სახელობითი ღვინო და საკუთარი ვაზი ღვინის სამშობლოში
საქართველოში მეღვინეობა 8 000 წელს ითვლის და ამ ტრადიციების გაგრძელება დღეს უკვე ნებისმიერს შეუძლია, თანაც, ინტერნეტის მეშვეობით და სახლიდან გაუსვლელად.
არც თუ შორეულ წარსულში, 2013 წელს, როდესაც იუნესკომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, ვერავინ იფიქრებდა, რომ სულ რამდენიმე წელში, ვაზის გახარებასა და საკუთარი ღვინის დაწურვას, ნებისმიერი შეძლებდა ღვინის სამშობლოში: ქალაქის მაცხოვრებლები, რომლებსაც მუშაობა სოფლიდან შორს, ურბანულ, ქაოტურ გარემოში უწევთ; საზღვარგარეთ მყოფები, ქვეყნის სტუმრები, თუ უბრალოდ საქართველოზე და ქართულ ღვინოზე შეყვარებული ადამიანები.
დღეს ეს უკვე შესაძლებელია. ერთ-ერთი გზა კი უნიკალური ონლაინ პორტალია - www.vvine.ge. ამ მისამართზე მსურველი შეძლებს, ამოირჩიოს ვაზის ჯიში თავისი ან საყვარელი ადამიანის სახელზე და შეიძინოს ის. პირველი მოსავლის აღებას საშუალოდ, ოთხი წელი უნდა, თუმცა მანამდე, თქვენ მიიღებთ სპეციალურ QR კოდს და სერთიფიკატს, ოთხ დღეში კი უკვე იმავე ჯიშის ყურძნისგან დაწურულ სახელობით ღვინოს სასურველი რეგიონიდან. ვაზი თქვენ მიერ შერჩეული ადამიანის სახელზე გაზაფხულზე დაირგვება და მის მოვლა-გახარებაზე „ვივაინის“ პარტნიორები, - ახალგზრდა, ენერგიული, კრეატიული მევენახეები იზრუნებენ თქვენგან დამოუკიდებლად, ანდა, თუ სურვილი და დრო გამონახეთ, თქვენთან ერთად - ნერგების დარგვა, ადგილზე მონახულება და რთველში მონაწილეობა (და ბუნებრივია, რთველის შემდეგ ერთად მოლხენა), რა თქმა უნდა, შესაძლებელი და მისასალმებელია.
სტარტაპის ავტორების თქმით, სახელობითი ვაზისა და ღვინის პროექტმა უკვე არაერთი ადამიანი გაახარა: ადამიანები, რომლებიც მეგობრებს ამ სახის საჩუქარს უკეთებენ, ორგანიზაციები; დამკვეთები ასევე ხშირად არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათი სტუმრებიც, რომლებიც აღტაცებას ვერ მალავენ საკუთარი ვაზის დანახვისას.
თუმცა, ეს პროექტი არა მხოლოდ ორიგინალური საჩუქრის გაკეთებას ემსახურება, არამედ მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა, გადაშენების პირას მყოფი ყურძნის ჯიშების გახარება, ადგილობრივი მევენახეებისა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა, რომლებსაც გამოარჩევთ თანამედროვე ხედვა, გარემოსადმი მგრძნობელობა და პროდუქტის ხარისხი, რასაც საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული აღიარება და ჯილდოებიც მოწმობს.
უფლისციხის კლდეში ნაკვეთი უძველესი საწნახელი, ყანწიანი კაცუნა - ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნის ბრინჯაოს ქანდაკება „თამადა“, საქართველოს გაქრისტიანების მთავარი სიმბოლო - წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, შუასაუკუნეების ტაძრების ფასადების ბარელიეფები, ღვთისმშობლის საგალობელი „შენ ხარ ვენახი”, თუ სერგო ზაქარიაძის გმირის ამაღლევებელი ამოძახილი: „აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო“ - ეს ჩამონათვალი, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია: ვაზი, ყველა დროის საქართველოს სიმბოლოა: წარმართულის თუ ქრისტიანულის, ძველის თუ თანამედროვეს. დღეს კი მის გახარებაზე, VVINE-ს პლატფორმის მეშვეობით, ნებისმიერს შეუძლია იზრუნოს და სულ მარტივად იქცეს იმ ერთ-ერთ მოქმედ გმირად, რომლებიც უხსოვარი ტრადიციის თანამედროვე ისტორიის ფურცლებს შექმნიან.