწყოს. თანამედროვე ადამიანი თავს იმშვიდებს იმით, რომ სიცოცხლეს, როგორც ასეთს ვერ გაანადგურებს. მე არც ის მგონია, რომ თვითონ ადამიანის განადგურებამდე მივალთ, მაგრამ ამის თქმის საფუძველს ზუსტად ეს « დაუსაბუთებელი »,  შეგრძნებითი ოპტიმიზმი მაძლევს.

ამ პანდემიის გამო ვითომ რაღაცნაირად შეიზღუდა ადამიანი თავის ქმედებებში, მაგრამ სულ მგონია, რომ რაღაც პერიოდით დაბმულ გადარეულს ვგავართ, რომელიც მანამდე ყველაფერს ანგრევდა, ახლა კი ძალებს იკრებს და როცა გაუშვებენ უკვე ვეღარაფერი ვერ გააჩერებს. ამიტომ,  ლოგიკურად როცა ვფიქრობ, რთულია სიტუაცია. ამასობაში სულ არსებობს რაღაც პატარ-პატარა თავგადასავლები და შეხვედრები, გამოცდილებები, რომლებიც იმის შეგრძნებას მიჩენს, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვანაირად იცხოვრებენ. ის ადამიანები უკვე სხვანაირები დაიბადებიან. არ მგონია, რომ დღევანდელი ხალხი რადიკალურად შევიცვლებით. უბრალოდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით, სხვანაირი ადამიანები მოვლენ საიდანღაც და სხვანაირად იცხოვრებენ.

ადამიანის არსებობა სამყაროს დაბალანსებულ მუშაობას სჭირდება. მნიშვნელოვნებაზე არ მინდა ვილაპარაკო. არა მგონია, მსგავსი იერარქიულობა იყოს. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანიც მნიშვნელოვანია და მანაც უნდა იარსებოს.

თ.კ:  რას ხედავენ როცა ციდან გვიყურებენ?  

- ს.კ.  რას ხედავენ თუ რას ხედავს?  მე მაინც ერთი შემოქმედის უფრო მჯერა.

 თ.კ:  მეც ჰოლისტურად ვუყურებ, მაგრამ მგონია, რომ არსებები ბევრნი არიან.

--ს.კ. კაი კითხვაა, მაგრამ მოდი ამ კითხვასაც მერე ვუპასუხებ ან შეიძლება, გამოვტოვო. ძალიან ამბიციური იქნება ამის წარმოდგენა ჩემთვის.

თ.კ:  ყავა თუ კარტი?

ს.კ.  ორივე, თუ მკითხაობაზე მიდგა საქმე. ისე, ვცდილობ, რომ არ ვიმკითხაო. მაგრამ თუ მოვხვდებოდი მსგავს სეანსზე, ყავას ავირჩევდი. შანსი იქნებოდა, რომ თან კარგი ყავა დამელია. იმიტომ კი არა, რომ კარტის ნაკლებად მჯერა. თუ სწორ და მცოდნე ადამიანთან ხარ ორივეს ერთი ფასი აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება, უცებ, ძალიან კარგი ყავა შეგხვდეს?.

თ.კ:  აქ მხოლოდ ტაროს მაღალი არკანის კარტებია. ამოიღებ?

ს.კ : მე მაინც ვცდილობ, რომ კარტთან ნახევრად სერიოზულ ურთიერთობაში არ შევიდე.

- ჩემთვის ვფიქრობდი, მაინც ხომ არ ვაჩვენო, რომელი კარტიც მემეტება მისთვის-მეთქი, მაგრამ სანდრომ უკვე შემდეგი ფურცელი ამოიღო.



თ.კ:  დავალება 5. « შემთხვევები სანდოა » (თავისუფალი თემა) 


ს.კ.
  გააჩნია, როგორ ცხოვრობ და რამდენად შეგიძლია ნიშნების წაკითხვა. ყველაფერი ხომ მაინც იქიდან იწყება, თუ როგორ წარმოგვიდგენია სამყაროს დასაწყისი. თუ « დიდი აფეთქების თეორიის » გჯერა, მაშინ საერთოდ ზედმეტია შემთხვევების სანდოობაზე ლაპარაკი. მე წარმომიდგენია, რომ რაღაც ჟესტით დაიწყო ეს ყველაფერი, რომელიც ისეთი უხეში არ იყო, როგორიც აფეთქებაა. ალბათ, უფრო ნაზი და სათუთი იყო. შეიძლება ისეთი ჟესტია, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ და არ ვიცით, რომ ეს ის ჟესტია, რომელმაც  ყველაფერი გააჩინა. ამ წარმოდგენით თუ შევხედავთ, მაშინ შემთხვევები იმ დიდი შესაქმეს ნაწილია, იმ პირველადი ჟესტის გაგრძელებაა. თუ ამ ერთიანობის გჯერა, მაშინ, ალბათ, ეგრეთ წოდებულ შემთხვევითობებსაც უფრო დიდი ინტერესით და ნდობით უყურებ. ძალიან დიდი თემაა. შემთხვევები, შეიძლება გაიგო, როგორც ნიშნები. ნიშნების კითხვა კიდე ცალკე უნარია, რომელიც უმრავლესობას არ გვაქვს.

ზურაბ კიკნაძის და თამაზ ჩხენკელის თარგმნილი « ოდისეას » კითხვისას შევამჩნიე, რომ ოდისევსი სულ ნიშნებს დაჰყვება. ძალიან შთამბეჭდავია ეგეთი ცოდნა და ყოფა. თან ისეთი ნიშნებია, რომლებიც ჩვენც გვხვდება დღეს - ხან ჩიტი ჩაიფრენს, ხან - ფოთოლი ჩამოვარდება. უბრალოდ, ოდისევსი ხედავდა და მე ვერ ვხედავ.

მაინც მგონია, რომ ეს სამება - ბედისწერა, შემთხვევა და ადამიანური ძალისხმევა თანადროულად არსებობს და ერთმანეთს არ გამორიცხავს. ალბათ, არის დიდი ნარატივი და შესაძლოა, ფინალი არც შეიცვალოს, მაგრამ ადამიანის გადაწყვეტილებებს რაღაც მომენტებში დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან სერიოზული პასუხები ხომ არ გამომდის?

თ.კ:  ვინ იყავი სანამ ამ სხეულში გაიღვიძებდი?  

ს.კ. შეგრძნება მქონდა ხოლმე, რომ მანამდე არ ვყოფილვარ და პირველად ვარ, მაგრამ შეიძლება, ძალიან ცოტაჯერ ვყოფილვარ, მაგალითად ერთხელ, ან - არც.

თ.კ:  რისი გრაფიკული გამოსახულებაა?

ს.კ. ეს რიონი იქნება. ძალიან მაკვირვებს, ასე სწრაფად  როგორ შეიცვალა ყველაფერი. ამასწინათ,  ჩემმა მეგობარმა გალაკტიონის წერილი წამაკითხა, საიდანაც ჩანს, რომ რიონში ნავებით სეირნობდნენ. დღეს რომ ვინმე სასეირნოდ რიონზე გავიდეს, მე მგონი გამორიცხულია, ან ქვებზე იქეიფოს  და თეთრი ხიდიდან იხტუნაოს როგორც “არაჩვეულებრივ გამოფენაშია”… რიონში ხტუნვა და შიგნით ცურაობა რეზო ჭეიშვილთანაც  ბევრია. სად გაქრა, ვერ გაიგებ. შეუძლებელია დღეს რიონი ახსენო და ის საოცარი ბრძოლა არ გაგახსენდეს, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და რომელიც რიონს და რიონის ხეობას გადაარჩენს. მე მგონია რომ ეს ამბავი და იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ამ ბრძოლაში ჩართულები არიან კიდევ დიდხანს გაგვახსენდება რიონის ხსენებისას.

თ.კ:  დავალება 6. « მაგია » (თავისუფალი თემა)

ს.კ.  მაგიაზე მე რა უნდა ვილაპარაკო...  ერთი პერიოდი ძალიან მოხიბლული ვიყავი ევგენი გოლოვინით და მისი მონათხრობებით კუდიან დედაბრებზე ან გრძნეულ ქალებზე (რუსულად - “ვეძმა”)  იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოდ ჰყვება და თან პირადად შეხვედრია მათ. განსაკუთრებული ენით და წყობით ლაპარაკობს ყველაფერზე - მაგიაზე, პოეზიაზე და ბევრ სხვა რამეზე. პირდაპირ ეხმაურება იმ თემებს, რომლებიც ჩვენ ვახსენეთ თავიდან - შემთხვევითობებს და წინააღმდეგობრიობით სავსე ადამიანს.  მიყვარს, როგორც მღერის და ახლა მახსენდება მისი კარგი წიგნი - “მიახლოება თოვლის დედოფალთან”. გოლოვინის გავლით, მერე  სხვა ავტორებიც აღმოვაჩინე. მე თვითონ იმის პრეტენზია არ მქონია, რომ ალქიმიაში ვერკვეოდე- ამის არც ცოდნა და არც გარემოა შესაფერისი, მაგრამ მიყვარს იმ ადამიანების მოსმენა და წაკითხვა, ვინც კარგად ერკვევა მსგავს რამეებში. მგონია, რომ ადამიანები მაგიური ცოდნებით და უნარებით ჩვენი სამყაროს ნაწილები არიან, მათ გამიზნულად არ ვეძებ, ისევ შემთხვევით თუ გადაეყრები რამე მაგიურს ცხოვრებაში, მაგრამ აი, ჩემი შემდეგის შემდეგი ფილმი იქნება ჩვენს სამყაროში შემორჩენილ ოთხ, ხუთ უკანასკნელ ჯადოქარზე, რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ.

თ.კ:  დავალება 7. « ყველას მიერ დავიწყებული ამბავი » (თავისუფალი თემა)

ს.კ. ასე ჰქვია ბაბუაჩემის, ლევან ჭელიძის მოთხრობების ციკლს. ციტატა  ჩემს ფილმში - “ერთხელ ქუთაისის ბაზარში ჯოკონდა ვნახე, მწვანილს ყიდდა”, ამ კრებულში შესული ერთი მოთხრობიდანაა, რომელსაც “ლეონარდო და ვინჩი” ჰქვია, მაგრამ მაყურებელს დააბნევდა, ციტატას ჯოკონდაზე ლეონარდო და ვინჩის თუ მივაწერდი. ეს ციტატა მოთხრობის პერსონაჟის - ქუთაისელი პოეტის ლექსიდანაა და ძალიან მომწონს, რადგან მართლა ზუსტად გამოხატავს იმ მუდმივი გაკვირვების და მოულოდნელობის მდგომარეობას, რომელიც ქუთაისში ყოფნისას გაქვს.

ლევანი სცენარისტი იყო და მისი  ყველაზე ცნობილი ნაწარმოები « პირველი მერცხალია».   ძალიან მიყვარს მისი სცენარის მიხედვით გადაღებული მოკლე ფილმი “შნო” .

თ.კ:  დავალება 8 .« გააგრძელე სია : სოსო ჩხაიძე, რობერ ბრესონი, ერიკ რომერი, ჯულაინ რედლმაიერი, ბაადურ წულაძე, ძმები ლუმიერები, საშა რეხვიაშვილი…

ს.კ. ყველაზე ძალიან ვინც მიყვარს იმის სახელი დამავიწყდა. ჰო,  დოდო აბაშიძე. ესე სახელების ჩამოთვლაც უხერხულია ცოტა. თავისთავადია, რომ კონკრეტულ ფიგურებს პატივს სცემ და გიყვარს. შეგვიძლია, ტოშირო მიფუნე მივამატოთ მაგ სიას, მგონია, რომ გიორგი ბოჭორიშვილი მიფუნესნაირი მრავალმხრივი მსახიობია და მინდა, რომ ბევრი სხვადასხვანაირი ფილმი გავაკეთოთ ერთად. კიდევ ვახსენოთ - გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია. საოცარი ვარსკვლავები არიან და ხანდახან მათ თამაშებს სტოპკადრებად რომ ვუყურებ მგონია, რომ ცეკვავენ. საერთოდ, სპორტსმენები ძალიან მხიბლავენ. დიდი ტალანტის პატრონები არიან. ავთანდილ ჭრიკიშვილის ბრძოლებს რომ აჩერებ, ისეთ სილამაზეებს აკეთებს, შეიძლება, გაგიჟდე.  ერთ-ერთი ყველაზე ნაღვლიანი მომენტი იყო ჩემთვის, როცა ვერ მოიგო ოლიმპიადა. მაქვს მისი ბოლო ბრძოლაც  “დასქრინშოთებული”, სადაც ძალიან დიდი ტკივილი ჩანს. ბევრი იყო წელს ემოცია სპორტიდან. ეს წაგებული ჭიდაობის ფინალი ოლიმპიადაზე…ვერ გამოვედი მაგ დარდიდან, მაგრამ მგონია, რომ ეგ ბიჭი კიდევ იტყვის თავის სათქმელს. ლაშა ტალახაძეზე რა უნდა თქვა ან ბექაურზე, და საერთოდ, ძიუდოისტები, მოჭიდავეები ძალიან მიყვარან ყველანი. ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს ჩვენს ფილმშიც ვახსენებთ და აქაც ვიტყვი მის სახელს.

დღეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ « მიმინოს » ვუყურებდი და შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ბუბა კიკაბიძეც მთელი გულით მიყვარს. ეგეთი მსახიობი ძალიან ცოტაა. მერე რა, ვის არ შეშლია. ჩემთვის ყველაფერი ეპატიება. არ ვაძლევ პოლიტიკურ შეუწყნარებლობას იმის უფლებას, რომ ვიღაცის სიყვარულში ხელი შემიშალოს. « არ დაიდარდო «  ჩემთვის ისეთივე მოკაშკაშე ვარსკვლავია, როგორც « თუში მეცხვარე » და «  არ დაიდარდო » ბუბა კიკაბიძის გარეშე ვერ იქნებოდა.

პირველი ტალღის დროს, როცა ფილმს ვამონტაჟებდი ბერლინში ვიყავი.  მაშინ გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა. ვიჯექი და ვუყურებდი ფილმებს. მახსოვს, « ერთი ნახვით შეყვარებასაც » ძალიან ბევრჯერ ვუყურე და ვუსმინე რეზო ესაძეს, რომელიც ჰყვება, როგორ იღებდნენ ამ ფილმს... მაგრამ ესე უსასრულოდ შეიძლება ადამიანების ჩამოთვლა.

თ.კ:  დავალება  9. « ამოიკითხე ერთ წინადადება « იდეების ბლოკნოტიდან »

ს.კ. თან მაქვს მხოლოდ ტელეფონი, აქაც ვინიშნავ ხოლმე. ბევრი რამეა. აი, მაგალითად: ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ. მამაჩემი შემოვიდა ოთახში და მეუბნება, რომ გადაცემა იყო სანეევზე, რომელსაც სამხტომში ოქროს სამი მედალი ჰქონდა და მეოთხეჯერ ვერცხლი აიღო. ბოლო შეჯიბრზე მეტოქემ აჯობა. სანეევი ჰყვება, რომ ხშირად ნახულობდა ბოლო შეჯიბრის ვიდეოჩანაწერს და აღმოაჩინა, რომ მეტოქეს წესების დარღვევით მოუგია. მე ვუპასუხე, რომ სამი ოქროს მერე ერთი ვერცხლი არც ისე ცუდი შედეგია მაგრამ მამაჩემი მიყვება, რომ ოლიმპიადის გასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხშირად  ხედავდა  სანეევს წყნეთის ტყეში მარტო ჩამომჯდარს და თავჩახრილს; მგონი ძალიან ნაღვლიანი სურათია .

თ.კ:  « ფენოვანი ხაჭაპური »

ს.კ. ვჭამოთ? ფენოვანი ხაჭაპური ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. ადრე უფრო, მაგრამ ახლაც. რომ მშივდება, პირველი ფენოვანი ხაჭაპური მახსენდება. მითუმეტეს, გარეთ თუ ვარ. ძველი  « ბაბილონის » წინ რომ საცხობი არის, გახსოვს? დღეს კარგ ფენოვანს თბილისში იშვიათად იშოვი. ბავშვობაში, დილას ავტობუსისთვის ლარს რომ გაძლევენ, ტროლეიბუსით დადიხარ და იმისაც არ იხდი, რომ მერე ფენოვანი  და “კოკა-კოლა” იყიდო. ეზოში ყველა ნიძლავი, ძირითადად ფენოვანზე იყო ხოლმე.  მე ისიც მახსოვს, რომ ბებიასთან ერთად ძველ “ლაღიძეში” დავდიოდი, სადაც იყო ცოტა უფრო პატარა, მაგრამ მსუქანი ფენოვანი ხაჭაპურები. დღეს რომ ეს ადგილი აღარ არსებობს, ტრადიციის მიზანმიმართული განადგურება მგონია. “ლაღიძის წყლები” და ფენოვანი ხაჭაპური გადაჯაჭვულია ჩემს მეხსიერებაში და ისაა, რისი დიდი ნოსტალგიაც მაქვს.

თ.კ:  რომელ ანარეკლში ცნობ საკუთარ თავს?  

ს.კ. ძალიან სენტიმენტებში რომ არ წავიდე, უფრო ყოფით რამეს ვიტყვი. დაახლოებით ოთხი წლის წინ, მე და ჩემი ძმა  პირველად წავედით ჩვენს საგვარეულო სოფელ ცხმორში. 90-იანებში რაჭაში მიწისძვრა მოხდა, ჩვენი სახლი დაინგრა, აღარ ადიოდნენ ჩვენები და ამიტომ მანამდე არასდროს ვყოფილვართ. სოფელი დაყოფილია უბნებად. ერთ მხარეს უფრო მაისურაძეები ცხოვრობენ, ჩვენ მხარეს - კობერიძეები. იქ აღმოვაჩინე, რომ რაც ჩემი პირადი თვისება მეგონა, თურმე საზიარო ყოფილა უმეტესობა კობერიძესთან.  მივხვდი, რომ ეგეთ « კოლექტიურ » თვისებებს კი არ უნდა ებრძოლო, არამედ - გასაქანი მისცე. ძალიან საინტერესო იყო იმის დანახვა სხვა ადამიანებში, რაც ჩემი პირადი მეგონა. აღმოჩნდა, რომ ყველას ერთად გვჩვევია საყოფაცხოვრებო პრობლემების სპონტანური და კუსტარული მეთოდებით დღეს ისე მოგვარება, რომ ზეგ ისევ შესაკეთებელი  ხდება. ძალიან სასაცილო შედეგები აქვს ხოლმე ასეთ მიდგომას, მაგრამ, იდეაში, რა ჯობია,  თუ შენით აგვარებ პრობლემას იმ მომენტში შენთვის ხელმისაწვდომი მასალებით? ჟაკ ტატი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ისეთი ხალხისთვის ვიღებ ფილმებს, რომლებიც გაფუჭებულ რაღაცებს თავისი ხელით აკეთებენო.. ჰოდა,  ეგენი ჩვენ ვართ - ცხმორელი კობერიძეები.



ტექსტი:  თამარ კალანდაძე
ვიდეო: თამარ კალანდაძე
მონტაჟი: თამარ კალანდაძე, შალვა დევდარიანი
ფოტო: თამარ კალანდაძე

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა