გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სხვა პლანეტა შორიახლოს

სხვა პლანეტა, როგორც ჩანს, ძალიან ახლოსაა ჩემთან. ვეცადე, გამომეჩინა იმ განცდათა გაორება, რომელიც სურათმა შეიძლება გამოიწვიოს.

სურათები უაღრესად პერსონალურია - ჩემს შინაგან გრძნობებს წარმოაჩენს. დისტანციასა და ლანდშაფტთან ექსპერიმენტების დროს ვეცადე, საგნებთან თანადროულად შორს და ახლოს ყოფნის გრძნობა წარმომეჩინა.

ბავშვობის ყველაზე საშინელი კოშმარი - პლანეტების, ციური თუ სხვა მეტაფორული სხეულების სიახლოვე… თითქმის ფიზიკურად ვგრძნობდი მათ არსებობას, მათ დაწოლას ჩემს სხეულზე.

ერთ დღეს, რეალობისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რაც ჩემთვის არც თუ იშვიათია, გადავწყვიტე, მენახა ჩემთვის შეუსწავლელი ადგილი, ჯერ მომენახულებინა, შემდეგ კი მასთან პირისპირ მარტო აღმოვჩენილიყავი.

ვაშლოვანის სურათები ადრეც მქონდა ნანახი. უხეში და უსწორმასწორო კლდეები გარკვეულ შფოთვას იწვევდა ჩემში. მათი პირადად ხილვა ერთდროულად შემაშფოთებელი და განმათავისუფლებელი იყო.

ჩემი ეს შფოთვა გამოწვეულია მათი სხვა სამყაროსეული გარეგნობით - ესაა ბუნდოვანი შესაძლებლობა, რომ ისინი იყვნენ უცხო პლანეტები ჩემს დედამიწაზე. პლანეტები ამაზე მეტად ვერ მომიახლოვდებიან.

სხვა პლანეტა, როგორც ჩანს, ძალიან ახლოსაა ჩემთან - სურათები ასახავს ობიექტებს, რომელთა შორის არსებულ სიცარიელეში შესაძლებელია ჩემი დაუცველობისა და მღელვარების პოვნა. 

ავტორი: მიხეილ ქურდაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა