სტარტაპ მარკეტი: წარმატების პლატფორმა
თუ თქვენ ახლახან მიატოვეთ სამსახური და დაიწყეთ საყვარელი საქმით ფულის გამომუშავება, გამოდის, რომ "სტარტაპერი" ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გამუდმებით ეძებთ მომხმარებელთან წვდომის ახალ-ახალ გზებს. ამიტომ გილოცავთ, თქვენ სათქვენო სტატიას კითხულობთ.
თუ თქვენ მოგწონთ საკუთარი სამსახური და არც არასდროს აპირებთ მის მიტოვებას, და მაინც, ყველაფერი ახალი და საინტერესო გიზიდავთ, გილოცავთ, თქვენ სათქვენო სტატიას კითხულობთ.
ძველად უთქვამთ, რომ ყველაზე დიდი მოგზაურობაც, პირველი ნაბიჯით იწყება, თუმცა ნებისმიერ ნაბიჯს წინ უძღვის არჩევანი და გადაწყვეტილება. ისინი, ვინც უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ისინიც, ვისაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, სულ ცოტა ხნის წინ, Startup Market-მა შეკრიბა და შესანიშნავი ივენთების სერიაც მოუწყო.
როგორც პროექტის შემქმნელებმა ამიხსნეს, Startup Market-ი არის მოძრავი სავაჭრო მარკეტი, რომელიც სხვადასხვა სივრცეს აითვისებს და მოიცავს ისეთ ინდუსტრიებს, როგორებიცაა: კვება, აქსესუარები, ტექნიკა, ტანსაცმელი, სასმელი, მუსიკა, ხის პროდუქცია, სახლის დეკორი, სერვისი და სხვა. ამ პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს სტარტაპერებს ახალი პროდუქციის წარდგენასა და გაყიდვაში. თუმცა მთელი ეს პროცესი გამოირჩევა ერთი უნიკალური და საინტერესო ნიუანსით: ეს ყველაფერი აუცილებლად იქნება შერწყმული გართობასთან, რათა სტარტაპერებიც და მათი მომხმარებლებიც ბოლომდე კმაყოფილები დარჩნენ ერთმანეთის აღმოჩენის ფაქტით.
სწორედ ასეთი უნიკალური და საინტერესო იყო Startup Market-ის ის სამი ულამაზესი ივენთი, რომელიც იპოდრომის პარკში გაიმართა.
პირველი ივენთი 26 ივნისს შედგა, მასში სამი სტარტაპერი, Le Ponchik, Ukve და Burger Pipes Joint-ი მონაწილეობდნენ. სამივე მათგანი კვების ინდუსტრიას წარმოადგენენ. Le Ponchik-მა ოდესღაც ყველასათვის საყვარელი პონჩიკების დაბრუნება გადაწყვიტა ხალხისთვის, რაც საკმაოდ გემრიელადაც გამოსდის. Ukve ძირითადად აზიურ სამზარეულოზე ორიენტირდება, ხოლო Burger Pipes Joint-ი შეეცდება, დაამსხვრიოს ბურგერებთან დაკავშირებული ყველა ნეგატიური სტერეოტიპი საქართველოში.
მეორე ივენთი 9 ივლისს ჩატარდა და მასზე წარმოდგენილი იყვნენ სტარტაპერები ტანსაცმლისა და აქსესუარების ინდუსტრიიდან: ხელნაკეთი აქსესუარების მწარმოებელი Qabzo, ტანსაცმლის მწარმოებელი Person და Alter Socks, რომელიც ძალიან სახალისო წინდებს ქმნის.
მესამე და დასკვნითი ივენთი 17 ივლისს გაიმართა, რომელიც სამ ქართველ დიზაინერს, ანუკა თავართქილაძეს, ია ქუთათელაძესა და სანდრო ლომინაშვილს დაეთმო. სამივე მათგანმა საკუთარი დიზაინით შექმნილი სრულიად უნიკალური სკამები გამოფინა.
ამ ივენთებს ფონად გამუდმებით გასდევდა სიტუაციის შესატყვისი, სწორად შერჩეული მუსიკა და მე ვიტყოდი, რომ სწორედ ეს იყო „ურთიერთობა“, ჩაიკითხეთ ლაინაფი და თავად დარწმუნდით.
Line up:
Dudey / The Checkered / Ert-Erti Direktori / Ash / Helen Kalandadze & Dj Goga G / SALIO / TeTe Noise / † Mokü Mokü † / Misho Urushadze/ Maiden OBEY
მომხმარებელთა რაოდენობითა და ენთუზიაზმით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ამ სტარტაპერს ნამდვილად დიდი მომავალი აქვს თავის ინდუსტრიაში. მით უმეტეს, რომ Startup Market-ის შემქმნელების თქმით, წინ კიდევ უამრავი, ამაზე უკეთესი ივენთი გველის. ასე რომ, თქვენ, ვინც უკვე გადაწყვიტეთ ან თქვენ, ვინც მომავალში გადაწყვეტთ, გადადგათ პირველი ნაბიჯი სტარტაპერობისკენ, - კეთილი მგზავრობა.
P.შ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ფეისბუკ გვერდს Startup Market.