გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

Tasleemah | ჰალლა ბინთ ხალიდი

4 ნოემბერს, თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საუდის არაბეთის პრინცის შვილის ჰალლა ბინთ ხალიდის პერსონალური გამოფენა გამოფენა სახელწოდებით Tasleemah გაიხსნა.  

ექსპოზიცია რეტროსპექტული ტიპის არის  და დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ხელოვანის მიერ მისი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე შექმნილი ნამუშევრები იხილოს.

Tasleemah - არაბული მისალმების გარდა სხვა შინაარსების მატარებელი სიტყვაა. ის ქალის სახელიც არის, რომელიც დანებებას, მშვიდობასა და ფუნქციებისგან განდგომას ნიშნავს.

Tasleemah-ს პირველ ნაწილში დამთვალიერებელი ბინთ ხალიდის დიდ ტილოებზე შესრულებულ ადრეული პერიოდის იმ ნამუშევრებს იხილავს, რომლებიც (ცოცხალი მოდელებითა და დადგმული სიტუაციებით) მის საუდის არაბეთიდან მომდინარე მემკვიდრეობასთან და იმ დროის აკადემიურ მხატვრობასთანაა ახლო. აქ საუდის არაბეთი ბუკოლიკურ ჟანრთან მიახლოებული სტილითაა გამოსახული. ნახატების ეს ჯგუფი არა მხოლოდ ლანდშაფტებს, არამედ პორტრეტებსა და ავტოპორტრეტებსაც აერთიანებს. ისინი კლასიკურ აღმოსავლურ სტილშია შესრულებული, სავსეა ხასხასა ფერებითა და შთაბეჭდილებებით. ამ ნამუშევრებში ვხედავთ, თუ როგორ ქმნის ხელოვანი თავისი მომავალი შემოქმედების საფუძველს.

გამოფენის მეორე ნაწილი ხელოვანის მიერ შესრულებულ იმ ცნობილი წიგნების ილუსტრაციებს დაეთმობა, რომლებმაც მას როგორც ბავშვთა წიგნების ილუსტრატორს გაუთქვა სახელი და 1997 წელს მის მიერ გამომცემლობის დაარსებას შეუწყო ხელი. ამ ნახატებში ვხვდებით უფრო დახვეწილ პერსონაჟებსა და ერთმანეთში გადახლართულ სიუჟეტურ თხრობას, ვხედავთ თუ როგორ იქმნება ლიტერატურისა და ფანტაზიის გადაკვეთით ჯადოსნური სამყარო.

გამოფენის ყურადღების ცენტრში მოქცეულია ბინთ ხალიდის მრავალკომპონენტიანი თანამედროვე ნამუშევარი, კერძოდ კი მისი სერია “ცოლი არის… ქმარი არის” (“A Wife is... A Husband Is”, 2019), სადაც ის თანამედროვე კაცისა და ქალის ყოველდღიური ცხოვრების თანმდევ ნივთებს ბოლოდროინდელი კაპიტალიზმისა და კონსუმერიზმის ყველაზე ესთეტიზებული ენით წარმოგვიდგენს და ამ სრულიად ბანალურ საგნებს გენდერული ქმედების მონიშვნის მექანიზმებად აქცევს. ხელოვანი თავისუფალ ბაზარზე მათი სემიოტიკური ღირებულების ლეგიტიმაციას ახდენს და ამგვარად არა მარტო ყოველდღიური ცხოვრების, არამედ მნიშვნელობის კაპიტალისტური წარმოების, ვიზუალური კულტურის გენდერული კუთხით  არსებული მიკერძოებების ძლიერ ფემინისტურ კრიტიკას უერთდება. ერთად შეკრული პატარა ზომის ნახატები თამაშისა და მოხმარების წინააღმდეგობრივ ეფექტს აღწევენ.

პრინცესა არის ხელოვანი, რომელმაც ბოლო ათწლეული რადიკალური შესაძლებლობების საშუალებით ექსპერიმენტების ჩატარებაში გაატარა. სკულპტურული ობიექტები ავსებენ ზემოთ ნახსენებ სერიას, აფართოვებენ მათთან დაკავშირებულ გააზრებულ სურვილებს. ამას ემატება სინათლით განათებული ყუთები, რომლებზეც არაბული ანდაზებია გამოსახული; მატერიალური ელემენტები, რომლებიც სენსორული გამოცდილების მიღებისთვისაა საჭირო. მისი შემოქმედება მატერიალურობისა და მნიშვნელობის გადაკვეთისას კრიტიკულ აღქმაში ერთიანდება. ბინთ ხალიდიმ თავის თავდაპირველ ტექნიკასთან, დიდ ტილოებზე ხატვასთან დაბრუნება დაიწყო. მან ასევე გაიხსენა მუსულმანური რწმენა და მასში ქალის ასახვაც. ხელოვანი უფრო მეტად ემოციურია და უფრო ინტენსიურად გამოხატავს ვალდებულებას Tasleemah-ს მიმართ, თუმცა ამავე დროს ინარჩუნებს ანონიმურობას და განცალკევებულ პოზიციას. როგორც ხელოვანი და მაცხოვრებელი, რომელიც სხვადასხვა სამყაროს შორისაა გახლეჩილი, ჰალლა ბინთ ხალიდი კომპლექსური საკითხების განხილვისკენ ისწრაფვის. მას აინტერესებს სხვადასხვა სიმართლისა და ამბის ერთდროული თანაარსებობა, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე რთული პარადოქსი, რომელიც ტრადიციული ღირებულებების გაქრობასა და მათ მაგივრად არაფრის შეთავაზებასთანაა დაკავშირებული.

21-ე საუკუნის საუდის არაბეთის ხელოვანთათვის დამახასიათებელია ნამუშევრების თემატურად თანამედროვეობასა და ტრადიციებს შორის არსებული ბრძოლის გარშემო გაერთანება. მათგან განსხვავებით ბინთ ხალიდი თავის თავს უფრო სარისკო მდგომარეობაში აქცევს. მისი აზრით, ტარდიციებს გადასარჩენად ინოვაციები სჭირდებათ, თანამედროვეობა კი მსოფლიო ჭეშმარიტებისკენ სწრაფვაში დოგმებითაა შეპყრობილი. ღირებულებებსა და მნიშვნელობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმოდგენილ ნამუშევრებში იმგვარი ჰეტეროგენული სტილითაა ნაჩვენები, რომ შეუძლებელია მათი ზუსტი წყაროების გაშიფვრა. ხელოვანი ამბივალენტურია მის მიერვე დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემაში, რადგან ის ძირითადად მეთოდოლოგიას და არა შემოქმედებით ჟესტს გვთავაზობს. ეს მას აძლევს საშუალებას, საკუთარ დისკურსს სისტემატურად უცვალოს ფორმა და მას სუბიექტურობაზე უარის თქმის გარეშე უსასრულო მიმართულებები მიანიჭოს. მიუხედავად შემოქმედების ფართო სპექტრისა, ხელოვანისთვის ცენტრალურ პრობლემად შემოქმედებითი წარმოსახვა რჩება. თუმცა მისი შინაგანი ვიზუალური ცნობიერება ასევე კრიტიკითა და ლიტერატურითაცაა დასახლებული. ამ ნამუშევრების თბილისში, კიდევ ერთ კულტურათა გზაგასაყარზე წარდგენა ასევე მათი მულტიკულტურული გზავნილის აღიარებასაც ნიშნავს.

ჰალლა ბინთ ხალიდის შემოქმედება ფიგურატული მხატვრობიდან დაწყებული - ციფრული ხელოვნებით დასრულებული უამრავ ელემენტს მოიცავს. ის ქალის მზერის ტრადიციულ სიმბოლიზმთან არის დაკავშირებული და სხვადასხვა საკითხის კრიტიკულ ფემინისტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ტრადიციების დაცულ სივრცეებსა და თანამედროვეობის დარღვეულ დროს შორის ხანგრძლივი მოგზაურობისას ამბის მოყოლის საზღვრების დასადგენად ხელოვანი მუდმივად მიმართავს ნარატივსა და ნიშნებს შორის არსებულ დაძაბულობას.

გამოფენის კურატორები არიან  სტეფან სტოიანოვი  და ფრანსის სტაფორდი გამოფენა ტარდება საუდის არაბეთის კულტურის სამინისტროსა და მეფე აბდულაზიზის მსოფლიო კულტურების ცენტრის მხარდაჭერით (Ithra). გამოფენის კატალოგის ტექსტების ავტორები არიან კურატორი ბაშაქ შენოვა (Başak Şenova) და ხელოვნების კრიტიკოსი არი ამაია-აკერმანსი (Arie Amaya-Akkermans). რეგიონის მუზეუმში საუდის არაბეთის წარმომადგენელი ხელოვანის პირველი გამოფენა Tasleemah ასევე შუა აღმოსავლეთსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლისა და დიალოგის ახალი შესაძლებლობების განვითარებას გვთავაზობს, როცა კულტურის ცნების ეროვნული იდენტობისგან ჩამოშორება და ხელოვანის შემოქმედების როლის მის უფრო ფართო, გლობალური კრიზისის კონტექსტში განხილვა ხდება.

Tasleemah თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2019 წლის 4 ნოემბერს გაიხსნა და  2020 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა