გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სამუშაო სივრცე

სამუშაო სივრცე

მისამართი: 3 აკაკი ხორავას ქუჩა, თბილისი, 0179
კონტაქტი: 591 11 81 11    
 
„ბავშვები არ მაცლიან“; „დედაჩემს ანთებული შუქი და ხმაური აწუხებს“; „ოფისი ჯერ არ გვაქვს და კაფე-კაფე ვიკრიბებით“; „პროექტი ვერ ჩავაბარე, რადგან ბოლო წუთს პრინტერმა გაჭედა და დავაგვიანეთ“; „თუ არ ვხედავ, რომ გვერდზე სხვაც მუშაობს, ყურადღება მეფანტება და ვერაფერს ვაკეთებ“ ‒ მილიონნაირი არგუმენტი შეიძლება არსებობდეს დავიწყებული იდეის, გაცდენილი ვადის, დაუმთავრებელი სამუშაოს გასამართლებლად. ადგილი, რომელიც ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, ყველა ამ არგუმენტს აბათილებს. Vere Loft-ი, რომელიც ერთი შეხედვით სტანდარტული სამუშაო სივრცეა (co-working space), განსაკუთრებულ კომფორტს, სიმყუდროვეს, საქმიან განწყობასა და სარელაქსაციო კუთხე-კუნჭულებს სთავაზობს ყველას, ვისაც კრეატიული იდეა აწუხებს ‒ აპლიკაციას წერს, ლექსის რითმას ეძებს, თუ ცათამბჯენს აპროექტებს.

co-working space ‒ სივრცე გუნდური მუშაობისთვის, სადაც ადამიანები, მარტო ან მეგობრებთან ერთად, სამუშაოდ დადიან ‒ ეს თანამედროვე ურბანული კონცეფცია რამდენიმე წელიწადს ითვლის, საქართველოში კი ცოტა ხნის წინ შემოვიდა. Vere Loft-ი ბევრი რამით გამოირჩევა, მათ შორის:

საუკეთესო ხარისხის ტექნიკა (ისეთი იშვიათი დანადგარები, როგორიცაა არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის ასე საჭირო რენდერის მანქანა, HP Plotter-ი);

ხალისიანი, ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე მომსახურე პერსონალი;

ინტერიერის დახვეწილი და საავტორო დიზაინი (აქ მასიური ხის მაგიდები იქნება, ბიბლიოთეკის თაროები, ჭერის და სადგამი სანათები თუ შავი ტყავის რბილი პედები კომპიუტერისთვის ‒ ყველაფერი ხელნაკეთი და ექსკლუზიურია);

მომსახურების სხვადასხვა პაკეტი (თუმცა ასევე მზად არიან, დრო, სივრცე და მომსახურება მთლიანად მოარგონ თქვენს საჭიროებებს);

საავტორო სტილში აწყობილი საცავები (შეგიძლიათ, ჩაკეტოთ პირადი ნივთები და ცოტა ხნით გაისეირნოთ);

საგანგებოდ ამ სივრცის, განათებისა და განწყობისთვის შერჩეული უნიკალური მცენარეები;

მოხერხებული ზონირება (დიდ ფანჯრებთან სამუშაო მაგიდები დგას, სიღრმეში ცალკე ‒ ბარია, ცალკე ‒ ლაუნჯი მათთვის, ვისაც რბილ სავარძელში მუშაობა ურჩევნია, იქვეა ‒ ჰამაკები და შეზლონგები, სადაც ან იდეაზე იფიქრებთ წყნარად, ან უბრალოდ განიტვირთებით; ზედა სართულზე „სათამაშო ოთახია“ ‒ კომპიუტერული თამაშებისთვის, მეორე მხარეს კი, უფრო მყუდროდ მოწყობილი სამუშაო მერხები);

ბიბლიოთეკა (სხვადასხვა სპეციფიკაციის, სფეროს შესახებ იშვიათი უცხოენოვანი გამოცემები, რომელთა რიცხვიც კიდევ უფრო იზრდება);

უფრო კამერული საკონფერენციო სივრცე, სადაც 15-კაციანი გუნდი თავისუფლად მოაწყობს შეხვედრას;

მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, ცხადია, აღარაფერს ვამბობ.

24-საათიანი დღის რეჟიმი (დიახ, არ მოგესმათ, Vere Loft--ი არასდროს იკეტება).

ეს მუდმივი ღიაობა განსაკუთრებით კომფორტულია კლიენტებისთვის. ერთ-ერთი მათგანი, პროგრამისტი დიმიტრი ყურაშვილი მეც გავიცანი. Vere Loft-ში საღამოობით მიდის ხოლმე, რადგან ამერიკელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს და სხვა დროის სარტყელზე გადართვა უწევს. დიმიტრის მოსწონს ის, რომ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია, თავის „პროგრამულ მუზებს“ მზად დაუხვდეს და მყუდროდ იმუშაოს, მით უმეტეს, რომ იქვე ყავასაც ახვედრებენ და ხალისიანადაც ხვდებიან.

გავიცანი პროგრამისტი ბიჭებიც, რომლებიც ძალიან გამოსადეგ აპლიკაციას Vere Loft-ში წერენ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომფორტის გარდა, მეუბნებიან, რომ აქ იდეებისა და ემოციების გაზიარების შესაძლებლობა მოსწონთ. მათი აპლიკაცია ხომ ჩემი და თქვენნაირი ადამიანებისთვისაა, ამიტომ ხშირად აზრს იქვე მომუშავე სხვა კლიენტებს ეკითხებიან და გზადაგზა ხვეწენ პროექტს.

 „ჩვენი მთავარი მიზანია, საქმემ ილაპარაკოს ჩვენ ნაცვლად. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ღია ვართ ყველა მომხმარებლისთვის, რათა გავიგოთ მათი მოთხოვნები და შევქმნათ იდეალური სამუშაო გარემო, რითიც, სამწუხაროდ, საქართველოში განებივრებულები არ ვართ“, ‒ ამბობს Vere Loft-ის თანადამფუძნებელი, ეკა თუშიშვილი.

აქ შესვლისთანავე იგრძნობა, რომ უამრავი ახალი იდეა ტრიალებს, სულ მომავალზე, პერსპექტივაზე, მიზნებსა და გეგმებზეა საუბარი. ნოვაციები, თითქოს, ჰაერშია. დამფუძნებლების მიზანიც ეს იყო: მოეწყოთ სივრცე, სადაც დაიწერებოდა მომავალი წარმატებული პროექტები, ყველაზე წარმოუდგენელი იდეები იქცეოდა რეალობად, ადამიანები გამოცდიდნენ ისეთ შეუდარებელ გრძნობას, როგორიც შემოქმედებითი მუშაობის სიამოვნებაა და ამას ერთმანეთს გაუზიარებდნენ.

 „ცხადია, აქ ყველას შეუძლია სამუშაოდ მოსვლა, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს ნოვაციები, ახალი ტექნოლოგიები, საიტების შექმნა იქნება თუ კოდირება, არქიტექტურა, დიზაინი და ვიზუალი, გვაინტერესებს თანამშრომლობა სტარტ-აფებთან, რადგან გვინდა ისტორიის ნაწილი გავხდეთ ‒ როცა სტარტ-აფი წარმატებული გახდება, ჩვენ გვეცოდინება, რომ მათი იდეის წარმატებაში Vere Loft-საც შეტანილი ჰქონდა წვლილი“, ‒ ამბობს დათო თუშიშვილი, კომპანია Tushiconcept –ის დამფუძნებელი, რომელიც Vere loft-ის კრეატორია. მისი თქმით, კომპანია Tushiconcept-ი არ აპირებს ამ პროექტზე შეჩერებას და გეგმავს, უფრო კომპლექსური და ფართო ინოვაციური პროექტები განახორციელოს.

გამოსვლის დროს, კართან მიდგმულ მოლბერტს ვაკვირდები ‒ ვისაც უნდა, თავის სავიზიტო ბარათს ტოვებს, რადგან აქაურობა ახალი პროფესიონალების გასაცნობად, მომავალი თანამშრომლობის დასაგეგმადაა. ახლა ვარ დიდ ფიქრში ‒ მალე მინდა, რამე გენიალურმა იდეამ დამარტყას, რომ Vere Loft-ში დაბრუნების საბაბი კვლავ მქონდეს. როგორც დათო თუშიშვილმა მითხრა, ეს ხომ მართლაც ისეთი ადგილია, რომელიც „სახლზე უფრო კომფორტულია“ სამუშაოდ. ანუ გამოდის, სიმართლეა ის, რაც Vere Loft-ის ტრაფარეტზე წერია: Co-living ‒ აქ თანაცხოვრებაა. 

ავტორი: თამარ კვინიკაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა