სისწრაფე, სიჯანსაღე და კულინარია
ინდუსტრიული, მინიმალისტური, ნატურალისტური – ინტერიერი, რომელშიც თქვენც მალე შეაბიჯებთ, ბევრი სხვა მსგავსი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ, მაგრამ პირველი სიტყვა, რაც გაგვახსენდება, ფერია – წითელი. წითელი კაფე. იგივე რედ კაფე – ახალი და დიდი, საინტერესო და აუცილებლად მოსანახულებელი დანიშნულების პუნქტი თავისუფლების მოედნის კუთხეში მათთვის, ვისაც სამსახურიდან შესვენებაზე გამოსვლისას სწრაფად და გემრიელად ჭამა სურს.
რადგან კაფეტერიაზე ვსაუბრობთ, რედ კაფეს შემთხვევაშიც გადამწყვეტი, ცხადია, სისწრაფეა, მაგრამ არა – მთავარი. ეს სისწრაფე რედ კაფეში ბევრი სხვა დახვეწილი ნიუანსითაა გაჯერებული, რაც გადარბენაზე ჭამას აქ სრულფასოვან კულინარიულ რიტუალად გარდაქმნის; უბრალო კაფეტერიაში ყოფნის შეგრძნებას კი დახვეწილი ინტერიერი აქრობს – ოქროსფერორნამენტებიანი ცისფერი კანტები კოლონებსა და ჭერზე, წიგნების თაროებით სავსე შიგნიდან განათებული ყავისფერი ხის კედელი, ღია ფერის ხის თანამედროვე ავეჯი.
ინტერიერს ასე დეტალურად იმიტომ აღგიწერთ, რომ ამ ახალ რედ კაფეში კონტრასტით თამაში მიზიდავს. აქ შემოსულს არც ის მავიწყდება, რომ მშრომელ კლასს წარმოვადგენ, მაგრამ ისიც სასიამოვნოდ მახსენებს თავს, რომ ზოგჯერ ფუფუნებას და განტვირთვას ვიმსახურებ – თუნდაც სულ ნახევარი საათით – შესვენებაზე გამოსვლისას.
ასეთივე კონცეფცია, ცხადია, მენიუშიც გადადის. როგორც მითხრეს, ახალ რედ კაფეში მზარეულები სისხამ დილით იწყებენ შრომას იმისთვის, რომ 9-ზე კარი გაიღოს და პირველი მოსაუზმეები შევიდნენ, თუნდაც პირველი ფინჯანი ყავის დასალევად, რომელიც აქ გამორჩეულად გემრიელი იქნება. თუმცა, რატომ მარტო ყავა. დილის 9-დან შუადღის 12 საათამდე აქ ბევრნაირი ომლეტის, ადგილზე ახლად გამომცხვარი პურ-ფუნთუშეულის გასინჯვაც შეიძლება, უკვე შუადღისას – ლანჩისთვის შესაფერისად გადაკეთებული მზა მენიუ დაგხვდებათ ორიგინალურად მოწყობილ ბუფეტში, თავისი ქორფა სალათებით, წვნიანების ფართო არჩევანით, ცხელ-ცხელი კერძებით და ბურგერებით, ოღონდ დაიმახსოვრეთ, თითოეული ინგრედიენტი სიჯანსაღის გათვალისწინებით იქნება შერჩეული. არავითარი ქარხნული წარმოების სოუსი, არავითარი მზა ფუნთუშები – ყველაფერი აქვე გამომცხვარი, აქვე შეზავებული და აწყობილი იქნება მაქსიმალურად ჯანმრთელი და გემრიელი ასორტიმენტის შესაქმნელად. არც აქაური იტალიური კუთხე უნდა დაგვავიწყდეს – ადგილზე გამომცხვარი პიცები და ნაირ-ნაირი პასტა ისეთივე გემრიელი იქნება, როგორსაც პირველ რედ კაფეში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, უკვე შეეჩვიეთ.
ახლა კი დესერტის დროა, ანდა, ვთქვათ, უბრალოდ ტკბილეულით წახემსება გნებავთ. რედ კაფეში საკონდიტრო ასორტიმენტი არა მხოლოდ მრავალფეროვანია, არამედ ჯანსაღი და ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული. აქაური კონდიტერები ყველაფერს თავიანთ სამზარეულოში ამზადებენ: ამოჰყავთ კრემი, აცხობენ ბისკვიტებს და მერინგეს, ადუღებენ შოკოლადს. ამიტომ აქაური პანა კოტა კიდევ უფრო მსუბუქია, ვიდრე წარმოგიდგენიათ; პრალინიც – გამორჩეული; შუ-ეკლერიც ხრაშუნა და ენაზე დასადნობი. მწვანე „ოპერა“ კი... – ნამდვილი ნოვაცია – ფსტის ფირფიტებითა და მწვანე ჩაით. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. რედ კაფეში ძველ, ტკბილ გემოებსაც გაიხსენებთ – „იდეალი“ როგორი ფაფუკი და თან მძიმე, ბლანტი შეიძლება იყოს, გახსოვთ? და ის თუ გახსოვთ, როგორ უხდება ზამთრის დღესასწაულებს შოკოლადის ტორტი, ანდა ძველებური – ბეზეს ტორტი, მოხარშული კრემითა და მოხალული ნიგვზის ლებნებით?
რედ კაფეში მეუბნებიან, რომ ფრანგულ დახვეწილობას კარგად ნაცნობ ქართულ გემოს უზავებენ და ეს სინთეზი კიდევ უფრო დახვეწილი გამოდის.
დასრულდა თქვენი სამუშაო დღე? თუმცა, უარს არ იტყოდით გემრიელ ვახშამზე? ამ დროისთვის, ანუ საღამოს ექვსი საათიდან, რედ კაფეს ბუფეტი ასრულებს მუშაობას და მთელი დარბაზი სარესტორნო განწყობას ირგებს, მენიუც სარესტორნოდ იცვლის ხასიათს – უკვე იმ კერძის შეკვეთას მოახერხებთ, რაც თავად გსურთ – მაგიდასთან მორთმეული მენიუდან.
თავისუფლების მოედანზე, ახლად გახსნილ რედ კაფეში, შაბათ-კვირის გატარებაცაა შესაძლებელი, თანაც, ბავშვებთან ერთად. დასვენების დღეებში აქ პატარებისთვის კულინარიული მასტერკლასებიც გაიმართება – პატარა მოყვარული კულინარები, მზარეულების მითითებებითა და კარნახით, თავად შეძლებენ კერძების მომზადებას.
ასე რომ, გული მშვიდად გქონდეთ, იკვებეთ გემრიელად და უკან, სამსახურში დაბრუნებამდე, რედ კაფეს შიდა ეზოშიც შეისეირნეთ – ნათელი და ფართო სივრცე, ჭერიდან დაშვებული თეთრი ბურთებით, მცენარეებითა და კომფორტული სავარძლებით – ის ადგილი იქნება, სადაც ადვილად მოიკრებთ ძალას საქმიანი შეხვედრების წარმატებით გასაძღოლად, თემების დასამუშავებლად თუ კოლეგებთან სადისკუსიოდ. რედ კაფეში ინტერიერიც, მენიუც და მომსახურე პერსონალის თავაზიანობა და სისწრაფეც, სწორედ იმაზეა მომართული, რომ თქვენ იკვებოთ გემრიელად და განიტვირთოთ სრულფასოვნად.
გ. ლეონიძე 2, 0105 თბილისი, საქართველო
https://www.facebook.com/RedCafe.ge/